გამგებლის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

0

sexvedra rwmunebulebvtan4ბოლნისის მუნიციპალიტეტის  სხდომათა დარბაზში გამგებლის წარმომადგენლებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გამგებლის პირველი მოადგილე, ბოლნისის  სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები და პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო დახმარების ცენტრის  ხელმძღვანელი ესწრებოდნენ. სამსახურების ხელმძღვანელებმა წარმომადგენლებს გააცნეს მიმდინარე პროგრამები და სიახლეები. საინფორმაციო შეხვედრის მიზანია  წარმომადგენლებმა მოსახლეობამდე მიიტანონ ინფორმაცია და დაეხმარონ მათ პრობლემების აღმოფხვრაში.

ნინო მანაგაძე, ბოლნისის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი:

– გამგებლის წარმომადგენლებთან ჩვენი თანამშრომლობა მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ისინი მეტ ინფორმაციას ფლობენ ტერიტორიულ თემში დასახლებულებზე, რომლებსაც ჩვენგან სჭირებათ დახმარება. ამ ეტაპზე სოციალური სააგენტო ახორციელებს პროგრამებს მეურვეობა-მზრუნველობის,  დასაქმების, პენსიის თუ საარსებო შემწეობის კუთხით. გავაცანით ინფორმაცია ამ პროგრამების შესახებ და ვთხოვეთ მოგვაწოდონ შენიშვნები და წინადადებები, ასევე დაგვეხმარონ ასეთი კატეგორიის ადამიანების მოძიებაში. ერთობლივი თანამშრომლობით აუცილებლად გავალთ შედეგზე.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაიწყო ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და პარალელურად ხორციელდება ბრუცელოზის გამოსაკვლევად სინჯების აღება რვა სოფელში და შემდგომ საქონლის საყურე ნიშნით იდენტიფიცირება. სურსათის უვნებლობის სამსახურის კურატორმა ეს ინფორმაცია გამგებლის წარმომადგენლებს მიაწოდა და პრაქტიკული საკითხების მოგვარებაში  დახმარება სთხოვა.

„დაიწყო საშემოდგომო აცრები ჯილეხზე, სახელმწიფოსგან ცხრა ათას ექვსასი დოზის ვაქცინა სრულიად უფასოდ  გადმოგვეცა. აცრილია 17 ათასამდე პირუტყვი, დანარჩენის ვაქცინაცია უნდა მოხდეს ამ დოზით, პარალელურად ვატარებთ ბრუცელოზის გამოსაკვლევად სისხლის აღებას.  ეს პირველი ეტაპია. სახელმწიფო ფართომასშტაბიანი ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს, რათა თავიდან იქნას აუცილებელი ეს საშიში დაავადება. სააგენტოს დაქირავებული ჰყავს ვეტექიმები, მათ  მოსახლეობასთან საკონტაქტოდ წარმომადგენლების დახმარება დასჭირდებათ“. – აღნიშნა ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტმა ამირან მეგრელიძემ.

გამგეობის წარმომადგენლებთან შეხვედრა პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის საუბრით დასრულდა, მარინა ლაზარეიშვილმა თათბირის  მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ცენტრში არსებულ პირობებზე  და საყოველთაო ჯანდაცვის პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენელმა საზოგადოებას ხვალინდელი დღის გეგმები გააცნო. ხვალ სააქტო დარბაზში დაინტერესებული მხარეებისთვის აგროდაზღვევის პროექტის განხილვა გაიმართება.

Share.

Comments are closed.