ბოლნისელი სპორტსმენი შერეულ ორთაბრძოლაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

0

10818984_682530868528325_629333044_nბოლნისელი შოთა აქულაშვილი პრაღაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობდა. ორთაბრძოლები სხვადასხვა სახეობაში: კინკბოქსინგში, ტაიბოქსსა და შერეულ ორთაბრძოლებში ჩატარდა.  ჩემპიონატში 44 ქვეყანა   მონაწილეობდა, მათ შორის იყო საქართველოც. შერეულ ორთაბრძოლებში ქართველები სამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდნენ.  75 წონით  კატეგორიაში პირველი ადგილი შოთა აქულაშვილმა მოიპოვა.  65 და 84 კგ წონით კატეგორიებში  კი  მეორე ადგილი ქუთაისელმა და სამტრედიელმა სპორტსმენებმა დაიკავეს.  გამარჯვებულები შესაბამისი მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

,,შოთა აქულაშვილმა სამი ურთულესი ბრძოლა მოიგო. ფინალში  ადგილობრივ  ჩეხ სპორტსმენს დაუპირისპირდა,  ყველა ბრძოლა პარტერში ჩაატარა.  მინდა მას  ეს დიდი გამარჯვება მივულოცო.” – აღნიშნა საქართველოს  თავისუფალი ბრძოლების ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ აქულაშვილმა.

სპორტსმენის ერთკვირიანი ვიზიტი პრაღაში ბოლნისის მუნიციპალიტეტმა დააფინანსა. წარმატებით დაბრუნებული სპორტსმენი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილეს დავით შერაზადიშვილს შეხვდა და  მხარში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.

,,საქართველოს თავისუფალი ბრძოლების ფედერაციამ მოგვმართა თხოვნით, ფინანსური დახმარება გაგვეწია ბოლნისელი სპორტსმენისთვის ჩეხეთში გამართულ ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გოგი მეშველიანის ინიციატივით, სპორტის განვითარების მიზნით მოხდა შოთა აქულაშვილის დაფინანსება. ბოლნისელმა სპორტსმენმა ღირსეული გამარჯვება მოიპოვა და საკუთარ ქვეყანას, მუნიციპალიტეტსა და სოფელს წარმატებული დაუბრუნდა. ვულოცავ შოთას ამ გამარჯვებას და საერთაშორისო არენაზე მომავალ წარმატებებს ვუსურვებ“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ დავით შერაზადიშვილმა.

,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა  ფინანსურად  დამეხმარა, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ.  მსოფლიო ჩემპიონატიდან სამშობლოში გამარჯვებული დავბრუნდი. სამი ბრძოლა მომიწია, რომლებიც წარმატებით დავასრულე.  მოწინააღმდეგეებიც საკმაოდ ძლიერები იყვნენ, თუმცა გამარჯვება მაინც შევძელი.“ – აღნიშნა შოთა აქულაშვილმა.

შოთა აქულაშვილი  10 წელია სპორტის ამ სახეობაში ასპარეზობს. ის მონაწილეობას იღებს როგორც პროფესიულ, ისე მოყვარულთა ორთაბრძოლებში.   მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები. ამ ეტაპზე სპორტსმენი მორიგი ორთაბრძოლისთვის ემზადება, რომელიც 6 დეკემბერს მახაჩკალაში  ჩატარდება.


Share.

Comments are closed.