პრემიერა შედგა – მაყურებელმა დარბაზი მხიარულ განწყობაზე დატოვა

0

10721013_658923130889099_1325238493_n8 ოქტომბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრმა  მაყურებელს პრემიერა შესთავაზა. „აივანი“ ასე ერქვა ნინო მირზიაშვილის „მაცეკვე ტანგოს“  მიხედვით, რეჟისორ ზურა ხვედელიძის მიერ დადგმულ სპექტაკლს.

მონატრებული მაყურებელი გულთბილი ემოციებით ხვდებოდა საყვარელ მსახიობებს, რომლებიც ჩვეული არტისტიზმით გამოხატავდნენ „აივნის“ გმირების ემოციებს. კომედიური ჟანრის სპექტაკლმა, რომელიც ორი მეზობელი ოჯახის ისტორიას შლიდა, ერთიანად აიყოლა მაყურებელი. ჭორიკანა ლუიზა (ირმა ჭილაია), რომელმაც ყველა მეზობლის ისტორია ზეპირად იცის, ნატო და ბექა (ნატო ყიფშიძე, ბექა შეყილაძე) შეყვარებული წყვილი, რომლებიც ჭორიკანა ლუიზას და ომგამოვლილი ნატოს მამის (ზურა ხაფთანი) შიშით ვერ ხვდებიან ერთმანეთს, კოტე და ნელი (გვია ღვინერია, ნინო ალადაშვილი) მოსიყვარულე ქართველი ცოლ-ქმარი, რომლებსაც ორი შვილი საზღვარგარეთ ჰყავთ გაგზავნილი,  კაცი ტიპიური ქართველი მამაკაცია, ქალი კი რომანტიკოსი, სიყვარულს მოკლებული, ქართველი ცოლი.

ზუსტად აღწერს სცენარი თითოეულ სახეს, სადაც საბოლოოდ სიყვარული და ერთგულება იმარჯვებს.

მაია მენთეშაშვილი, მაყურებელი:

– ძალიან მიყვარს ბოლნისის თეატრი, დიდ პატივს ვცემ თითოეულ მსახიობს, არაჩვეულებრივი სპექტაკლი იყო, გამოვარჩევ ირმა ჭილაიას და გია ღვინერიას.

მარი დავითაშვილი, მაყურებელი:

– კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით, ძალიან ვისიამოვნე, მინდა ხშირად ჩატარდეს ასეთი კარგი სპექტაკლები.

ზურაბ ხვედელიძე, თეატრის რეჟისორი:

– რადგან წინა სპექტაკლი ცოტა მძიმე, დაძაბული და ცრემლებამდე მისული იყო, გადავწყვიტე კომედიური სიმსუბუქე შეგვეთავაზებინა მაყურებლისთვის, რათა ჟანრების მონაცვლეობა იყოს. მადლობა ყველა მსახიობს, ვულოცავ მათ, მართლა კარგი დასი ჩამოყალიბდა.

გია ღვინერია, მსახიობი, თეატრის დირექტორი:

– მადლობა ყველას, ვინც მოვიდა და ტაში დაგვიკრა. კმაყოფილი ვარ ძალიან.

ნინო ალადაშვილი, მსახიობი:

– ძალიან მომწონს ჩემი როლი და მგონი გამომივიდა, კმაყოფილი ვარ, მადლობა ყველას მობრძანებისთვის.

ნატო ყიფშიძე, მსახიობი:

– სპექტაკლი შედგა, რადგან დარბაზში უამრავ გაბრწყინებულ სახეს ვხედავდი. მადლობა ყველა ადამიანს, ვინც გამონახა დრო და მობრძანდა.

კობა ჟღენტი, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდული სამსახურის უფროსი:

– გამოცოცხლდა კულტურის სახლი, სიხალისე შემოიტანა სპექტაკლმა, კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. ბოლნისური საღამო იყო და რაც მთავარია, საზოგადოება ერთად შეიკრიბა.


Share.

Comments are closed.