ხატისოფლის მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყლის პრობლემა აღარ ექნება

0

10719059_658416720939740_1128086556_nსოფლის ნაწილში სასმელი წყალი რამდენიმე წლის წინ გაიყვანეს, თუმცა მილები იმდენად უხარისხოა, რომ მაგისტრალი ხშირად ზიანდება და შეკეთება ადგილობრივებს საკუთარი ხარჯებით უწევთ. სასმელი წყლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა ხშირად კილომეტრის მოშორებით მდებარე ბუნებრივი წყაროთი სარგებლობს.

„წყაროს წყალს ვეზიდებით, რადგან სოფელში მრავალი წელია სასმელი წყალი არ არის, სოფლის ნაწილს კი გაუყვანეს მილები, მაგრამ ხშირად ზიანდება. ერთი კვირა თუ მოდის, ორი თვე დაზიანებულია მაგისტრალი. იძულებულები ვართ შორი მანძილიდან ვზიდოთ წყალი, განა რამდენი უნდა მოვიტანოთ, რომ გვეყოს, საქონელიც გვყავს. წყალი ხომ აუცილებელია ოჯახისთვის. ადრე აქ წყალი თვითდინებით მოდიოდა, ესეც გააუქმეს და ელექტროენერგიაზე გადაიყვანეს, დანახარჯს ხალხი ვიხდით, სასმელი წყალი მაინც არ გვაქვს, მილები ხშირად სკდება, რადგან იმდენად უხარისხოა, რომ წნევას ვერ უძლებს“. –აცხადებენ ხატისოფლელები.

მოსახლეობას საკუთარი ჯიბიდან აღარ მოუწევს ფულის გადახდა, რადგან დახმარებას მათ მუნიციპალიტეტი გაუწევს.

“სოფელში ხშირად ზიანდება სასმელი წყლის მაგისტრალი, მოსახლეობას საკუთარი ხარჯებით უწევთ შეკეთება, რამდენჯერმე ადგილობრივი ხელმძღვანელობაც დაეხმარა, შეუძინა ჩამკეტი, რომელიც ზამთარში ყინვამ დააზიანა. გადავწყვიტეთ იმ მონაკვეთის შეცვლა, სადაც მილები ხშირად ზიანდება, დაახლოებით 300 მეტრის მონაკვეთზე გამოიცვლება ქსელი“. –აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლოზ გობეჯიშვილმა.

ხატისოფლის წყალსადენის ქსელის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 7300 ლარი გამოიყოფა და მოსახლეობას მოუგვარდება წლების მანძილზე არსებული  პრობლემა.

Share.

Comments are closed.