რა საფრთხეს უქმნის მოსახლეობას ახლომდებარე ნაგავსაყრელი

0

nagavsayreli 1ბოლნისის ცენტრალური ნაგავსაყრელი ყურადღებას თავისი მრავალფეროვნებით იპყრობს, ნაირ-ნაირი ფერის პოლიეთილენის პარკებით დახუნძლული ბუჩქები ნატვრის ხეს მოგაგონებთ. ბოლნისი, რომელიც კოპწია ქალაქადაა ცნობილი, სწორედ ამ ჰაერით სუნთქავს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში კი ნაგავსაყრელთან სულ რაღაც 200 მეტრში მცხოვრები მოსახლეობაა. არსებულ ეკოლოგიურად რთულ პირობებს ის მაწანწალა ცხოველებიც ვეღარ უძლებენ, რომლებმაც თავი ნარჩენების გროვას შეაფარეს. სამწუხაროდ, აქ არა მარტო ცხოველებს, არამედ ჯართის შეგროვებით დაკავებულ ადამიანებსაც შეხვდებით, ისინი ლუკმა-პურის ფულს შეგროვილი ნარჩენებით შოულობენ. გარდა ცენტრალური ნაგავსაყრელისა, ხელოვნურად შექმნილი უამრავი ნაგვის გროვაა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ფიროსმანის ქუჩის ბოლოში მცხოვრებლებიც ცნობილი მიზეზის გამო ეზოში იშვიათად სხდებიან. გამონაკლის შემთხვევაშიც კი საუბრის მთავარი თემა არაუტიზირებული ნაგავსაყრელია. სკვერი კი, რომელიც ადგილობრივების თხოვნით წლების წინ აშენდა, ბავშვებისთვის დაკეტილია, რადგან ქვეწარმავლებისა და მწერების ბუდედ არის ქცეული. მდგომარეობას ის ფაქტიც ამძიმებს, რომ ქარს პოლიეთილენის პარკები დასახლებამდე ჩამოაქვს.

„დაახლოებით 15 წელია ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ და სულ ერთი და იგივე სიტუაციაში გვიწევს ყოფნა, აქ გველების ბუდეა, საშინელებაა. ბავშვები შიშით გარეთ ვერ გამოგვიშვია. სახლთან ახლოს არის ნაგავსაყრელი და საშინელი სუნია, იმდენი ბუზია, რომ გადაშავებულია აქაურობა. ნაგავსაყრელიდან ჩამოჟონილი სისველე ორმოში გროვდება და დასახლების ახლოს ჭაობი დგას, ჩვენი ძალებით ჩავყარეთ მიწა, მაგრამ იმას რა ამოავსებს. ძალიან ცუდ მდგომარეობაში გვიწევს ყოფნა, მოსახლეობაც ღამით, ჩუმად აქვე ყრის ნაგავს და ამას არავინ აკონტროლებს.” –  აღნიშნა ფიროსმანის ქუჩის მცხოვრებმა მაგული უგრეხელიძემ.

რევაზ შაინიძე, ქალაქ ბოლნისის მკვიდრი:

_ ეგრეთწოდებულ ტაფანზე ყოველდღიურად მიწევს წასვლა და ამ ნაგავსაყრელის გავლა. პირდაპირ საშინელებაა, ღობეები გახსნილია. აქ რას არ ნახავთ, მაწანწალა ძაღლები, მკვდარი ცხოველები. ადამიანებიც ხშირად დადიან, მიწას თხრიან, ეძებენ ჯართს. ოდნავ ნიავზე პოლიეთილენის პარკები ჰაერში ფრიალებს.

ნაგავი მდინარეში არ ხვდება, თუმცა პრობლემას სხვა მთელი რიგი საკითხები იწვევს. ნაგავსაყრელზე ხშირად ნახავთ შინაურ ცხოველებს, გარდა ამისა მოსახლეობისთვის სერიოზულ საშიშროებას დასახლებულ პუნქტებთან ახლოს ნარჩენების აალების შედეგად წარმოქმნილი კვამლიც იწვევს. ორგანული ნარჩენების წვის შედეგად წარმოქმნილი მეთანი, რომლის თვითაალებაც ხდება, სიცოცხლისთვის სახიფათოა, მოსახლეობას კი ამ ჰაერის სუნთქვა უწევს.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომლებიც გარემოს დაცვის კუთხით მუშაობენ, მუდმივად უწევთ მოსახლეობასთან შეხვედრა და მათი ინფორმირება, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია დაბინძურებულ გარემოს და ხელოვნურად წარმოქმნილ ნაგავსაყრელებს.

გია დემურაშვილი, ქვემო ქართლის საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრის თავმჯდომარე:

_ ნაგავსაყრელი ინფექციის გავრცელების კერაა. სამწუხაროდ, ბოლნისში ცენტრალური ნაგავსაყრელის მდგომარეობა მოგვარებული არასოდეს ყოფილა. ღობეები გარღვეულია, საქონელი შედის, რომელიც სულ ადვილად შეიძლება დაავადდეს. საწარმოებიდან და საავადმყოფოებიდან გატანილი ნარჩენები არ უნდა იყრებოდეს ასე, ამისთვის ცალკე ორმოები უნდა იყოს გამოყოფილი, ასევე მკვდარი ცხოველები უნდა იმარხებოდეს, ნაგავსაყრელი ყველანაირად საზიანოა მოსახლეობისთვის. წვიმის და თოვლის დროს ნაჟური წყალი (სითხე, რომელიც გროვდება ნაგავსაყრელზე) შეიცავს ტოქსიკური დაბინძურების ფართო სპექტრს, რაც იწვევს გრუნტის და ზედაპირული წყლების დაბინძურებას. ნარჩენების წვის პროცესები და მათი დაშლა იწვევს ჰაერის ძლიერ დაბინძურებას. მარნეულში შენდება ნაგავგადამამუშავებელი ქარხანა, ეს ძალიან კარგია. ცენტრალური ნაგავსაყრელის გასუფთავება და გატანა მოხდება, თუმცა ხშირია ხელოვნურად შექმნილი ნაგავსაყრელები. ბოლნისში რომ გაიაროთ მდინარის, ხევის და გორების ნაპირებში, უამრავ პატარ-პატარა ნაგვის გროვებს შეხვდებით, უკონტროლოდ ყრიან ნაგავს. მდინარეში მკვდარი ცხოველებიც ბევრჯერ გვინახია. მოსახლეობას აქ ნაგვის დაყრა რომ აუკრძალო, მაშინ მათ რაღაც ალტერნატივა უნდა შესთავაზო. ამიტომ, სახელმწიფომ ამ კუთხით უნდა ბევრი იმუშაოს, გამოყოს თანხები. ჩვენი საქმეა ვიმუშაოთ მოსახლეობასთან. ქარხნის აშენებით ნაგავსაყრელის პრობლემის მთლიანი აღმოფხვრა მალე მაინც ვერ მოხდება. ნელ-ნელა მეტი ურნების დადგმით, ნარჩენების ხშირი გატანით, უკანონო ნაგავსაყრელებიც აღარ იქნება.

სპეციალისტების შეფასებით ნაგავსაყრელთან მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. მითუმეტეს, რომ ამ ტერიტორიაზე ნაგვის კერა წლებია არსებობს. ნაგავსაყრელი იზიდავს მღრღნელებს, ინფექციის გადამტან მწერებს და სხვა მავნე ორგანიზმებს. მტვერი, სუნი და დანაგვიანება უარყოფითად მოქმედებს ადგილობრივ მოსახლეობაზე.

გოგი ურუმაშვილი, ეპიდემიოლოგი ჯანდაცვის სამსახურში:

_ნაგავსაყრელზე ხშირად ხვდება მკვდარი ცხოველები, ეს დაავადების გავრცელების საშიშროებას ქმნის. შინაური ცხოველები, რომლებიც ნაგავსაყრელზე ხშირად არიან, შეიძლება დაავადდნენ ტრიქინელოზით, რომელიც შემდეგ გადადის ადამიანზე. თუ არ ხდება ნაგვის დამუშავება, ამ ტერიტორიის დეზინფექცია, ბუზები მრავლდება, მწერები კი სხვადასხვა ნაწლავური დაავადებების გადამტანები არიან. მრავლდება ვირთხები, ქვეწარმავლები, რომელიც ახლო მცხოვრებ მოსახლეობას უქმნის პრობლემას. ნაგავსაყრელის მონიტორინგი ჯანდაცვის სამსახურში არ შედის. ადრე, როცა სანეპიდსადგური არსებობდა, ორმოები გვქონდა გაკეთებული, თავდახურული ბეიკერები, სადაც მკვდარი ცხოველები თავსდებოდა.

ცენტრალურ ნაგავსაყრელზე, რომელიც 1978 წელს აშენდა ბოლნისში, ყოველდღიურად ტონობით ნაგავი იცლება. ტერიტორია, რომელიც გამოიყო, დღეს უცხოელი ექსპერტების შეფასებით არანაირ ნორმებს არ აკმაყოფილებს. კანონით გათვალისწინებულია, რომ მოსახლეობიდან ის კილომეტრის დაშორებით უნდა იყოს განთავსებული, თუმცა ბოლნისის ცენტრალური ნაგავსაყრელი 800 მეტრში მდებარეობს, ხოლო ხელოვნურად წარმოქმნილი ნაგვის გროვები დასახლებულ პუნქტთან 200 მეტრშია განთავსებული. ნაგავსაყრელს ზედამხედველი მხოლოდ დღის საათებში ჰყავს, მაშინ, როცა ნაგვით დატვირთული მანქანები ნაგავსაყრელზე იცლება. როგორც კომუნალური მეურნეობის სამსახურის უფროსი აღნიშნავს, წელიწადში ორჯერ ხდება ნაგავსაყრელის გაწმენდა, დატკეპნა, რის შედეგადაც აქ თორმეტ მეტრიანი დასაწყობებული ნაგვის გროვები წარმოიქმნა.

შმაგი სვანიძე, შპს „კომუნალური მეურნეობის სამსახურის“ უფროსი:

_ მოგახსენებთ, რომ ამ მხრივ ბოლნისის რაიონში სავალალო მდგომარეობაა, მუშაობის პერიოდში მონაწილეობა მაქვს მიღებული არაერთ სემინარში, რომელიც ამ კუთხით ტარდება. გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ჯგუფები იყო შექმნილი, საპილოტე პროგრამად ქვემო ქართლი იქნა შერჩეული, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. გადაწყდა, რომ მარნეულში აშენდება ერთი დიდი საწარმო, სადაც განთავსდება ნაგავი. რამდენიმე დღის უკან გვქონდა შეხვედრა, სადაც მოხდა პროექტის „ქვემო ქართლში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელის მშენებლობა” განხილვა. გვქონდა შენიშვნები, რამდენიმე ალტერნატივა შევთავაზეთ, ერთ-ერთი დაპრესვის მეთოდია, ათი ნაგავმზიდის ნაცვლად დაპრესილ ნარჩენებს ერთი ტრანსპორტი უზრუნველყოფს. მიმდინარეობს პროექტის დამუშავება. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ტერიტორია უკვე შერჩეულია. გამოყოფილია 22 ჰექტარი მიწის ფართობი, სადაც ევროპული სტილის ნაგავსაყრელი აშენდება, ჩვენ როგორ ვიქნებით ამ პროექტში ჩართული ეს შესწავლის პროცესშია, განხორციელების შემდეგ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღარ დარჩება ნაგვის არცერთი გროვა.

P.S  ვიდრე პრობლემა საბოლოოდ გადაწყდება, ფიროსმანის ქუჩის მოსახლეობის ნაწილს,  ისევ უსიამოვნო გარემოსთან მოუწევს შეგუება. მანამდე კი, ძნელია განსაზღვრო რამდენის ოჯახში მოხვდა, ან მოხვდება ნაგავსაყრელზე გამოკვებილი ცხოველის ხორცი თუ რძის ნაწარმი, რომელიც ინფექციური დაავადების გავრცელების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს.

მაგდა დევნოზაშვილი

Share.

Comments are closed.