თანამედროვე ტიპის ვაშლის ბაღი სოფელ ფარიზში

0

vaslis bari1ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და  პირველმა მოადგილემ მედიის წარმომადგენლებთან ერთად  მოინახულეს სოფელ ფარიზის ტერიტორიაზე მდებარე ქართულ-უკრაინული კომპანია „GU FRUIT“-ი, სადაც  უკრაინელი ინვესტორის მიერ გაშენებულია ვაშლის ბაღი. ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ მონაწილეობა მიიღო ვაშლის  კრეფაში. უკრაინელი ინვესტორი ბოლნისის მუნიციპალიტეტში გასულ წელს ჩამოვიდა,  იტალიიდან და უკრაინიდან ჩამოტანილი თერთმეტი სხვადასხვა ჯიშის ვაშლის ნერგები 17 ჰექტარზე გააშენა. დღეს ვაშლის ბაღში 55000  ნერგია, ინვესტორი ვალერი მიშენკო ბაღის 100 ჰექტრამდე გაფართოებას გეგმავს. ბაღი თანამედროვე ევროპული სტანდარტებით არის მოწყობილი, ნერგების სარწყავად წვეთოვანი სისტემაა დამონტაჟებული, სტიქიისგან ვაშლის ბაღს დამცავი ბადე იცავს. მოსავლის მისაღებად ნერგებს 2 წელი სჭირდება, ინვესტორმა წელს პირველი მოსავალი მიიღო – ჰექტარზე 7 ტონა ვაშლი.

„საქართველოში ევროპასთან შედარებით ეკოლოგიურად სუფთა გარემოა და მეტი მოსავალი მოდის. თუ იქ შეწამვლა ხდება 32-ჯერ, აქ წელიწადში 12-ჯერ ვწამლავთ, ყოველ მორწყვაზე 3-დან 5 კგ-მდე სასუქს ვუმატებთ, რომელიც სპეციალურ დანადგარში იფილტრება და ამ სახით მიდის ნერგებამდე, ნაკლები სასუქის მოხმარების საშუალებას ქართული ნოყიერი მიწა იძლევა. ეს ინვესტიცია ვერ განხორციელდებოდა,  რომ არ უწყობდეს ხელს საქართველოს კანონი. 5 წლის განმავლობაში ვგეგმავთ ტერიტორიის 100 ჰექტრამდე გაზრდას.“ –აღნიშნა ფერმის გენერალურმა დირექტორმა ქამანდარ მამედოვმა.

უკრაინელმა ინვესტორმა კომპანიაში მილიონ ორასი ათასი ევროს ინვესტიცია განახორციელა, სოფელში სამუშაო ადგილები გაჩნდა. დასაქმებულია ადგილობრივი მუშახელი. მუდმივ შტატში 11 აზერბაიჯანელია, მათი თვიური ანაზღაურება 500-700 ლარამდეა. ხოლო ვაშლის კრეფის სეზონზე 10-დან 50 მუშამდე ემატება, მათ დღიური ანაზღაურება აქვთ 20 ლარის ოდენობით. ვაშლის ხეები ჯუჯა ტიპისაა, მოსავლის აღებისას სპეციალურ უნიფორმებს და კალათებს იყენებენ. მოსავლის აღებაში მონაწილეობას იღებს უკრაინელი ინვესტორის შვილი ილია მიშენკო.

„წელიწადნახევარია რაც ჩამოსულები ვართ და მინდა ვთქვა, რომ აქ არაჩვეულებრივი ნიადაგი  და ძალიან მშრომელი ხალხია, კანონი კი გამჭვირვალეა, რითაც ვერ შეედრება უკრაინა. ამ ინვესტიციის განხორციელება საქართველოში იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ თქვენს ქვეყანაში შესაძლებელია მიწის მფლობელობაში შესყიდვა, სხვანაირად ამხელა ინვესტიციის ჩადება  თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. ბაღი იტალიური სტანდარტებით არის გაშენებული.  ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ, იგეგმება მაცივრების შეძენა, რითაც საშუალება მოგვეცემა შევინახოთ პროდუქტი რეალიზაციამდე“. –აღნიშნა ილია მიშენკომ.

იუბი გამბაროვი, მუშა:

– დიდ მადლობას ვუხდი ინვესტორს, რომ დაგვასაქმა. ანაზღაურება და სამუშაო პირობები კარგია, ჩვენს მოვალეობაში შედის ხეების მოვლა-პატრონობა, მორწყვა, მოსავლის დაკრეფა და ა.შ.

გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი:

– მონაწილეობა მივიღეთ ვაშლის კრეფაში. თანამედროვე სტილით მოწყობილი ბაღი მეორე წელია რაც არსებობს. უკრაინელი ინვესტორი ბაღის გაფართოებას გეგმავს. სოფლის მეურნეობის წინსვლა სწორედ იმაშია, რომ ფერმერებმა  ნახონ როგორ შეიძლება  დღეს არსებული მოძველებული ტექნოლოგიის, თანამედროვე ინტენსიური მეურნეობით ჩანაცვლება. ჩვენი სურვილია მეტმა ადგილობრივმა ფერმერმა იხილოს ეს ბაღი და საკუთარ ნაკვეთზე სცადოს გაშენება. ვაშლის ბაღამდე მისასვლელი სამკილომეტრიანი გზა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, შევეცდებით ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, უახლოეს მომავალში მოვაწესრიგოთ, რათა ფერმერმა თავისუფლად შეძლოს  გადაადგილება.

მოსავლის რეალიზაცია ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე ხდება, მომავალში კი იგეგმება დუბაისა და საუდის არაბეთის ბაზრების ათვისება და რუსეთში გატანა. მომავალი წლისთვის უკრაინელი ინვესტორი 3000 ტონიანი ტევადობის შესანახი მაცივრის შეძენას გეგმავს,  ადგილზევე მოხდება წვენების გადამამუშავებელი დანადგარის დამონტაჟება და ვაშლის წვენის გამოხდა.

vasl.bar.5 vasl.bar.3 vaslis bari6

 


Share.

Comments are closed.