დოკუმენტური ფილმების ფესტივალი ბოლნისში

0

dokumenmturi filmebis fest.1ფესტივალის ფარგლებში დღეს ბოლნისის საზოგადოებისთვის ორი კინოჩვენება მოეწყო. პირველ ფილმად ნაჩვენები იქნა თინათინ გურჩიანის „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს“. მასში რეჟისორი ცამეტი ადამიანის თანამედროვე საქართველოში ცხოვრების ცამეტ ამბავს მოგვითხრობს. საქართველო ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქის მძიმე კვალის წაშლას და ომის ჭრილობების შეხორცებას ცდილობს, ისევ თანამედროვე იდენტობას ეძებს. შემთხვევითი არ არის, რომ ფილმში უმეტესად წვიმს, მთავარი გმირები ტალახში დააბიჯებენ. ახალგაზრდებთან ინტერვიუ კი ჩამოშლილი კედლების წინ არის ჩაწერილი.

მეორე დოკუმენტურ ფილმში კი სახელწოდებით „ბავაკან/კმარა“ სომეხი რეჟისორის ადრინე გრეგორიანის მიერ ასახულია ოთხი ქალბატონის ცხოვრება, რომლებსაც ნაყოფის სქესის გაგების შემდეგ ოჯახის წევრების მოთხოვნით იძულებით აბორტის გაკეთება უწევთ. რეჟისორი სომხეთში ამ რეალობის შესწავლას მთავარი გმირების საფუძველზე იწყებს. ქვეყანაში სქესზე დაფუძნებული აბორტების სიხშირე მიუთითებს იმაზე, რომ ქალებს საკუთარ სხეულთან დაკავშირებითაც კი არ აქვთ არჩევანის თავისუფლება. ნაყოფის სქესის გამო ორსულობის შეწყვეტის მაჩვენებლით სომხეთს მხოლოდ ჩინეთი უსწრებს.

“დოკუმენტური ფილმების ფესტივალს ბოლნისში მესამედ ვაწყობთ, მისი მიზანია ხელი შეეწყოს კულტურის განვითარებას, ღია დიალოგის გამართვას სოციალურ საკითხებზე, სამხრეთ კავკასიის შორეული რეგიონების მოსახლეობაში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების იდეის პოპულარიზაციას, საჯარო დებატების გაფართოებას. დღეს ვაჩვენეთ ორი ძალიან საინტერესო და ცხოვრებისეული ფილმი, მოწვეული გვყავდა ბოლნისის საზოგადოება, ექსპერტი ორგანიზაცია „მრავალშვილიანი ქალები საქართველოსთვის“ პრეზიდენტი და კინოფესტივალის ფასილიტატორი.“ – აღნიშნა ბოლნისის „ენის სახლის“ ხელმძღვანელმა ირმა ზურაბაშვილმა.

კინოჩვენების დასრულების შემდეგ ფილმებში ასახულ ფაქტებზე დებატები მოეწყო. დოკუმენტური ფილმების ფესტივალი ბოლნისში აიპ ბოლნისის „ენის სახლის“ ორგანიზებით მესამედ ეწყობა. ფესტივალი ორ დღიანია, რომელიც ხვალ დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლაში სამი ფილმის ჩვენებით დასრულდება.

კინოფესტივალი ერთდროულად ტარდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და აფხაზეთში. მისი მხარდამჭერი ორგანიზაციებია: CAUCADOC, ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“, სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „NGO Cantre“, ჰაინრიხ ბიოლის ფონდი“ და ა.ა.ი.პ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკლუბი, სამუზეუმო და საბიბლიოთეკო გაერთიანება.


Share.

Comments are closed.