მუნიციპალიტეტის გამგებელი ახალგაზრდული სათათბიროს შექმნის ინიციატივით გამოდის

0

10623650_836935759700878_4987797799624891041_oბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ადგილობრივ ხელისუფლებაში მოსვლიდან 100-ე დღეს ბოლნისის ახალგაზრდებთან უპრეცენდენტო შეხვედრა გამართა. მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში გოგი მეშველიანთან შესახვედრად სტუდენტები და წარჩინებული მოსწავლეები შეიკრიბნენ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა მათ ნებისმიერ თემაზე დიალოგისკენ მოუწოდა და ბოლნისში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად მათი ხედვების გაცნობა ისურვა .

შეხვედრა გოგი მეშველიანმა სამ თვიანი მუშაობის ანგარიშით დაიწყო და იმ უმთავრესი პრობლემის გადაჭრაზე ისაუბრა, რომელიც მუნიციპალიტეტის წინაშე ბოლო ერთი წლის განმავლობაში მწვავედ იდგა. კერძოდ, გამგებელმა ფერადი ლითონების მომპოვებელ კომპანიებთან ,,RMG GOLD-სა და ,,RMG COPPER-თან მოლაპარაკებებზე გაამახვილა ყურადღება, რის შედეგადაც ბოლო სამი თვეა საბიუჯეტო ორგანიზაციებს დაფინანსების პრობლემა მოუგვარდათ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ ამ ეტაპზე ბიუჯეტის შესრულება 85 %-ს აჭარბებს და წლის ბოლომდე 100%-იან შესრულებას ელოდებიან.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა გამგეობის მხრიდან სტუდენტურ დახმარებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, სტუდენტებისათვის 50 ლარიანი სტიპენდიის დანიშვნა ძალაშია და შემოსავლების ზრდის შემთხვევაში, პროგრამის გაფართოებაზეც ფიქრობენ.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ასევე ფინასდებიან წარმატებული სპორტსმენებიც.
გარდა სტიპენდიებისა, გამგეობის სურვილითა და ინიციატივით მიმდინარე წელს 30-მდე ახალგაზრდამ მონაწილეობა მიიღო სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებში, რომელიც საინტერესო იყო არაფორმალური განათლების მიმართულებით ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდილების შეძენის კუთხით.
ერთ-ერთი საინტერესო ინიციატივა, რომელიც გოგი მეშველიანმა გააჟღერა, გამგებელთან არსებული ახალგაზრდული სათათბიროს ჩამოყალიბებას შეეხებოდა. გამგებელმა განმარტა, რომ იდეის მხარდაჭერის შემთხვევაში, სათათბიროში 9-11 ახალგაზრდა გაერთიანდება, დამუშავდება სათათბიროს დებულება, მისი წევრების არჩევის წესი და კვარტალში ერთხელ სათათბიროს სხვადასხვა თემაზე მსჯელობის საშუალება ექნება. მისივე თქმით ურთიერთობა იქნება ორმხრივი და შესაბამისად პროდუქტიული.
გამგებელმა სტუდენტებსა და მოსწავლეებს გამწვანების აქციაში ჩართვისკენაც მოუწოდა. საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით გაზაფხულზე საყოველთაო გამწვანების აქცია ,,მწვანე მომავალი“ დაიწყო. ამჟამად კი მე-2 ეტაპი მიმდინარეობს. 24 ოქტომბერს მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ფოთლოვანი ჯიშის ნერგი დაირგო. 1-2 ნოემბერს ბოლნისში გამწვანების მორიგი აქცია გაიმართება.
სტუდენტებმა გოგი მეშველიანს მადლობა გადაუხადეს შეხვედრის ინიცირებისთვის და საკუთარი თვალით დანახული პრობლემები გააცნეს. ძირითადად საკითხი ქალაქში მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას, კინოთეატრის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში გადმოცემას, კულტურისა და დასვენების პარკისა და მინის საფეხბურთო სტადიონების რეაბილიტაციას, საცურაო აუზის მშენებლობას, ბიბლიოთეკაში წიგნთა ფონდის განახლებასა და მუნიციპალური ტრანსპორტის განრიგის გადახედვას შეეხებოდა. სტუდენტმა ნინო მანიაშვილმა ბოლნისში ეკოსისტემების განადგურებაზეც ისაუბრა. საკითხი შეეხო, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელმაც მომავალში ბოლნისში პოლიტიკური ამინდი უნდა შექმნას. სტუდენტები ამ თემების გარდა დაინტერესდნენ სასმელი და სარწყავი სისტემების მოწესრიგების საკითხით, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან მრავალშვილიანი ოჯახებისა და მზრუნველობა მოკლებული ადამიანების დახმარების პროგრამებით.
გამგებელსა და ახალგაზრდებს შორის შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა თითოეული საკითხი ჩაინიშნა და შესაბამისი პასუხებიც გასცა.
,,ჩვენი მიზანია, რომ ხალხს ვემსახუროთ ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში“,- განაცადა გოგი მეშველიანმა.
სტუდენტებთან და წარჩინებულ მოსწავლეებთან შეხვედრა 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრის დასასრულს ახალგაზრდებმა კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა გოგი მეშველიანს და იმედი გამოთქვეს, რომ მათთვის და მათი იდეებისთვის გამგებლის კარი ყოველთვის ღია იქნება.
,,დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო, საზოგადოების მთავარი მამოძრავებელი ძალის, ახალგაზრდობის ინტერესებთან ჩვენი საქმიანობის დაახლოვება. მინდა გულწრფელად გითხრათ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბოლნისში გვყავს ამდენი განათლებული, ნიჭიერი და საკუთარ მუნიციპალიტეტზე შეყვარებული ახალგაზრდა, რომლებსაც აბსოლუტურად სრულად აქვთ გააზრებული პრობლემატიკის მთელი სპექტრი და რაც მთავარია მათი მოგვარების გზებიც ესახებათ. ვფიქრობთ, რომ მათთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ, ჩემს მიერ ხსენებული სათათბიროს შექმნით. რათქმაუნდა სათათბიროსთან თანამშრომლობა არ ზღუდავს ახალგაზრდობის არცერთ ფენას, ვისაც სურვილი აქვს შეუძლია ნებისმიერ ეტაპზე შემოგვიერთდეს და საკუთარი იდეები წარმოგვიდგინოს. ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად ღია და გახსნილნი. ვეცდებით, რომ ჩვენი საქმიანობა მჭიდროდ იყოს დაკავშირებული როგორც ახალგაზრდობის , ასევე მოსახლეობის პრობლემების მოგვარებასთან“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.

სანდრო სუბელიანი, სტუდენტი: 
,,პირველ რიგში მოხარული ვარ, რომ ასეთი შეხვედრა გაიმართა. სურვილი მაქვს, რომ ეს შეხვედრა არ იყოს მხოლოდ შეხვედრა შეხვედრისთვის, არამედ მას ჰქონდეს შემდგომი ქმედითი სახე. მინდა, რომ ჩვენი ურთიერთობა და კომუნიკაცია არ იყოს ისეთივე შეზღუდული, როგორც აქამდე იყო თითქმის ყველა გამგებელთან. ახალგაზრდებს სურვილი გვაქვს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მუშაობაში უფრო მეტად ჩავერთოთ, მეტად გამჭირვალე იყოს ის პროექტები, რაც გაკეთდება, დროულად მივიღოთ ინფორმაცია და გვქონდეს ჩვენი მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა. ასევე მოხარული ვიქნებით, თუ გამგებლის კარი ჩვენთვის ყოველთვის ღია იქნება“.

10712395_836937616367359_8915940522801500529_o 10468117_836937259700728_7791904459187688307_o 10710284_836936279700826_2698228229444982103_o 10669253_836937993033988_5195137263371809849_o

 

 

Share.

Comments are closed.