ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ დაბა კაზრეთისა და სოფელ ბალიჭის საბავშვო ბაღებში მიმდინარე სამუშაოები მოინახულა, რემონტი დასრულების პროცესშია, მიმდინარეობს საბავშვო ბაღების დალაგება, პარალელურ რეჟიმში კი იღებება გარე ფასადები, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ინდუსტრია 2“-მა აღნიშნული ბაღების შიდა რემონტი 3 ივლისს დაიწყო და 11 ოქტომბერს დაასრულა. სამუშაოების უხარისხოდ შესრულებაზე საუბრობს ბაღის მენეჯერი.
„სრულად გარემონტდა ბაღის ერთი ნაწილი, მეორე ნაწილში კი პირველ სართულზე ჩატარდა სამუშაოები, რის შედეგადაც დაზიანდა შესასვლელი ოთახები, ამოიყარა მეტლახის ფილები, შესრულებული სამუშაოები კი უხარისხოა, ვინაიდან გაყვანილობიდან ჟონავს წყალი. ბევრი სამუშაო, რაც შენობაშია ჩასატარებელი, აღმოჩნდა რომ პროექტში არ იყო ჩადებული. სარემონტო ნარჩენების გაწმენდის დროს დაზიანდა ეზოც, სველი წერტილებითაც უკმაყოფილო ვარ, ბავშვის ასაკთან შეუსაბამო უნიტაზები დაამონტაჟეს, სასწავლო პროცესის დაწყებამდე ბევრი რამ მოსაწესრიგებელია, დაამონტაჟეს ცენტრალური გათბობა, თუმცა გაზი ამ დრომდე არ არის შემოყვანილი“. –აღნიშნა დაბა კაზრეთის ბაღის მენეჯერმა ჯილდა ჯინჭარაძემ.
გარემონტებული ოთახების დათვალიერების დროს უკმაყოფილება მუნიციპალიტეტის გამგებელმაც გამოთქვა, მას კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხი არ მოეწონა.
გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი:
– სიმართლე გითხრათ არ მოველოდი სამუშაოები ამდენად უხარისხოდ თუ იქნებოდა შესრულებული. შეიძლება ითქვას, რომ ობიექტის ამ სახით ჩაბარება შეუძლებელია, ბევრი რამ გამოსასწორებელია, რაზეც შესაბამის სამსახურებთან ერთად აუცილებლად მოხდება რეაგირება.
„სამუშაო პროცესის დროს მსგავსი შენიშვნები ყოველთვის არის, მივიღეთ მითითებები, რის გამოსწორებასაც რამდენიმე დღე სჭირდება, რემონტი რომ სრულდება, ხდება ე.წ. დაპრესვა, ანუ გასინჯვა გაყვანილობის, აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ადგილზე წყალი ჟონავს. ისეთი სამუშაოებიც შევასრულეთ, რაც პროექტით არ იყო გათვალისწინებული“. – განაცხადა კომპანია „ინდუსტრია 2“-ის მშენებელმა თამაზ ჟიჟილაშვილმა.
იმ შემთხვევაში, თუ მითითებულ სამუშაოებს სათანადოდ ვერ შეასრულებს სამშენებლო კომპანია, მუნიციპალიტეტის მხრიდან არ მოხდება ობიექტის ჩაბარება და თანხის გადახდა. შეგახსენებთ, რომ ბაღების სარემონტო სამუშაოები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მოთხოვნით დაფინანსებულია ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს მიერ. შიდა სამუშაოებისთვის თანხა 406 ათასი ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო.