ბოლნისის კულტურის სახლმა ლეო ანთაძეს უმასპინძლა

0

leoლეო ანთაძეს 12 ნოემბერს 80 წელი შეუსრულდა, მოხუცი ეთქმის თუმცა მხნე და ენერგიით სავსეა, 60 წელია სცენაზე დგას და არ იღლება, პირიქით, ახალ-ახალ სახეებს ქმნის და თავისი ოსტატობით ხიბლავს მაყურებელს.

მსახიობობა ძლიან პატარას ნატო ვაჩნაძემ უწინასწარმეტყველა,მაშინ როდესაც საბავშო ბაღში ექიმი აიბოლიტი ითამაშა, მსახიობმა პატარა ბიჭი მუხლზე დაისვა და უთხრა: შენ მსახიობი გამოხვალო.

პირველი წარმატება ფილმმა ,,ყვავილი თოვლზე’’ მოუტანა, მას შემდეგ უამრავი როლი აქვს ნათამაშები. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი წლების წინ ბოლნისს რამდენჯერმე სტუმრობდა. დღეს მისი ჩამოსვლა საქართველოს ეროვნული ფილარმონიის ინციატივით მოხდა. საათი და ოცი წუთის მანძილზე ერთმა მსახიობმა მოგონებები ქვიშხეთიდან სცენაზე გადმოიტანა. ლეო ანთაძემ მწერლების: დემნა შენგელაიას, კონსტანტინე ლორთქიფანიძის, აკაკი ბელაშვილის, ნოდარ დუმბაძისა და გურამ დოჩანაშვილის შესახებ შეგროვილი კურიოზული ამბები გაიხსენა და მათი ნაწარმოებებიდან ეპიზოდები ითამაშა. სცენაზე მაყურებლისთვის საყვარელი გმირები გაცოცხლდნენ.

80 წლის მსახიობის მიერ დადგმულ მინი სპექტაკლებს საქართველოს ყველა კუთხე იხილავს, ბოლნისის შემდეგ ლეო ანთაძე მარნეულს, რუსთავსა და გარდაბანს ეწვევა.

,,მიყვარს ხეტიალი, ერთი დღე რომ მეორეს არ გავს ეს არი სილამაზე. შენ თვითონ ხარ შენი ცხოვრების ავტორი, ამიტომ ცხოვრება ისე უნდა წარმართო საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, ბავშობიდან ვეზიარე ხელოვნებას ვინაიდან ხელოვანის ოჯახში გავიზარდე, ვუყურებდი მათ ფილმებს, ძალიან პატარა ვწერდი პიესებს, რომელსაც ეზოში ვდგავდი. 60 წელი სცენაზე ვარ, ვმოგზაურობ საქართველოს ყველა კუთხეში, ვასახიერებ მწერლებზე შეგროვებულ კურიოზულ ამბებს, ვთამაშობ მათ ნაწარმოებებს ხასიათში ,მოძრაობაში. მადლობა ბოლნისს თბილი მიღებისთვის’’ – აღნიშნა სახალხო არტისტმა ლეო ანთაძემ.


Share.

Comments are closed.