რა პრობლემებს უქმნის მოსახლეობას მაწანწალა ძაღლები

0

10726811_663519857096093_1277951107_nბოლნისის მუნიციპალიტეტში მუშაობს  ძაღლების დაჭერა-გაუვნებელყოფის პროგრამა, მიუხედავად ამისა,  ხშირად შეხვდებით ქუჩებში ჯგუფებად მოსიარულე ძაღლებს. შეშინებული მოსახლეობა  საღამოობით გარეთ გამოსვლას ერიდება. მაწანწალა ცხოველები თავს ნაგვის ურნებთან იყრიან.

„ძაღლების ხროვა დადის, ბავშვებს გარეთ ვერ ვუშვებთ, განსაკუთრებით დილას და საღამოს უამრავ მაწანწალა ძაღლს შეხვდებით. საშიშია არა მარტო იმით, რომ შეიძლება გიკბინოს,  არამედ მას უამრავი დაავადების გადადება შეუძლია, სოფლებიდან მოჰყავთ და აქ უშვებენ, ხშირად ქალაქის მოსახლეობაც აგდებს საკუთარ ცხოველს გარეთ“. – აცხადებენ სულხან-საბა ორბელიანის ქუჩის მცხოვრებლები.

ძაღლების დაჭერა-გაუვნებელყოფის პროგრამა ბოლნისის მუნიციპალიტეტში მესამე წელია ხორციელდება. ტენდერში გამარჯვებული ინდმეწარმე აღნიშნულ სამუშაოებს დეკემბრის ბოლომდე კვირაში ერთხელ  შეასრულებს. ის სპეციალური ტრანსპორტითა და სპეციალისტებით ახდენს მაწანწალა ძაღლების დაჭერა-გაუვნებელყოფას. მუნიციპალიტეტთან ხელშეკრულება 1000 ძაღლზე გაფორმდა, ამ ეტაპზე უკვე 750-ია  დაჭერილი.

„ძაღლებს ვიჭერთ სპეციალური ბადეებით, მაშებით ვსვამთ მანქანაში და მიგვყავს თბილისში, ძაღლებისთვის გამოყოფილ კლინიკაში ხდება მათი დაძინება, შემდგომ კი  ბეიკერის ორმოში მოთავსება. წელს დაჭერილი ძაღლების უმეტესობა დაავადებული იყო. კვირაში ერთხელ ჩამოვდივართ და ერთ ჩამოსვლაზე 20-მდე ძაღლს ვიჭერთ. ძირითადად დილის საათებში ხდება ცხოველის დაჭერა, ძაღლები ნაგვის ბუნკერებთან იყრიან თავს. ვფიქრობთ, კარგ საქმეს ვაკეთებთ, რადგან დაავადებული ცხოველები ძალიან ბევრი ბაქტერიისა და ავადმყოფობის მატარებელნი არიან. მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, თუ  ძაღლი არ გინდათ, ნუ გაუშვებთ გარეთ ან სხვა სოფელში, დაუკავშირდით ბოლნისის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის განყოფილებას, მათი დახმარებით მოვალთ  და წავიყვანთ თქვენს ძაღლს“.  – აღნიშნა ინდმეწარმე გიორგი მათიაშვილმა.

ტენდერში გამარჯვებული ინდმეწარმისთვის  25 000 ლარი გამოიყო, ერთი ძაღლის დაჭერა-გაუვნებელყოფა 25 ლარი ჯდება. მომავალ წელს გამოცხადდება თუ არა ტენდერი, უცნობია, რადგან გიორგი მათიაშვილის აღნიშვნით, მას პრობლემები ცხოველთა დაცვის სამსახურისგან შეექმნა, რომლებიც ითხოვენ აშენდეს ქვემო ქართლში ევროსტანდარტების შესაბამისი  თავშესაფარი, სადაც განთავსდება უპატრონო ჯანმრთელი ძაღლები.


Share.

Comments are closed.