საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია, ევროპის კავშირის ფინანსური ხელშეწყობით, იწყებს თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობისა და სამოქალაქო მობილიზაციის პროექტს. ამ პროექტის მიზანია ყველა მუნიციპალიტეტში სამოქალაქო აქტიურობის წახალისება, ადგილობრივი სათემო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართვა მმართველობით პროცესებში.
პროექტი აქტიურად ითანამშრომლებს საქართველოს მთავრობასთან და საქართველოს პარლამენტთან ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის საკანონმდებლო და ინსტიტუციური მექანიზმების დანერგვისთვის.
პროექტის ფარგლებში დღეს თბილისში, სასტუმროში “ჰოლიდეი ინნ” გაიმართა ეროვნული კონფერენცია “სამოქალაქო საზოგადოება ადგილობრივი დემოკრატიისთვის”. კონფერენციას საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მონაწილეებმა 2013-14 წლების ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შედეგები შეაჯამეს და სამომავლო თანამშრომლობის გზები დასახეს. კონფერენციაში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმაც მიიღო.