საჯარო უწყებებში სტაჟირების პროგრამა იწყება

0

44373_44373_998409_288_43030_913564_unnamed_650საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საჯარო უწყებებში სტუდენტების სტაჟირების პროგრამა იწყება. ათასობით სტუდენტს შესაძლებლობა ექნება, სტაჟირება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში გაიაროს.
პროგრამის დეტალებზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძემ და საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა ეკა ქარდავამ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრეს. 

ნინო კობახიძის განმარტებით, სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამაში დარეგისტრირება 15-დან 25 სექტემბრამდე იქნება შესაძლებელი. სტუდენტებს საშუალება ექნებათ, საკუთარი მონაცემები განათავსონ ელექტრონულ ბაზაში, ვებ-გვერდზე – www. stajireba.gov.ge.

„სტაჟირების პროგრამა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ საჯარო მოხელისთვის აუცილებელი პროფესიული გამოცდილება და საჯარო უწყებების მუშაობის პრინციპებს გაეცნონ. პრემიერის ინიციატივის მიზანია, სტუდენტებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და გაუმჯობესების საშუალება მიეცეთ. საჯარო უწყებებში სტუდენტების სტაჟირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალგაზრდებისთვის დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების შექმნას”, – აღნიშნა ნინო კობახიძემ.
შემუშავდა სტაჟირების ერთიანი სტანდარტი, რაც საჯარო სამსახურში ჯანსაღი კონკურენციის შექმნას და დასაქმების ხელმისაწვდომობას წაახალისებს.
საჯარო უწყებებში სტაჟირების პროგრამა უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, საჯარო სამსახურის ბიუროსა და 28 აკრედიტებულ უნივერსიტეტს შორის პროგრამის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
„ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია განათლება და დასაქმება. სტაჟირების პროექტი არის ამ მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი”, – განაცხადა ნინო კობახიძემ.
სტაჟირების პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენტებს, რომელთაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%); სტაჟირების გავლის შესაძლებლობა აქვთ, აგრეთვე, იმ კურსდამთავრებულებსაც, რომლებიც აკმაყოფილებენ აღნიშნული მაღალი აკადემიური მოსწრების მოთხოვნებს და მათი სწავლის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელზე მეტი.
როგორც ბრიფინგზე საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა ეკა ქარდავამ განმარტა, სტუდენტები სტაჟირებას თავიანთი სპეციალობის შესაბამის სტრუქტურებში გაივლიან.
სტაჟიორთა მიღების მიზნით, საჯარო დაწესებულება წელიწადში ორჯერ განსაზღვრავს სტაჟიორთა სავალდებულო კვოტას, რომელიც უნდა შეადგენდეს, სულ მცირე, დაწესებულების შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობის 10%-ს.
პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, სტაჟირება ერთჯერადია, რათა რაც შეიძლება მეტმა სტუდენტმა თუ კურსდამთავრებულმა ისარგებლოს პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობით.
თუ კურსდამთავრებული საკუთარი საგანმანათლებლო პროფილის შესაბამისი სტაჟირების ყველა ვაკანტური ადგილის ამოწურვის გამო ვერ მოხვდება სასურველ უწყებაში, ის ჩაირიცხება რეზერვში და სტაჟირების მომდევნო ნაკადის ფორმირებისას ავტომატურად განაწილდება მის მიერ არჩეულ საჯარო დაწესებულებაში.


Share.

Comments are closed.