რა სიახლეები იგეგმება ბოლნისის №3 საჯარო სკოლაში

0

10717794_568174189978867_451261474_nბოლნისის №3 საჯარო სკოლაში  სასწავლო პროცესში ჩართულობის მიზნით შეიქმნება მშობელთა კლუბი, სკოლის რეიტინგის გასაგებად მოხდება საზოგადოების გამოკითხვა. საბაზისო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრის კუთხით სკოლაში მოეწყობა სხვადასხვა პროფესიის წარმატებულ ადამიანებთან შეხვედრები.

„ეროვნული პროგრამით გათვალისწინებული სიახლეების გარდა, გვინდა ჩვენი სტრატეგიული გეგმები განვახორციელოთ. პირველ რიგში უნდა ვიმუშაოთ მშობლების სასწავლო პროცესში ჩართულობაზე. ამ მიზნით სკოლაში ვაპირებთ სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებას. შევქმნით მშობელთა კლუბს, ჩავატარებთ ტრეინინგებს. კლუბის წევრები აქტიურად ითანამშრომლებენ მასწავლებლებთან და გააცნობენ საკუთარ შეხედულებებს ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ.

გარდა ამისა, ვიმუშავებთ მოსწავლის პროფესიული ორიენტაციის მიმართულებით. ამასთან დაკავშირებით მოვაწყობთ შეხვედრებს საინტერესო ადამიანებთან, რომლებიც მოსწავლეებს გააცნობენ, თუ როგორ გახდნენ წარმატებულები, რამდენად საინტერესოა მათი სპეციალობა. ვითანამშრომლებთ ბოლნისში არსებულ საწარმოებთან. ბავშვებს ძალიან აინტერესებთ რომელი პროფესიაა ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი, პოპულარული და პრესტიჟული. ასეთი სახის საინფორმაციო შეხვედრები  მოსწავლეებს დაეხმარებათ პროფესიის სწორად შერჩევაში.

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ტაოპრივატ ბანკის ინიციატივით სკოლაში შეიქმნა  ბიზნეს ჯგუფი, რომელშიც ჩაერთო 24 მოსწავლე, მათ ჩაუტარდებათ სემინარები საბანკო საქმის კუთხით, რაც ასევე ძალიან კარგად აისახება  ბავშვებზე, რომლებიც ამ სპეციალობით აპირებენ სწავლის გაგრძელებას. ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა სწავლების დონე იყოს მაღალი, რაც ჩვენი მთავარი მიზანია. ამასთანავე ძალიან მაინტერესებს, როგორია საზოგადოების აზრი  სკოლის შესახებ, ამიტომ ჩავატარებთ გამოკითხვას, რათა გავიგოთ რას მოითხოვს ჩვენგან თითოეული მშობელი, რა მიმართულებით უნდა გავამახვილოთ ყურადღება და ა.შ. ” –აღნიშნა №3 საჯარო სკოლის დირექტორმა მზია დანელიამ.

№3 საჯარო სკოლამ წელს 10 პირველკლასელი მიიღო. გასული სასწავლო წელი კი 9 მოსწავლემ დაამთავრა. აქედან ოთხმა მიიღო ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა და ოთხივე წარმატებით ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში.


Share.

Comments are closed.