ბოლნისის მუნიციპალიტეტში გამოცხადებულ ვაკანსიებზე განაცხადების მიღების ვადა ამოიწურა – რომელ ვაკანტურ თანამდებობაზე დაფიქსირდა ყველაზე მეტი განცახდი

0

1240651_846533688741085_4003725456972108209_nბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად განაცხადების მიღების ვადა რამდენიმე წუთის წინ ამოიწურა. რამდენმა ადამიანმა გააკეთა განაცხადი 123-ი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად ამას სავარაუდოდ ხვალ შევიტყობთ. მანამდე კი, შევეცადეთ თავად გადაგვეხედა და გაგვეგო თუ რომელი ვაკანსია არის ყველაზე მოთხოვნადი და რომელი ნაკლებად საინტერესო დასაქმების მსურველთათვის.

საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ განთავსებული ვაკანსიებიდან ყველაზე მეტი განაცხადი (34), ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწის (მოქალაქეებთან ურთიერთობის საკითხებში) შტატზეა. რაოდენობრივად (25) მას ასევე მეორე თანაშემწის (არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და გენდერულ საკითხებზე) შტატი მოჰყვება, ერთ-ერთი მოთხოვნადი ვაკანსია აღმოჩნდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის შტატი  ქ. ბოლნისის ადმინისტრაციულ ერთეულში, ქალაქში გამგებლის წარმომადგენლობის 19 მსურველია.  ერთი განაცხადი ერთ ადგილზე, მხოლოდ დარბაზი, წიფორი, ხახალაჯვარი და ჭრეშის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის შტატზე დაფიქსირდა. დანარჩენ ვაკანტურ ადგილებზე განმცხადებელთა რაოდენობა 2-დან 16 -მდე მერყეობს.

საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად ბოლნისის მუნიციპალიტეტმა კონკურსი 12 ნოემბერს გამოაცხადა. ყველა ვაკანტური თანამდებობის დასახელება, სახელფასო სარგო, უფლება-მოვალეობები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები გამოქვეყნდა საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე WWW.hr.gov.ge . კონკურსში მონაწილე მსურველ კანდიდატს რეგისტრაციის გავლა ერთდროულად ხუთ სასურველ შტატზე შეეძლო.

ის პირები, რომლებიც დააკმაყოფილებენ კონკურსის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს გაივლიან შესაბამის ტესტირებას, რომელიც  13-14  დეკემბერს სავარაუდოდ ბოლნისში ჩატარდება.

„ტესტირებას ბოლნისში „გამოცდების ეროვნული ცენტრი“ მას შემდეგ  ჩაატარებს, როცა  შემოსული განცხადებების საფუძველზე გვეცოდინება რამდენი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება, პირველი იქნება საბუთების გადარჩევა, ანუ განცხადებების შესაბამისობა იმ კრიტერიუმებთან, რომელიც არის მოთხოვნილი კონკრეტულ ვაკასიებზე. მეორე ეტაპი ტესტირებაა, ხოლო მესამე გასაუბრება, რომელსაც სპეციალურად დაკომპლექტებული კომისია ჩაატარებს. კონკურსის საფუძველზე ახალ წლამდე კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოში მოხდება კადრების დაკომპლექტება“. –განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.

საკონკურსო ტესტები 60 კითხვით განისაზღვრა. რომელიც მოიცავს კონსტიტუციას, ადგილობრივი  თვითმმართველობის კოდექსს, საჯარო სამსახურის შესახებ კანონს,  ევროპულ ქარტიას  ადგილობრივი  თვითმმართველობის შესახებ,  ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს და  ზოგად უნარ ჩვევებს.  ბარიერი  55%-ით  განისაზღვრა.


Share.

Comments are closed.