ბოლნისის მუნიციპალიტეტში კონკურსის მეორე ეტაპს 257 ადამიანი გაივლის

0

1368776589_936179_499136803485725_1320636704_nსაჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად ბოლნისის მუნიციპალიტეტში განცხადებების გადარჩევა დასრულდა. დარეგისტრირებული 290  განაცხადიდან  51 ვერ აკმაყოფილებდა კონკრეტულ ვაკანსიაზე მოთხოვნილ კრიტერიუმებს რის გამოც, სამდივნოს მიერ დაწუნებული იქნა.  მათ ელექტრონულად  დაეგზავნათ შეტყობინებები უარის შესახებ, სადაც  განმარტებული იყო, თუ რატომ მოხდა  მათი განცხადებების დაწუნება. კონკურსის მეორე ეტაპზე მონაწილეობას 239 კონკურსანტთან ერთად ის 18 თანამშრომელიც მიიღებს, რომლებიც  2012 წლის 1 ივლისამდე  არიან დანიშნულები. მთავრობის გადაწყვეტილებით,  მათ   მიერ დაკავებულ  თანამდებობებზე  კონკურსი არ გამოცხადებულა. ტესტირებას, რომელსაც გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს 13-14 დეკემბერს,  257 ადამიანი გაივლის.

,,ზოგიერთ ვაკანსიაზე  თითო განცხადებაა შემოსული, ყველაზე დიდი მოთხოვნა  კანცელარიის, იურიდიული განყოფილებისა და გამგებლის თანაშემწეების შტატებზეა.   დაზუსტებული სიები დღეს გადაეგზავნა გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრს, რომელიც ყველა ინფორმაციას ტესტირებასთან დაკავშირებით თავად მიაწვდის თითოეულ კონკურსანტს. ტესტები სამ ენაზე იქნება (ქართული, რუსული და აზერბაიჯანული),  კონკურსანტს საშუალება ექნება  სასურველ ენაზე აირჩიოს ტესტი“. – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ვალენტინა ნავერიანმა.

შეგახსენებთ, რომ  საგამოცდო ტესტები 60 კითხვისაგან შედგება, რომელიც  მოიცავს კონსტიტუციას, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს, საჯარო სამსახურის შესახებ კანონს,  ევროპულ ქარტიას ადგილობრივი  თვითმმართველობის შესახებ, ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსსა და ზოგად უნარ-ჩვევებს. ბარიერი 55%-ით განისაზღვრა.  ტესტირებაზრ ბარიერ გადალახული კონკურსანტები კონკურსის მესამე ეტაპს, გასაუბრებას გაივლიან.


Share.

Comments are closed.