თოჯინების თეატრი „ძალა ერთობაშია“ ქველმოქმედების მიზნით ბოლნისის მუნიციპალიტეტის სარეაბილიტაციო ცენტრ „განთიადს“ ესტუმრა და ბენეფიციარებს ზღაპარი „ბეკეკოს თავგადასავალი“ წარუდგინა. მუსიკალურად გაფორმებული 20 წუთიანი გასართობი პროგრამით ბავშვებმა ძალიან ისიამოვნეს, ბოლოს კი ზღაპრის გმირებთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
თეატრი „ძალა ერთობაშია“ მესამე წელია ფუნქციონირებს, მისი ახალგაზრდა მსახიობები ქალბატონ ნაირა ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით სხვადასხვა გასართობი პროგრამით საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს სტუმრობენ. თეატრმა უკვე გამართა წარმოდგენები ბოლნისის მუნიცპალიტეტის რამდენიმე საბავშვო ბაღში.
„იმის გამო, რომ ბავშვები არ გადაგვეღალა, ცოტა შეკვეცილი პროგრამით წარმოვადგინეთ „ბეკეკოს თავგადასავალი“, გავაფორმეთ მუსიკალურად და შეძლებისდაგვარად შევეცადეთ გაგველამაზებინა დღევანდელი დღე ამ ბავშვებისთვის.
ჩვენი თეატრი სტუმრობს ყველა რეგიონს, ვატარებთ საქველმოქმედო აქციებს მსგავსი ცენტრებისთვის და როდესაც გავიგეთ, რომ ბოლნისშიც იყო სარეაბილიტაციო ცენტრი, გადავწყვიტეთ მოვსულიყავით, ამ პატარებს ჩვენი გვერდში დგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ“. –აღნიშნა თოჯინების თეატრის ხელმძღვანელმა ნაირა ჯავახიშვილმა.