ბოლნისის ქუჩებში გარევაჭრობა აიკრძალა

0

10799784_680590555389023_2023330773_nბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესაბამისი საჯარიმო სანქციებით დაჯარიმდებიან გარე მოვაჭრეები.

„ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაკონტროლდება ბოლნისის ქუჩებში უკანონოდ არსებული გარე ვაჭრობა. აღნიშნული პირები მიიღებენ გაფრთხილებას, შემდგომ კი დაჯარიმდებიან კონკრეტული საჯარიმო სანქციებით. მიბრძანდნენ ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც არის შესაბამისი პირობები და ივაჭრონ იქ, ამ შემთხვევაში აღარ გამოთქვამენ პროტესტს ბაზარში მოვაჭრე პირები, რომლებიც გარე მოვაჭრეებისგან განსხვავებით იხდიან კონკრეტულ გადასახადს”. – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ ჟორჟოლიანმა.

დღევანდელ სხდომაზე ასევე დამტკიცდა ცვლილებები,  რომლებიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროგრამაში შევიდა. საკრებულოს გადაწყვეტილებით,  კატეგორიების მიხედვით გაიზარდა ერთჯერადი მატერიალური დახმარების ზედა ზღვარი. მიმდინარე წელს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს  ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადად აუნაზღაურდებათ ელექტრო ენერგიის საფასური. ხოლო ოჯახებს,  რომლებიც ცხოვრობენ გაუსაძლის პირობებში, მოუგვარდებათ ინფრასტრუქტურული პრობლემები.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, გამარტივებული წესით მოხდება სოფელ ხატისოფლისთვის სასმელი წყლის ტუმბოს შეძენა-მონტაჟი. სოფელში უკვე სამი დღეა ტუმბო მწყობრიდანაა გამოსული, რის გამოც მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება. გამარტივებული წესით აღნიშნული პრობლემა უმოკლეს ვადაში მოგვარდება.

ამავე სხდომაზე დამტკიცდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულება და ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ერთიანი სახელმწიფო შესყიდვების გეგმა.

სხდომის დასასრულს კი, მოხდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის წარდგენა.


Share.

Comments are closed.