„ახალგაზრდა ადვოკატები“ – წინადადება, შეფასდეს ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია, მისასალმებელია

0

загруженное (3)ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებს“, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პოზიცია, განხილულ იქნას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ნატოს-თან არსებითი პაკეტის ეფექტიანი იმპლემენტაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ საკითხი, ქვეყნის საგარეო კურსის ურყეობის შემოწმების თვალსაზრისით, მისაღებ წინადადებად მიაჩნია.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი ახალი პოლიტიკური და სამართლებრივი მოცემულობა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, საზოგადოების როლის ამაღლებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის შესაძლებლობად უნდა განიხილებოდეს.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსის შესაძლო საფრთხესთან და ცვლილებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები, საზოგადოებამ სინამდვილედ არ უნდა მიიღოს, ვინაიდან აშკარაა საკითხზე პოლიტიკური მანიპულაციები. მიგვაჩნია, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმება საქართველოს სახელმწიფოებრიობის ახალი აქტია, ვინაიდან 2014 წლის 27 ივნისიდან, საქართველოში თანდათანობით უნდა შეიცვალოს არსებული პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების თითქმის ყველა სფერო. ქვეყანა ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერით საზოგადოებისთვის ქმნის ახალ სამართლებრივ სივრცეს და შესაძლებლობას, რომელმაც უნდა განამტკიცოს დემოკრატია და უფლებათა დაცვის გარანტიები, ქვეყანა, ვალდებულია იხელმძღვანელოს ამ ღირებულებებით და ხელი შეუწყოს მათ დამკვიდრებას.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს, სწორად იქნეს შერჩეული საქართველოს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი. ორგანიზაციის შეფასებით, ახლა უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ ვინ იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც უნდა განასახიეროს ქვეყნის ევროპული არჩევანისა და საგარეო კურსის ურყეობა, ამაში დარწმუნდეს ქართული საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობაც.

ამასთან, „ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ 2014 წლის 13 ოქტომბრიდან დაწყებულ მონიტორინგის პროცესს გააფართოებს და საზოგადოებას შესთავაზებს 19 სამინისტროს საქმიანობის შედეგებს, რომელიც ეხება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების იმპლემენტაციის გეგმის არსებობის შეფასებას.

ორგანიზაციას, მოცემულ ეტაპზე, 5 შემდეგი სამინისტრო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროები ჰქონდა შერჩეული, რომელთა მიმართ მოთხოვნილ იქნა შემდეგი სახის საჯარო ინფორამციის უზრუნველყოფა:

  1. რა სტრატეგია გააჩნია თქვენს სამინისტროს ასოცირების ხელშეკრულების 358-361-ე მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად. გთხოვთ, მოგვაწოდოთ სტრატეგიის დოკუმენტი.
  2. თქვენი სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, რა რეფორმებია დაგეგმილი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების საკითხთა იმპლემეტაციისათვის?
  3. ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად დაგეგმილი რეფორმიდან, დაწყებულია თუ არა რომელიმე მათგანის განხორციელება და რა ეტაპზეა მიმდინარე პროცესი. 

„ახალგაზრდა ადვოკატები“, იქედან გამომდინარე, რომ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, მონიტორინგის პროცესს გააღრმავებს და საკითხზე საჯარო ინფორმაციას ყველა სამინისტროსგან მოითხოვს. ორგანიზაცია მონიტორინგის შედეგებს, მიღებული ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის შემდეგ გამოაქვეყნებს.


Share.

Comments are closed.