ბოლნისის მთავარ ბიბლიოთეკაში ღონისძიება მოეწყო

0

10748591_677484585699620_1660213428_n„უცხოეთის ცის ქვეშ“ _ ასე ერქვა ღონისძიებას, რომელიც დღეს მთავარმა ბიბლიოთეკამ  საზოგადოებას შესთავაზა. მოწვეულმა სტუმრებმა, მკითხველების საშუალებით, კიდევ ერთხელ გადაავლეს თვალი XX საუკუნის გამოჩენილ ქართველ ემიგრანტებს, რომლებმაც უცხოეთში ცხოვრების მიუხედავად, წარუშლელი კვალი დატოვეს საქართველოს ისტორიაში. გრიგოლ რობაქიძე, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ყიფიანი, აკაკი ჩხენკელი, ნოე ჟორდანია, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, შალვა ამირეჯიბი, კარლო ჩხენკელი – ეს იმ ადამიანების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც მიეძღვნათ დღევანდელი ღონისძიება.

„ჩვენი დღევანდელი ღონისძიება მიეძღვნა იმ ემიგრანტებს, რომლებმაც 1921 წელს რუსეთის ანექსიის შედეგად იძულებით დატოვეს ქვეყანა და იქიდან განაგრძობდნენ ბრძოლას  დამოუკიდებლობისათვის. მიუხედავად დიდი მცდელობისა, ამ ადამიანების უმეტესობამ სამშობლოში დაბრუნების ოცნება საფლავებში წაიღეს და უცხოეთის ცის ქვეშ განისვენებენ. ჩვენი ვალია, რომ ახალგაზრდებს მოვუყვეთ მათი ღვაწლმოსილი ცხოვრების შესახებ და სწორედ ამიტომ შევეხეთ ისეთ მტკივნეულ და აქტუალურ თემას, როგორიცაა ემიგრაცია“. –აღნიშნა ბოლნისის მთავარი ბიბლიოთეკის მენეჯერმა შორენა რეხვიაშვილმა.

ემიგრაცია საკმაოდ მტკივნეული და აქტუალური თემაა, თუმცა ჩვენი რეალობა ასეთია. დღესაც ეკონომიური თუ სოციალური პირობების გამო, არაერთი ადამიანი იმყოფება უცხოეთში, მათ შორის ბევრი ბოლნისელია. ღონისძიების დასასრულს,  ემიგრაციაში მყოფ ბოლნისელს,  ხათუნა ქარაიას გამოეხმაურნენ და სამშობლოს მონატრებით გამთბარი მისი ლექსი წაიკითხეს.

„საკმაოდ სასიამოვნო ღონისძიება იყო, რომელიც  XX საუკუნის გამოჩენილ ქართველ ემიგრანტებს მიეძღვნა. მინდა აღვნიშნო, რომ ეს თემა კვლავაც ძალიან აქტუალურია, დღესაც ბევრი ნიჭიერი ქართველი იმყოფება ემიგრაციაში, რომლებზეც ვრცლად შეიძლება საუბარი, თუმცა დროის სიმცირის გამო ბიბლიოთეკის მკითხველები მხოლოდ ამ ადამიანებზე საუბრით შემოიფარგლნენ. დიდ მადლობას ვუხდი ბიბლიოთეკის მთელ კოლექტივს, მოწვეულ საზოგადოებას და მკითხველებს“. –აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების უფროსმა ლია ბუბუტეიშვილმა.

10751820_677484545699624_1567191702_n 10755017_677484502366295_1699169106_n 10808389_677484612366284_1522834824_n

Share.

Comments are closed.