ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ვიზიტი დაიწყო

0

Y41B0057ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ერთკვირიანი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები ვაშინგტონში აშშ სახელმწიფო დეპარტამენტსა და იუსტიციის დეპარტამენტში, ასევე კონგრესსა და სენატში.

აღნიშნული შეხვედრების შემდეგ,  საქართველოს დელეგაცია ოფიციალური შეხვედრებს გამართავს ვისკონსინის შტატის გუბერნატორთან და ვისკონსინის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმღვანელობასთან. ამას გარდა,  დაგეგმილია  სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულების მონახულება.

ვიზიტი  აშშ-ს საელჩოსა და სასასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შორის ხელმოწერილი მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ს საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეთა ბიუროს (INL) მიერ 2-წლიანი პროექტის განხორციელება საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში.

პროექტის ძირითადი მიზნებია საქართველოში თანამედროვე და ჰუმანური სასჯელაღსრულების პრაქტიკის დანერგვა; მულტიდისციპლინარული გუნდის დანერგვის ხელშეწყობა და სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა შესაბამისი მომზადება.

პროექტის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით აშშ-ს მთავრობამ ჯამში 1 მილიონი ამერიკული დოლარი გამოყო, რომელიც აშშ-ს კონგრესმა მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში დაამტკიცა.


Share.

Comments are closed.