„მომავლის გუნდის” სამიდან სამი!

0
pirvel-cr-300x200ბოლნისის “ყოჩების” “მომავლის გუნდმა” წლევანდელი სეზონი წარმატებულად დაიწყო. გუნდმა მესამე თამაში ჩაატარა და სამივე გამარჯვებით დაასრულა, თანაც ისე, რომ ბოლო ორში მეტოქეებს აშკარად აჯობა და პრემიალური ქულები მიითვალა. 
მესამე ტურში ბოლნისელებმა ქუთაისის “აიას” უმასპინძლეს და მომხვდური 45:10 დაამარცხეს. უნდა ითქვას, რომ სტუმრები შეთხელებული შემადგენლობით გვეწვია, სულ ორი სათადარიგო მორაგბე ყავდა და ამის გამო მეორე ტაიმში შერკინებები მიწოლის გარეშე ინიშნებოდა. მაგრამ “ყოჩები” ამ სეზონში ისეთ ფორმაშია, ძნელად წარმოსადგენია “აიას” თუნდაც სრული შემადგენლობით წარმატებისთვის მიეღწია. 

თამაში მასპინძლების აქტიურობით დაიწყო, ბიჭებმა ხელდახელ შეუტიეს, თამაში გაშალეს, ნიკა ცირეკიძემ და მახო ქუშაშვილმა ხაზი გაჭრეს და ამ უკანასკნელმალელო გაიტანა. მალე ვახო ჯაფარიძის ინდივიდუალურ გარღვევას მეორე ლელო მოყვა. მან ფეხით გადაკიდებული ბურთი თავის ნახევარზე აიღო, პირველ მბოჭავს დაუსხლტა და ცრუმოძრაობებით ლელომდე 55 მეტრი ირბინა. ტაიმის შუაში იერიშის გაშლით ლელოს გატანა ვერ მოხერხდა, მაგრამ ზედ კარის წინ საქმეში ბურჯები ჩაერთვნენ და ბურთი ქუთაისელთა ჩათვლის მოედანში კვლავ ჯაფარიძემ დაამიწა. გიორგი აბდუშელიშვილმა სამივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა -21:0! 
“ყოჩებმა” ტაიმის ბოლო სრულად ჩააგდო და ორი საპასუხო ლელოთი დაისაჯა, მაგრამ გარდასახვები არაზუსტი იყო და შესვენებაზე 11-ქულიანი უპირატესობით გავიდა. მეორე ტაიმი “ყოჩებმა” კვლავ ყოჩაღად დაიწყეს, ჯაფარიძემ სწრაფად გაათამაშა თავისუფალი, სივრცე ნახა და ხაზი გაჭრა, ის მცველებმა ჩათვლის მოედნიდან სამიოდე მეტრში შეაჩერეს, ორივე ფლანგზე უპირატესობა იყო, მაგრამ მორკინალებმა შეტევის დასრულება საკუთართავზე აიღეს, ბურთი მოლით ლელოში შეიტანეს და 5 ქულა საკუთარ ანგარიშზე გივი რეხვიაშვილმა ჩაიწერა. აბდუშელიშვილი კვლავ ზუსტი იყო.
მეხუთე ლამაზი კომბინაციის შედეგად გავიდა, რომელიც მარცხენა ალამთან ცირეკიძემ დააგვირგვინა. მეორე ტაიმის მიწურულს ისევ “აია” უტევდა, თუმცა, “ყოჩებმა” საკუთარ 22-ში მოიპოვა ბურთი, მიხეილ რეხვიაშვილის წამოწყებული იერიში კარგად მახო ქუშაშვილმა გააგრძელა, რომელიც მეტოქის ჩათვლის მოედანს 30 მეტრამდე მიუახლოვდა, კონტაქტში ბურთი კვლავ მიხეილ რეხვიაშვილს დაუბრინა და მანაც ლელო ძელებსშუა გაიტანა. სულ ბოლოს კონტრშეტევაზე ხაზი ჯაფარიძემ გაჭრა, ნიკა გაფრინდაშვილმა იერიში ვერ გააგრძელა, მაგრამ ბურთი შეინარჩუნა, ჯაფარიძემ ამჯერად ვიქტორ რეხვიაშვილი მოძებნა და მეშვიდე ლელო გავიდა – 45:10.
მოკლედ, “ყოჩების” “მომავლის გუნდმა” თამაშ-თამაშით უკვე 14 ქულა მოაგროვა, ლიდერთა შორისაა და შარშანდელისგან განსხვავებით, წელს ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდად მოგვევლინება.
ბოლნისი. “თამაზ სტეფანია”. 100 მაყურებელი (დუბლები)
ყოჩები (ბოლნისი) – აია (ქუთაისი) 45:10 (21:10)
ყოჩები: 15. ლუკა კვარაცხელია (გიორგი გურეშიძე), 14. ზაურ ნიკოლაშვილი (მიხეილ რეხვიაშვილი), 13. ნიკა ცირეკიძე, 12. მახო ქუშაშვილი, 11. გიორგი შარმადინი (ვიქტორ რეხვიაშვილი), 10. გიორგი აბდუშელიშვილი, 9. ვახო ჯაფარიძე; 1. შოთა მაღრაძე (გიორგი ხერვიაშვილი), 2. კახა მახარაშვილი, 3. გიორგი გოგიძე (გიორგი ირემაძე), 4. ნიკა გაფრინდაშვილი, 5. გივი რეხვიაშვილი (დავით რეხვიაშვილი), 6. გიორგი ცაგარეიშვილი, 7. ბექა რეხვიაშვილი, 8. დემურ ეფრემიძე.

Share.

Comments are closed.