მარნეულში საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

0

10682711_10152704951397230_265501527_oქვემო ქართლის რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს პროექტი „ქვემო ქართლში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელის მშენებლობა“ განიხილეს და გააცნეს.   საკონსულტაციო შეხვედრა ორგანიზებული იყო კომპანია Ore Arwp and Pertners Ltd მიერ. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მარნეულის ტერიტორიაზე უკვე გამოიყო 22 ჰექტარი მიწის ფართობი, სადაც უნდა აშენდეს ევროპული სტილის ნაგავსაყრელი, რომელიც ხუთ მუნიციპალიტეტს მოემსახურება (მარნეული, ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო და წალკა) შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პროექტი, რომელიც დამუშავების პროცესშია. მოხდა მასში მითითებული ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის განხილვა,  იმისთვის, რომ ტენდერში გამარჯვებულმა საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიამ მშენებლობა განახორციელოს, ყველა მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა ოდენობის თანხა უნდა აიღოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD). შეხვედრაზე ორი ვარიანტი განიხილეს. პირველი, მუნიციპალიტეტების მიერ აღებული  სესხით ევროკავშირის სტანდარტების გათვალისწინებით რეგიონული ნაგავსაყრელი აშენდება, აგრეთვე მოხდება ოთხი ნაგავმზიდი სადგურის მშენებლობა (ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო, წალკა) და ნაგავმზიდი ტრანსპორტის შეძენა, რომელიც სადგურებიდან გადაზიდავს ნარჩენებს ნაგავსაყრელზე.

მეორე ვარიანტი კი არ ითვალისწინებს ნაგავმზიდი სადგურის მშენებლობას, მუნიციპალიტეტებიდან წამოღებული საყოფაცხოვრებო ნარჩენები პირდაპირ ნაგავსაყრელზე დაიყრება. პირველი ვარიანტის დაწუნების შემდეგ გაიმართა დისკუსია, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების აღნიშვნით ამ სახის მომსახურება დიდ ხარჯებს მოითხოვს,  თუ არ მოხდება ნარჩენების დაპრესვა ნაგავსაყრელი 25 წლიანი ექსპლოატაციის მაგივრად ათ წელში ამოივსება.

შმაგი სვანიძე, შპს „კომუნალური მეურნეობის სამსახურის“ უფროსი:

– პროექტის მიხედვით პირდაპირ უნდა მოხდეს ნარჩენების გადატანა ნაგავსაყრელზე, ეს დიდ ხარჯებს მოითხოვს, რაც მოსახლეობის ეკონომიურ მდგომარეობაზე მოახდენს გავლენას, დაწესდება გადასახადი,  ჩვენ შევთავაზეთ რამდენიმე ალტერნატივა, ერთ-ერთი დაპრესვის მეთოდია, ათი ნაგავმზიდის ნაცვლად დაპრესილ ნარჩენებს ერთი ტრანსპორტი უზრუნველყოფს. ნაგავსაყრელის აშენების შემდეგ სრულად მოგვიწევს  სოფლების მომსახურება, ეს კი ძალიან ძვირი დაგვიჯდება, ვინაიდან მუნიციპალიტეტმა სესხი უნდა აიღოს და შეიძინოს მანქანები, ამას დაემატება გადაზიდვის ხარჯები, რასაც ნამდვილად ვერ შევძლებთ. ყველა მუნიციპალიტეტი განსხვავებული რაოდენობის სესხს იღებს, ბოლნისზე სავარაუდოდ 5000 ევროა ნავარაუდები, მუნიციპალიტეტს ამდენის შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, პოლიგონს ბოლნისში გააკეთებდა. მსგავსი შეხვედრები კიდევ იქნება“.

შეხვედრაზე კომპანიის ექსპერტმა ისაუბრა გარემოს დაცვით და სოციალურ ანალიზზე, რომლის განსაზღვრის მიზანია დაადგინოს და შეაგროვოს მონაცემები და მოახდინოს საკვანძო საკითხების იდენტიფიცირება, რომელიც ექვემდებარება გარემოსდაცვის და სოციალური ანალიზის დეტალურ შესწავლას, დაინტერესებული მხარეების შეხედულებებისა და მოსაზრებების შეგროვებას.

მაია გაჩეჩილაძე, ექსპერტი ეკოლოგიურ და სოციალურ დარგში:

– პროექტი დასაწყისის სტადიაშია, ახლა კეთდება ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასება და პროექტის ეკოლოგიურ სოციალური ანალიზი, ვაგროვებთ წინადადებებს, შენიშვნებს რომ შემდგომში განვიხილოთ და დავხვეწოთ პროექტი. ამ თვალსაზრისით საინტერესო და სასარგებლო შეხვედრა გამოვიდა“.

„ჩვენ რადგან ევროპული ოჯახის წევრი ქვეყანა გავხდით, შესაბამისად ეკოლოგია და გარემო პირობები უნდა დავიდეს ევროსტანდარტების დონეზე. პროექტიც სწორედ  ამას ითვალისწინებს, მოეწყობა თანამედროვე ნაგავსაყრელი, რომელიც გარემოზე ნაკლებ ზეგავლენას მოახდენს, ვიმსჯელეთ დადებით და უარყოფით მხარეებზე.  –აღნიშნა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ზაურ ტაბატაძემ.

ამჟამად საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანია ძველი ნაგავსაყრელის მოწესრიგებისა და დახურვით სამუშაოებს აწარმოებს, ობიექტის კეთილმოწყობა ოქტომბრის ბოლოსთვის დასრულდება, ხოლო ახალი ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის მშენებლობა, რომლისთვისაც ადგილი მარნეულის ტერიტორიაზე უკვე შეირჩა, 2017 წლამდე უნდა აშენდეს.

10707637_10152704954337230_1805498617_o


Share.

Comments are closed.