საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის მიერ სპეციალურად მოწვეულმა თბილისის №46 ბაგა-ბაღის მენეჯერმა ირმა გრიგოლიამ სემინარზე წარმოადგინა პრეზენტაცია შემდეგ თემებზე: ,,სტანდარტი და ეროვნული პროგრამა,“ ,, სასწავლო გეგმა“, ,,ბავშვთა აღზრდა და ოჯახის მონაწილეობა“, რის შემდეგაც აღნიშნული თემების ირგვლივ გაიმართა დისკუსია. გარდა ამისა აღმზრდელებმა და სემინარის ორგანიზატორებმა ისაუბრეს სხვადასხვა საინტერესო თუ პრობლემატურ საკითხებზე, გაუზიარეს ერთმანეთს წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება.
,,გამოცდილება რომელიც დამიგროვდა ამ სფეროში 25 წლიანი მუშაობის შედეგად, შევეცადე დღეს გამეზიარებია ჩემი კოლეგებისთვის. ერთობლივად, კიდევ ერთხელ გავიაზრეთ თუ რამდენად მნიშვნელოვან საქმეს ვემსახურებით და რამდენად საპასუხისმგებლოა მომავალი თაობის სწორად აღზრდა. ვისაუბრეთ იმ ძირითად საკითხებზე რომლითაც ხელმძღვანელობს სკოლამდელი აღზრდა საქართველოში. საკმაოდ საინტერესო დისკუსია შედგა თემების ირგვლივ და მინდა გითხრათ, რომ მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრები ხშირად გამართვა რამეთუ კამათში, დიალოგში, აზრთა გაცვლა-გამოცვლაში იბადება ჭეშმარიტება,“ – განაცხადა თბილისის №46 ბაგა-ბაღის მენეჯერმა, სემინარის ფასილიტატორმა ირმა გრიგოლიამ.
დღევანდელი სემინარი ბოლნისის საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირის თავმჯდომარის მარინა დვალიშვილის ინიციატივით მოეწყო.
როგორც საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარის მოადგილემ მანანა გელაშვილმა აღნიშნა, საბავშვო ბაღების აღმზრდელების პროფესიული გადამზადების მიზნით ასეთი ტრეინინგი მათ მიერ პირველად მოეწყო, თუმცა თუ აღმზრდელების მხრიდან, დაინტერესება იქნება მსგავსი სახის შეხვედრებს სისტემატიური სახე მიეცემა.