ბიბლიოთეკის დარბაზში ნუნუ ტოგონიძის წიგნის პრეზენტაცია შედგა

0

1490667_800963616631426_841276721001379733_o10 ოქტომბერი, მთავარი ბიბლიოთეკის დარბაზი, ერთმანეთზე და ხელოვნებაზე შეყვარებული ბოლნისელი საზოგადოება. სანთლები, ყვავილები, კედელზე არეკლილი ეკრანი, სადაც შემოდგომის ფოთოლცვენას სიყვარულითა და სითბოთი სავსე ფოტოები ცვლის. „წლების მატებას არ განვიცდი, ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს, შემოდგომა ხომ უხვია, მიწაზე დაგდებულ ფოთოლს თუ აიღებ და დაყნოსავ, რაღაც განუმეორებელ, თავისებურ სუნს იგრძნობ, მიყვარს ბუნება, მიყვარს ჩემი წლები, ჩემი ასაკი.“ ამბობს მეგობრებში ჩამჯდარი ნუნუ ტოგონიძე, რომელიც დღევანდელი შეხვედრის მთავარი გმირია და რომელმაც შვილივით ნაზარდი, ნალოლიავები, წლების მანძილზე ნაფერები გმირები ერთ წიგნად შეკრა და ბოლნისელებს  წარუდგინა. 64 წლის თავზე, მშვენიერი ქალბატონი მეგობრების და თაყვანისმცემლების წრეში მოკალათდა, შემოქმედება სამზეოზე გამოიტანა და საზოგადოების გულისცემას ყური მიუგდო. სცენაზე წაიკითხეს მისი ლექსები, ნოველები, ჩანახატები, ამბები მეგობრობასა და სიყვარულზე- ეს ყველაფერი კი  ერთგულების და იმედების  სხივით გაათბო და პირველ წიგნად გამოუშვა.

„გაზაფხულიდან შემოდგომამდე რა ცოტა დროა“ – ასე ჰქვია წიგნს, რომლის პრეზენტაციაც დღეს მთავარი ბიბლოთეკის დარბაზში გაიმართა. როგორც ყოველთვის,  ქალბატონი ნუნუს გვერდით დღესაც მეგობრობის, ერთგულების და სიყვარულის დღესასწაული შედგა. შემოქმედების ეს ზეიმი მეგობრებმა მისი დაბადების დღეს დაამთხვიეს. პროექტორის მეშვეობით შორეული ამერიკიდან  ნანუკამ დაურეკა, საყვარელმა  შვილიშვილმა მონატრებულ ბებიას იუბილე და პრეზენტაცია ერთად  მიულოცა. დაბადების დღეს ტორტი და ქართული ჰანგებიც ახლდა, თამრიკო ბობოხიძემ გიტარის თანხლებით  საღამო გაალამაზა.

„ძალიან ბედნიერი ვარ დღევანდელი დღით. არ ველოდი  შვილიშვილი თუ დამირეკავდა ამერიკიდან, ეს ძალიან მოულოდნელი სიურპრიზი იყო. ჩემი პირველი წიგნის პრეზენტაცია შედგა, მკითხველმა მოიწონა, დიდი სითბო და სიყვარული მივიღე ყველასგან, რაც   მაძლევს ძალას, რომ  მეტი ვწერო, მეტი ვიშრომო და ჩემი საყვარელი ბოლნისელებისთვის ბოლომდე დავიხარჯო. დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემი სიხარული გაიზიარა“.- აღნიშნა  bolnisi.ge- სთან წიგნის ავტორმა და იუბილარმა ნუნუ ტოგონიძემ.

 

10659033_800964329964688_1171042325759346717_o 10710365_800963569964764_4994600953273802236_o


Share.

Comments are closed.