ჭაპალასა და ზემო ბოლნისში გაზიფიცირება დასრულდა

0

10717539_655527287895350_1933758797_nრაია ალიევა სოფელ ზემო ბოლნისის მცხოვრებია. დიასახლისი გვიამბობს, რომ ორმოცი წელია ზემო ბოლნისში ცხოვრობს და სოფელში ბუნებრივი აირი არასდროს ჰქონია, რის გამოც ძალიან უჭირდათ. დღეს მის ოჯახში გაზის ქურა ენერგეტიკის მინისტრმა აანთო.

„სოფელი რაც არსებობს, არასდროს გვქონია გაზი,  არც მილები იყო გაყვანილი, ძალიან გახარებული ვარ. ასე მგონია თავიდან დავიბადეთ, ეს ჩვენთვის დიდი შეღავათია,  შეშა ძვირია და ყიდვა გვიჭირდა, მოსახლეობა კმაყოფილია. მადლობა საქართველოს მთავრობას და კომპანია „სოკარს“.– აღნიშნა რაია ალიევამ.

დღეს ენერგეტიკის მინისტრმა აზერბიაჯანული კომპანიის „სოკარ ჯორჯია გაზი“-ის წარმომადგენლებთან და ადგილობრივი ხელმძღვანელობასთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ახლად აშენებული გაზსადენი გახსნა. დელეგაციამ სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთო.

კახი კალაძე, ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი:

– ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში დასრულდა გაზიფიცირების სამუშაოები. დაახლოებით 550 აბონენტი ისარგებლებს ბუნებრივი აირით. ამ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია. საქართველოს ყველა რეგიონის გაზიფიცირება 2017 წლამდე უნდა მოხდეს. მადლობას გადავუხდი კომპანია „სოკარს“ თანამშრომლობისთვის,  ერთობლივად მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება“.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“ ჭაპალაში 10 კილომეტრის სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი ააშენა, რის შედეგადაც სოფელში მცხოვრებ 350 პოტენციური აბონენტს, გაზის საერთო ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა.

ვიცე პრემიერი დღესვე  ზემო ბოლნისში გაზიფიცირების დასრულების სამუშაოებს დაესწრო, სადაც კომპანიამ 5 კილომეტრის სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი ააშენა, რის შედეგადაც სოფელში მცხოვრებ 143 აბონენტს გაზის საერთო ქსელში ჩართვის საშუალება მიეცა. როგორც  კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორმა აზერ მამედოვმა აღნიშნა, სოფლების გაზიფიცირებისთვის გამოყოფილია 250000 მილიონი დოლარი. 2017 წლამდე საქართველოს მასშტაბით მოხდება ბუნებრივი აირის მიწოდება და დაახლოებით 250 000 აბონენტი იქნება გაზიფიცირებული.

„სოფელ ჭაპალაში და ზემო ბოლნისში საზეიმოდ აინთო ბუნებრივი აირი. მოგეხსენებათ ამ სამუშაოების შემდეგ 500 აბონენტს ექნება ბუნებრივი აირი და ჩვენი მოსახლეობა ზამთარს გაზიფიცირებული შეხვდება, მათ საშუალება ექნებათ შედარებით ნაკლები დანახარჯით გადაიტანონ ცივი პერიოდი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“. –აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში დღეისათვის გაზიფიცირებულია 8 125 ოჯახი, მათ შორის 500 სარგებლობს  სპეციალური სოციალური პროგრამით, რომლითაც აბონენტი ეტაპობივად იხდის გაზის ქსელში მიერთების საფასურს 25 ლარის ოდენობით.

სულ ქვემო ქართლში აშენებულია 1000 კილომეტრის სიგრძის ახალი გაზსადენი. გაზის საერთო ქსელში ჩართვის შესაძლებლობა აქვს 25 000 პოტენციურ აბონენტს.

ენერგეტიკის სამინისტროსა და გაზგამანაწილებელი კომპანიების მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, საქართველოს მასშტაბით 2014 წლის ბოლომდე 86 ათასზე მეტი ოჯახი გაზიფიცირდება. გეგმის განხორციელების შემდეგ, გაზიფიცირებული იქნება დამატებით 252 სოფელი და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაში ათობით მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ამასთან გაზგამანაწილებელი კომპანიები მოსახლეობას ოჯახში ბუნებრივი აირის შესაყვანად საჭირო თანხის რამდენიმე თვეზე გადანაწილებას სთავაზობენ. ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, აღნიშნული თანხა თვიურად 25 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

10717624_655526711228741_2061517310_n 10719267_655526044562141_1866412375_n

 

Share.

Comments are closed.