მუნიციპალიტეტების რეესტრის წარმოებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განახორციელებს

0

cardi dgesსაჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს კიდევ ერთი ახალი ფუნქცია აქვს. ამიერიდან უწყება მუნიციპალიტეტების რეესტრს აწარმოებს.  შესაბამის ცვლილებას თვითმმართველობის ახალი კოდექსი ითვალისწინებს. მუნიციპალიტეტების რეესტრს  თვითმმართველობის ახალი კოდექსის ამოქმედებამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აწარმოებდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ახალი ფუნქციის გადმოცემის მიზანი ქვეყანაში არსებული ყველა რეესტრის ერთ ორგანოში თავმოყრა, მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და  მუნიციპალიტეტების რეესტრის მონაცემთა  სრულყოფაა.

ცვლილების შედეგად, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრები მთავრობის მიერ განსაზღვრული წესისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დადგინდება. შემდეგ კი, თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, მუნიციპალიტეტების რეესტრში რეგისტრაციის მიზნით სააგენტოს წარედგინება.

ახალი რეგულირება ეფექტურ სახელმწიფო მექანიზმს ქმნის მუნიციპალიტეტებს შორის საზღვრებთან დაკავშირებული  დავების მოსაგვარებლად. ამასთან, ის მომსახურების მიღებას მნიშვნელოვნად უმარტივებს თავად მუნიციპალიტეტებსაც, რომლებსაც ამიერიდან საშუალება ექნებათ, დოკუმენტების ჩაბარებისა თუ ამონაწერის მიღებისთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებს, იუსტიციის სახლებსა და ავტორიზებულ პირებს მიმართონ. აღნიშნული მომსახურების მიღებას ისინი საფასურის გარეშე შეძლებენ.

სააგენტო მუნიციპალიტეტების შესახებ მონაცემთა აღრიცხვას ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე, ცენტრალიზებულად განახორციელებს. ერთიანი სრულყოფილი რეესტრის შექმნა და საზღვრების დადგენა, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტების მმართველობითი ფუნქციის ეფექტურად განხორციელებასაც.

მუნიციპალიტეტების რეესტრში დაცული მონაცემები,  სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია. აღსანიშნავია, რომ  სააგენტოს ვებგვერდზე www.reestri.gov.ge უკვე განთავსებულია მონაცემები თითოეული მუნიციპალიტეტის შესახებ. საჭიროა, რომ მუნიციპალიტეტებმა ეს მონაცემები  რეალურ სურათს შეადარონ და ნებისმიერი არასრული  ინფორმაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აცნობონ.


Share.

Comments are closed.