ქვემო ბოლნისში მცხოვრები დევნილები დევნილთა და განსახლების მინისტრმა მოინახულა

0

10383990_10152783965842230_7733927449928990035_nრუსეთ-საქართველოს ომის დროს კოდორის ხეობიდან დევნილ ოჯახებს, რომლებიც ქვემო ბოლნისში კომპაქტურად არიან ჩასახლებული, დევნილთა და განსახლების მინისტრი, სამინისტროს წარმომადგენლებთან და ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ერთად სტუმრობდა. სოზარ სუბარი დევნილების საყოფაცხოვრებო პირობებს გაეცნო.  ყოფილი ბაღის შენობა  დევნილებისთვის  გარემონტდა. იქ ამჟამად 20 ოჯახი ცხოვრობს, რომლებმაც ცხოვრების მძიმე პირობებზე,  ყოველდღიურ გაჭირვებაზე ისაუბრეს და  მინისტრს კერძო სახლების შეძენა სთხოვეს.  ნატო ავსაჯანიშვილი, დევნილი:

– აქ დროებით შემოგვასახლეს, თუმცა ამასობაში ექვსი წელი გავიდა, არანაირი პირობა ჩვენ არ გვაქვს, ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა გვიწევს,  ერთადერთი შემოსავალი დევნილებისთვის განკუთვნილი დახმარება და პენსიაა, რითაც თავს ვირჩენთ. ყველაფერს ვყიდულობთ, რადგან მიწის დამუშავებას აზრი არ აქვს, არც სარწყავია, სასმელი წყალიც კვირაში ორჯერ ერთი საათით მოდის, თუ სოფელში ვცხოვრობთ, მაშინ გვქონდეს კერძო სახლი, რათა სოფლის მეურნეობის პროდუქტები მოვიყვანოთ, თუ მაინცდამაინც კორპუსში უნდა ვიცხოვროთ, ქალაქში გადაგვიყვანონ. მინისტრი ამ პრობლემის მოგვარებას დაგვპირდა.

დევნილებმა მინისტრისა და მისი მოადგილის თანდასწრებით გვერდში დგომისთვის მადლობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს გადაუხადეს, მათ კომუნალურ გადასახადებს წლებია მუნიციპალიტეტი უხდის. მინისტრის აღნიშვნით მსგავსი პრეცედენტი მხოლოდ ბოლნისში ხდება.

„მთელ საქართველოში ჩემს გუნდთან ერთად დავდივარ და უშუალოდ ვსწავლობ ყველა დევნილის და ეკომიგრანტის პრობლემას, რათა ზუსტად განვსაზღვროთ სად რა საჭიროებებია და როდის რა საკითხი უნდა  გადავწყვიტოთ. ყველა პრობლემა ერთად ვერ მოგვარდება, თუმცა ეტაპობრივად, საჭიროებიდან გამომდინარე, ვეცდებით  პრობლემების დროულად გადაჭრას. ამოქმედდა ძალიან ბევრი პროექტი. ქვემო ბოლნისში მცხოვრები დევნილები ერთი უმთავრესი პრობლემის მოგვარებას ითხოვენ, მათ კერძო სახლების შეძენა გვთხოვეს. ეს დაპირება  სამინისტროსგან ჰქონდათ, რასაც ჩვენ შევასრულებთ. გარკვეული კრიტერიუმების გავლის შემდეგ ეტაპობრივად მოხდება დევნილების დაკმაყოფილება. ასევე ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი არის არა მარტო დევნილების საყოფაცხოვრებო ფართით უზრუნველყოფა, არამედ მათი დასაქმება. სამინისტრო დახმარებას გაუწევს სოფლის მეურნეობის კუთხითაც“.  – აღნიშნა დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა.

მინისტრმა წარმომადგენლებთან ერთად პროგრამის „სოფლად სახლის შეძენის“  ფარგლებში აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი ოჯახებისთვის შერჩეული სახლებიც მოინახულა. პროგრამით 20 000 ლარის ფარგლებში ოჯახები სასურველ სახლს თავად ეძებენ. წელს სამინისტროს მიერ გაწერილი კრიტერიუმები 11 ოჯახმა დააკმაყოფილა, მათ სამინისტროს დახმარებით საცხოვრებელი სახლები ახალ წლამდე საკუთრებაში გადაეცემათ.

პროგრამა გრძელდება და ეტაპობრივად, კრიტერიუმების გათვალისწინებით ყველა დევნილის მოთხოვნა დაკმაყოფილდება.


Share.

Comments are closed.