აგროდაზღვევასთან დაკავშირებით ბოლნისში საინფორმაციო სახის შეხვედრა მოეწყო

0

agrodazrg.4დღეს ბოლნისის საზოგადოებას „ჯი პი აი“ ჰოლდინგის წარმომადგენლებმა აგრო დაზღვევის პირობები გააცნეს.
„აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში აქტიურადაა ჩართული სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი“ ჰოლდინგი, სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში ვესტუმრეთ ბოლნისს და ადგილობრივ მეეწარმეებს გავაცანით სადაზღვევო პაკეტის პირობები.
ეს არის საპილოტე პროგრამა, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ საქართველოში ხშირია ისეთი სტიქიები, როგორიცაა სეტყვა, ჭარბი ნალექი, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა, რომლის შედეგადაც ზარალდება გლეხი. სასოფლო-სამეურნეო კულტურის დაზღვევა აქამდეც არსებობდა, თუმცა არც თუ ისე ხელმისაწვდომი იყო გლეხისთვის მისი ფასიდან გამომდინარე. დღეს კი სწორედ ის მომენტია, როდესაც მეწარმე იხდის ძალიან მიზერულ თანხას, დანარჩენს კი ფარავს სახელმწიფო, რაც უფრო მიმზიდველს და ხელმისაწვდომს ხდის დაზღვევას გლეხისთვის“. –აღნიშნა სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი“ ჰოლდინგის ქვემო ქართლის გაყიდვების მენეჯერმა ია ჩხარტიშვილმა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტის მართვის სააგენტო აგროდაზღვევის პროგრამის განხორციელებას იწყებს, რომლის მიზანია: აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო სფეროში დასაქმებული პირების კონკურენტუნარიანობის ამაღლება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნება და რისკების შემცირება. აღნიშნული პროგრამისთვის სახელმწიფომ 5 მილიონი ლარი გამოყო.
დასაზღვევად მიიღება მხოლოდ ისეთი მიწის ნაკვეთები, რომლებზეც წარდგენილია საკადასტრო კოდი, აზომვითი ნახაზი ან GPS კოორდინატები.
პროგრამაში ჩართულები არიან საქართველოს ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიები: „ჯი პი აი“ ჰოლდინგი, „ალდაგი“, „აისი“ ჯგუფი, „ირაო“ და „ქართუ“.
სადაზღვევო კომპანიები ვალდებულებას იღებენ, რომ პროექტში მონაწილე ფერმერს გაუფორმონ აგროდაზღვევის ხელშეკრულება. დამზღვევი ვალდებულია სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული სადაზღვევო პრემიის ნაწილი გადაიხადოს სადაზღვევო პოლისის გაცემისთანავე. სადაზღვევო პრემიის დარჩენილი ნაწილის გადახდას უზრუნველყოფს სააგენტო. სააგენტოს მიერ ერთ დამზღვევზე გადასახდელი სადაზღვევო პრემიის თანადაფინანსების თანხა არ უნდა აღემატებოდეს 30 000, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე 50 000 ლარს.
დაინტერესებულმა პირებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურს.

Share.

Comments are closed.