სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ბოლნისის მუნიციპალიტეტი ერთჯერად მატერიალურ დახმარებებს გასცემს

0

previewსოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით  უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახები, მარჩენალდაკარგულები, ინვალიდები და დევნილი ვეტერანები ბოლნისის მუნიციპალიტეტისგან ერთჯერად მატერიალურ დახმარებას მიიღებენ. დახმარების გასაცემად ადგილობრივი ბიუჯეტიდან  14100 ლარი გამოიყო.  ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიების გათვალისწინებით, ერთჯერად დახმარებას ბოლნისში მცხოვრები 47 ადამიანი მიიღებს.

,,მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ბოლნისში მცხოვრები ინვალიდები, დევნილი ვეტერანები, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის შემდეგ და ომის პერიოდში გარდაცვლილთა ოჯახები მიიღებენ ერთჯერად მატერიალურ დახმარებას, რომელიც გასული წლებისგან  განსხვავებით  წელს 300 ლარით განისაზღვრა.  მოგეხსენებათ, ბევრმა ბოლნისელმა შესწირა საკუთარი სიცოცხლე  საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენი ვალია ყურადღება გამოვიჩინოთ მათი ოჯაების მიმართ,“ – აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა  და სოციალური დაცვის სამსახურის, სოციალური განყოფილების უფროსმა შავლეგ მუშკუდიანმა.

სოხუმის დაცემიდან  21 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.  ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა 13 თვისა და 13 დღის შემდეგ, სოხუმის დაცემით დასრულდა. ომმა აფხაზეთში 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცისა და მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 250 000 ადამიანი დევნილად იქცა.


Share.

Comments are closed.