„არმიასთან” სარევანშო შეცვლილი შემადგენლობით

0
pirveli_7_0-cr-300x200შერკინების პირველხაზელები თემურ ჯინჭარაძე და ირაკლი სვანიძე საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნულ ჩემპიონატში ბოლნისის “ყოჩების” სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშებენ.
მიმდინარე გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი, რომელმაც ხუთივე განვლილი შეხვედრა მოიგო, ბოლნისში, “თამაზ სტეფანიაზე” ქვეყნის ვიცე-ჩემპიონ “არმიას” მასპინძლობს და გამარჯვება მნიშვნელოვანია, რათა მოპოვებული 5-ქულიანი უპირატესობა არ დაკარგოს. “ყოჩები” 1 ნოემბრამდე, სამკვირიან შესვენებაზე ნებისმიერ შემთხვევაში ლიდერად გავა, მაგრამ პროგრამა მინიმუმი რეგულარულ ჩემპიონატში პირველი ადგილის დაკავებაა და ამისათვის ქულათა მაქსიმუმი დაგროვება მნიშვნელოვანია.

ერთი კვირის წინ ბოლნისელებმა “ლოკომოტივი” 19:18 რომ დაამარცხეს, იმ შეხვედრის მეორე ტაიმის დებიუტში ბაჩანა გოგიშვილმა მეორე ყვითელი და შესაბამისად წითელი ბარათი მიიღო. შედეგად, მას “არმიასთან” მატჩის გამოტოვება უწევს და სასტარტო შემადგენლობაში თეიმურაზ ჯინჭარაძე იქნება. მცირედი პრობლემა შეექმნა კვაჭ დავით ხიდეშელს და ის სათადარიგოთა შორისაა, პირველი წუთებიდან კი, მოედანზე ირაკლი სვანიძე გადის. წინა მატჩთან შედარებით სასტარტო შემადგენლობაში კიდევ ერთი ცვლილებაა. წარბი მოიშუშა და სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა გიორგი ტყეშელიაძე. მეორე ხაზში არაა რატი ურუშაძე, რომელიც გუნდს ტრავმის გამო დიდი ხნით გამოაკლდა.
მიუხედავად პირველ ხაზში არსებული საკადრო პრობლემებისა, “ყოჩები” ამ თამაშში მაინც ფავორიტია. ბოლნისელებმა გასულ სეზონში ბევრად უფრო ძლიერი “არმიას” ორივე მატჩში დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და პირველ ტურში 13:17 დამარცხდნენ, ბოლნისში კი, არმიელებმა ბოლო წუთზე შორიდან გატანილი არეკნის ხარჯზე 16:15 იმარჯვეს. ახლა ადგილობრივი გულშემატკივარი და თავად მორაგბეები რევანშის იშტაზე არიან და ბრძოლაც დაუნდობელი იქნება.
განვლილ ხუთ ტურში “არმიამ” ხუთიდან ორი თამაში მოიგო (“ბათუმთან” და “არმაზთან”), მაგრამ ორივე აგვისტოში. ბოლო ორ ტურში ნიკო ჭავჭავაძის გუნდს წარმატებამდე სულ ცოტა დააკლდა და ორივეჯერ მინიმალური სხვაობით დამარცხდა (“ჯიქებთან” 12:13 და “აიასთან” 9:10), რაც იმის მანიშნებელია, რომ ის იოლად არაფერს დათმობს და მასპინძლებს დიდ ბრძოლას გაუმართავს.
პირველი გუნდების თამაში 16 საათზე იწყება, 13 საათზე კი, “მომავლის ყოჩები” “არმიას” დუბლებთან” ასევე წარმატებული სერიის გაგრძელებას ეცდება. დუბლებმა ხუთიდან ხუთი თამაში მოიგო, 22 ქულა აქვს და 3-ით ჩამორჩება რუსთავის “ხარებს”, რომელმაც ერთით მეტი შეხვედრა გამართა. ამრიგად, “არმიას” დამარცხებით “ყოჩები” პირველ ადგილზე დაბრუნდება. “არმიას” დუბლებმა ხუთი თამაშიდან სამი წააგი, ერთი მოიგო და ერთიც ფრედ დაასრულა. მათ “ბათუმმა” 66:0 და “ხარებმა” 52:0 აჯობა, მერე “არმაზს” 22:21 სძლიეს და “ჯიქებთან” მატჩი ფრედ დაასრულეს (10:10), 14 ოქტომბერს კი, “ავჭალაზე” “აიასთან” 5:27 დამარცხდნენ.
საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი 
VI ტური 
11 ოქტომბერი
ბოლნისი. “თამაზ სტეფანია”. 16:00 საათი
ყოჩები (ბოლნისი) – არმია (თბილისი) 
ყოჩები: 15. შავლეგ მახარაშვილი, 14. ირაკლი გეგენავა, 13. გიორგი ხარშილაძე, 12. რატი გარუჩავა, 11. ალექსი ხუციშვილი, 10. თემურ სოხაძე, 9. გიორგი ბეგაძე; 1. თემურ ჯინჭარაძე, 2. ირაკლი სვანიძე, 3. ლევან შენგელია, 4. მიხეილ არჩუაშვილი, 5. დავით გრძელიშვილი, 6. გიორგი ტყეშელიაძე, 7. ჯაბა კიკვიძე, 8. ნიკოლოზ ჩხიკვაძე.
სათადარიგოები: 16. გიორგი ხოსიტაშვილი, 17. დავით ხიდეშელი, 18. გიორგი ილიაევი, 19. ნიკო აფციაური, 20. ბექა გუგეშაშვილი, 21. გიორგი მელაძე, 22. ლევან გოგოლაშვილი.
თბილისი. “ავჭალა”. 16:00 საათი
ლოკომოტივი (თბილისი) – თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი)
ქუთაისი. “აია”. 16:00 საათი
აია (ქუთაისი) – ლელო (თბილისი)
12 ოქტომბერი
თბილისი. “ავჭალა”. 16:00 საათი
არმაზი (თბილისი) – ხარები (რუსთავი)
13 ოქტომბერი
თბილისი. “ავჭალა”. 17:00 საათი
ჯიქები (თბილისი) – ბათუმი (ბათუმი)
1. ყოჩები 5 5 0 0 118-61 21
2. ხარები 5 3 1 1 124-74 16
3. ლელო სარ. 5 2 2 1 83-70 12
4. ჯიქები 5 2 1 2 43-58 11
5. აია 5 2 0 3 71-89 10
6. ლოკომოტივი 4 2 0 2 65-54 10
7. არმია 5 2 0 3 61-91 10
8. არმაზი 4 2 0 2 68-69 9
9. ბათუმი 5 2 0 3 78-92 9
10. თიბიეს უნივ. 5 0 0 5 73-126 2

Share.

Comments are closed.