გზა, რომელიც ასი წლის ქალბატონმა გაიარა

0

10735681_1559367810942920_1553788162_nალბათ ბევრმა ბოლნისელმა არც კი იცის, რომ გორგასლის ქუჩაზე მდებარე ერთ ჩვეულებრივ სახლში, საუკუნოვანი ისტორიის მქონე ადამიანი ცხოვრობს. ასი წლის ვარსენიკ ვანიევა, ჩვენდა გასაოცრად, მეხსიერებას არ უჩივის და თავის განვლილ ცხოვრებას საინტერესოდ უამბობს bolnisi.ge-ს.

ჩვენი მოკითხვის შემდეგ ასი წლის ბებომ  თავის ცხოვრებაზე საუბარი დაიწყო:

„შვილო, მე რაღა მოსაკითხი ვარ, მთავარია ახალგაზრდები იყავით კარგად. დავბერდი, სიკვდილსაც დავავიწყდი, მესმის, მაგრამ  დანახვით  ვეღარ გხედავთ, სიარულიც მიჭირს, არადა ახალგაზრდობაში ისეთი ლამაზი გოგო ვიყავი,  თვალი ყველას ჩემზე რჩებოდა, ეეხ, დრო თავისას შვება“.

ბებოს ცხოვრება ძალიან შორიდან იწყება, იგი 1914 წელს გლეხის ოჯახში დაიბადა. მრავალშვილიანი ოჯახი სოფელში თავს  შრომით ირჩენდა.  16 წლის ვარსენიკ ვანიევამ  მშობლების გადაწყვეტილებით მეზობელ სოფელში მცხოვრებ  ანდრენიკ ვანიევს დაუკავშირა ბედი. ახლად შექმნილი ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. როგორც ბებო იხსენებს, მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური სიდუხჭირისა, არ უჭირდათ. თუმცა მალე ომი დაიწყო, მძიმე წლები მათ ოჯახზეც აისახა, მეუღლე ომში გაიწვიეს, ახალგაზრდა ქალი ორ შვილთან ერთად  დარჩა. ქალაქში მარტო ცხოვრება  გაუჭირდა და საცხოვრებლად სოფელში გადავიდა, სადაც მძიმე პირობები დახვდა. ახალგაზრდა ქალს შვილების სარჩენად ყანაში მუშაობა უწევდა. ქმარს ექვსი წელი ელოდა, როცა იმედი გადაეწურა, სწორედ მაშინ დაბრუნდა.

„ჩემი მეუღლე ომში ტყვედ ჩავარდა, არაფერი ვიცოდი მის შესახებ, ექვსი წელი გავიდა ლოდინში. მახსოვს ის სიხარული, როდესაც მეზობლის ქალებმა მახარეს, შენი ქმარი დაბრუნდაო. ანდრენიკა ძალიან შეცვლილი იყო, ამდენმა ტყვეობამ მასზე მძიმედ იმოქმედა.“

ბებიას ყველაზე მეტად განათლებული შვილები ეამაყება. იგი ამჟამად შვილთან და სიძესთან  ერთად ცხოვრობს, ორი შვილი კი ერევანში ჰყავს. ლამაზად მოწყობილი ორსართულიანი სახლი, სადაც ცხოვრობს, შვილმა ასი წლის იუბილეზე შეუძინა. შვილებზე საუბრისას ბებიას თვალებზე ცრემლი მოადგა, 17 წლის წინ დაღუპული შვილი გაიხსენა, რომელიც მის რთულ ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტკივილია.

მიუხედავად იმისა რომ საუბარი არ უჭირს, საუკუნის ქალბატონი დიდხანს ვერ გვესაუბრა. ჩვენი სტუმრობით კმაყოფილი ვარსენიკ ვანიევა თბილად დაგვემშვიდობა.

10721164_1559367710942930_353860289_n 10723305_1559367770942924_1322403980_n


Share.

Comments are closed.