გენმანელი მიგრანტების ხსოვნის დღე ბოლნისში

0

10679663_806054632788991_141253290036871231_o19 ოქტომბერს ბოლნისში ევანგელურ-ლუთერანულ სამრევლო სახლში გერმანელი მიგრანტების ხსოვნის დღესთან დაკავშირებული ღვთისმსახურება და საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ცერემონიალს მიგრანტი გერმანელების შთამომავლებთან ერთად მოწვეული სტუმრები, საქართველოში გერმანიის ელჩი ორთვინ ჰენიგი, რელიგიური საკითხების სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი ესწრებოდნენ.

ღვთისმსახურება ეპისკოპოსმა ჰანს-იოახიმ კინდერლენმა პასტორ ვიქტორ მიროშნიჩენკოსთან ერთად აღავლინა. საზეიმო ცერემონიალზე გერმანულ-რუსულ და ქართულ ენებზე შესრულდა ლოცვები. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ სტუმრებმა და მასპინძლებმა სამრევლო სახლის ეზოში გადაინაცვლეს, სადაც ეპისკოპოსმა კინდერლენმა დამსწრე საზოგადოებას მოკლედ გააცნო საქართველოში შვაბების ჩამოსახლებისა და მოღვაწეობის შთამბეჭდავი ისტორია.
ჰანს-იოახიმ კინდერლენმა სურვილი გამოთქვა, რომ 2017 წელს გერმანელი კოლონისტების ჩამოსახლების 200 წლის იუბილე ბოლნისის მუნიციპალიტეტში აღინიშნოს. თავის მხრივ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა გოგი მეშველიანმა განაცხადა, რომ მზად არის განიხილოს ეს მეტად საინტერესო წინადადება და 2017 წლის შემოდგომაზე ბოლნისში, ყოფილ კატერინენფელდში დაწესდეს შვაბების ჩამოსახლების აღმნიშვნელი დღე.
ევანგელურ-ლუთერანულ სამრევლო სახლში შეკრებილ სტუმრებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სიტყვით მიმართა.
,,თქვენო აღმატებულებავ, ბატონო ელჩო, ბატონო ეპისკოპოსო, ძვირფასო საზოგადოებავ! ჩემთვის დიდი პატივია ვესწრებოდე დღევანდელ ღონისძიებას ქვემო ქართლის ძირძველ ქართულ მიწაზე, ქალაქში, რომლის თანამედროვე სახით დაფუძნებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს გერმანიიდან ჩამოსახლებულმა მიგრანტებმა. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია, როგორც ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის წარმომადგენლებისა და ზოგადად გერმანული საზოგადოებისათვის, ასევე ბოლნისელებისათვის. ჩვენს წინაპრებს განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულება ჰქონდათ 19 საუკუნის პირველ ნახევარში ჩამოსახლებულ შვაბებთან და მათ ერთად შეძლეს ჩამოეყალიბებინათ სიცოცხლისუნარიანი საზოგადოება, რომელიც დღესაც მაგალითია სხვადასხვა რელიგიისა და ეთნიკური წარმოშობის ადამიანებს შორის თანაცხოვრების, ტოლერანტული, მეგობრული და მეზობლური დამოკიდებულების.
უნიკალურმა კულტურულმა ტრადიციებმა, რომლებიც გერმანელი მოსახლეების ცხოვრებამ დაგვიტოვა ბოლნისში, წარუშლელი გავლენა მოახდინა ჩვენს ყოფაზე. ამ თანაცხოვრების შედეგად, ჩვენი წინაპრებისათვის, სიტყვა „გერმანული“ იქცა პროგრესულის და ხარისხიანის აღმნიშვნელ უაპელაციო ტერმინად. ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ გერმანელი მიგრანტების ხსოვნას და მზად ვართ განვიხილოთ ეს მეტად საინტერესო წინადადება, საიუბილეოდ აღვნიშნოთ მათი საქართველოში ჩამოსახლების დღე.ამასთანავე, ჩვენ ვაპირებთ ბოლნისის ისტორიულ უბანს ძველი იერსახე დავუბრუნოთ, რათა მომავალ თაობებს შევუნარჩუნოთ განსაკუთრებული კულტურული ტრადიციების მემკვიდრეობის შეგრძნება, როგორც ლამაზი შტრიხი ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობებში“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.

ზაზა ვაშაყმაძე, რელიგიური საკითხების სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე:

– ბატონი ეპისკოპოსისგან მივიღე ოფიციალური მოწვევა და დელეგაციის თანხლებით ჩამოვედი ბოლნისში, რათა მონაწილეობა მივიღო ამ ცერემონიალში. ეს დასტურია ჩვენი კეთილმეგობრობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების. რამდენჯერ შევხვდით მე და ეპისკოპოსი ერთმანეთს, თბილისში ეკლესიაშიც ვიყავი მასთან, აქვთ მოსაგვარებელი  გარკვეული საკითხები რაშიც აუცილებლად დავეხმარებით და გვერდში დავუდგებით.

ორთვინ ჰენიგი-საქართველოში გერმანიის ელჩი:

– ჩვენ დღეს ვიმყოფებით გერმანელი კოლონისტების ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. მე ვფიქრობ, ის ისტორია, რომელიც 200 წლის წინ დაიწყო, იყო არაჩვეულებრივი იმ ფონზე, როდესაც რუსეთის მიერ ანექსირებულ საქართველოში გერმანელი კოლონისტები დასახლდნენ და თქვენს ქვეყანაში განავითარეს ეკონომიკა, შექმნეს უნიკალური არქიტექტურა და ინფრასტრუქტურა, ასევე ხელი შეუწყვეს კულტურულ აღმავლობას.
ყველაზე მეტად რაც მე, როგორც დიპლომატს მახარებს, არის ის, რომ საქართველო იმ გერმანულ ისტორიას საკუთარი ისტორიის ნაწილად განიხილავს, რაც დღევანდელი დიპლომატიური ურთიერთობებითაც დასტურდება.
მოხარული ვარ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება დაინტერესებულია ბოლნისში არსებულ ისტორიულ უბანს ძველი იერსახე დაუბრუნოს.
ღონისძიების ბოლოს სტუმრებმა გერმანულ-ქართული ურთიერთობები სიმბოლურად ქართული ღვინით დალოცეს.

1973446_806056176122170_658238490064821671_o1090884_806056422788812_1775700559558033365_o 10472823_806054956122292_7638504796129667806_o 10537963_806056916122096_3300385461586124222_o 10648584_806057846122003_599871134621666584_o 10655423_806055626122225_8481300603519896567_o


Share.

Comments are closed.