ბოლნისში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა, ცოფიან პირუტყვთან კონტაქტი 7 ადამიანს ჰქონდა – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა

0

N139045845408369915 ოქტომბერს შპს „მედიქალ პარკი საქართველო – ბოლნისი“-ს კლინიკას ქალაქ ბოლნისში მცხოვრებმა რეზო რაზმაძემ ცოფიან ძროხასთან კონტაქტის გამო მიმართა. ააიპ-ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაავადებათა აღრიცხვის, კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პრევენციული მედიცინის ცენტრის მიერ ჩატარებული ეპიდკვლევის შედეგად დადგინდა, რომ რეზო რაზმაძეს  კუთვნილი ძროხა ავად გაუხდა დაახლოებით პირველ ოქტომბერს (შეწყვიტა ჭამა), ძროხა მოკვდა 15 ოქტომბერს. ვეტერინარების მიერ ეჭვი მიტანილი იქნა ცოფზე. 15 ოქტომბერს ძროხის თავი ლაბორატორიულად იქნა გამოკვლეული, რის შემდეგაც დადასტურდა ცოფი. ეპიდკვლევით დადგინდა, რომ ძროხის მკურნალობაში და წამლის მიცემაში პირის ღრუსთან კონტაქტში იყო 7 პირი.

„16 ოქტომბრის მონაცემებით აცრები დაიწყო სამმა პირმა, მეოთხე პიროვნებას, რომელიც არის ვეტექიმი ორი თვის უკან უკვე ჩატარებული აქვს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსი. მეხუთე პიროვნებაზე, რომელიც დმანისის რაიონის ვეტექიმია, გადაეცა შეტყობინება დმანისის რაიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, რათა უზრუნველყონ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარება. დანარჩენი ორი პიროვნება  ინფორმირებულნი არიან  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლის მიერ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და გვაქვს მიღებული სიტყვიერი თანხმობა რომ ჩაიტარებენ ანტირაბიული  მკურნალობის სრულ კურსს. ცენტრმა დააწესა ცოფიან ძროხასთან კონტაქტში მყოფი 7 პიროვნების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი,“- აცხადებენ ააიპ-ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაავადებათა აღრიცხვის, კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პრევენციული მედიცინის ცენტრიში.

სიიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს ბოლნისის ოფისში შეტყობინება რამდენიმე დღის წინ შევიდა ბოლნისელი რეზო რაზმაძისგან,  რომელსაც ეჭვი გაუჩნდა, რომ მისი ძროხა ცოფით იყო დაავადებული. რეაგირება დროულად მოხდა. რამდენიმე დღიანი დაკვირვების შემდეგ პირუტყვი მოკვდა.

„ჩვენი სამსახური რამდენიმე დღე აკვირდებოდა  დაავადების სიმპტომებს, ყველა ღონისძიება იყო გატარებული, რომ არავინ დაზარალებულიყო. ძროხას სიკვდილის მერე მოვაჭერით თავი და ექსპერტიზაზე წავიღეთ, რათა დადასტურებულად გვცოდნოდა დაავადების შესახებ.  ექსპერტიზის პასუხმა აჩვენა, რომ რაზმაძეების ძროხა ცოფით მოკვდა. ამიტომ დღეიდან, 16 ოქტომბრიდან, ქალაქ ბოლნისში გამოხცადდა კარანტინი და ყველა შინაურ ცხოველს ჩაუტარდება რევაქცინაცია ცოფზე.  კარდაკარ ივლიან ჩვენი ვეტერინარები და აცრიან ძაღლებს, კატებს, ძროხებს, ღორებს, ცხენებს, თხებს, ცხვრებს და ასე შემდეგ. აცრები უფასოა. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ცხოველმა გამოიმუშაოს იმუნიტეტი და დაცული იყოს. მივმართავ მოსახლეობას, რომ შემთხვევა ამ ეტაპისთვის ერთჯერადია და განგაშის საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ თუ ცხოველს შეამჩნევთ აგრესიულობას, დაუყოვნებლივ აცნობეთ ჩვენს სამსახურს, გაგებით მოეკიდეთ არსებულ მდგომარეობას და დაეხმარეთ ვეტერინარებს, რომ აცრები დროულად და სრულფასოვნად ჩაატარონ.“ აღნიშნა  bolnisi.ge-სთან სიიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს ბოლნისის ოფისის სპეციალისტმა ამირან მეგრელიძემ.

BOLNISI.GE მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის და ლინკის მითითებით 

 

 


Share.

Comments are closed.