ეკომიგრანტებს ახალი ხელმძღვანელობის იმედი აქვთ

0

11ხატისოფელში  ჩასახლებული გელაძეების 5 სულიანი ოჯახი ერთ პატარა ე.წ. „სინკარებისგან” შეკრულ შენობაში ცხოვრობს, რომელსაც არც სახურავი და არც კარ-ფანჯარა აქვს. ოთახი, რომელიც გელაძეებისთვის საძინებელიც არის და სამზარეულოც, მეზობლების ნაჩუქარი მოძველებული ავეჯით არის გაწყობილი. აქ სიძველის და სიღარიბის კვალი ამჩნევია ყველაფერს. იატაკის არარსებობის გამო, ხშირად ჯანმრთელობის პრობლემაც ექმნებათ. აჭარიდან ცხოვრების რთულ პირობებს გამოქცეულმა ოჯახებმა თავი ბოლნისს შეაფარეს. უმუშევარ ცოლ-ქმარს ხშირად მეზობლები ეხმარებიან, მათი ერთადერთი შემოსავალი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისთვის განკუთვნილი დახმარებაა. დიასახლისის აღნიშვნით, სოციალური დახმარება თვიდან-თვემდე თავის რჩენისთვის  ძლივს ჰყოფნით.  ეკომიგრანტები პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ, რადგან ყოველდღიურად უწევთ სიღარიბესთან გამკლავება. ოჯახები, რომელთა ცხოვრებითაც დავინტერესდით, მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში არიან.

„ოთახში ისე წვიმს, როგორც გარეთ, ზამთრის დადგომის მეშინია. მძიმე პირობებში ვცხოვრობთ, ბავშვებს ენატრებათ ყველაფერი, მათაც უნდათ კომპიუტერი, კარგი ჩაცმა, მაგრამ ამის საშუალება სად გვაქვს, ლუკმა-პურს ძლივს ვყიდულობ სოციალური დახმარებით, მეზობლები გვეხმარებიან, სადაც ვცხოვრობთ, სახლი არ ჰქვია, ბუნაგია, რომელიც ჩვენი არც არის, რომ ჩამოვედით 50 სახლი აშენდა ეკომიგრანტებისთვის, აქედან 14 დასრულდა. ჩვენ არ შეგვხვდა დასრულებელი სახლი. იძულებულები ვიყავით თავი აქ შეგვეფარებინა. იატაკი არ გვაქვს, ბეტონზე კი ვცივდებით და ბავშვები ხშირად ავად მყავს. შეშაც არ გვაქვს, იმდენს ვპოულობთ, რომ სიცივეში არ დავიხოცოთ. იქიდან მეწყერს გამოქცეულები, აქ უარეს გაჭირვებაში აღმოვჩნდით. მუნიციპალიტეტის ძველმა ხელმძღვანელობამ რამდენჯერმე 100 ლარიანი ერთჯერადი დახმარება გაგვიწია, მაგრამ ამ თანხით ვერ შევძელით გადასახური მასალის შეძენა, გასულ წლებში შიფერიც მოგვცეს, მაგრამ მასალა ხომ უნდა, შენობა დაუსრულებელია. არ ვითხოვ მოწყობილ სახლს, ჭერი ჰქონდეს, რომ თავზე არ დაგვაწვიმოს”. – აღნიშნა დიასახლისმა.

ხატისოფელში დასახლებულ ოჯახებს არც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთები აქვთ, როგორც თავად აღნიშნავენ არენდები გაიცა, მაგრამ მათ გადახდის საშუალება არ ჰქონდათ, ამიტომ დარჩნენ მიწის გარეშე, რაც ისედაც მძიმე ეკონომიკურ პირობებს  უფრო მეტად ართულებს. ჩვენთან საუბარი მეზობელი ოჯახის დიასახლისმაც მოინდომა, მან თავისი გულისტკივილი დაუფარავად გვიამბო. გულო გელაძისგან განსხვავებით ინეზა გელაძე სოციალურ დახმარებას უკვე ერთი წელია აღარ იღებს. დიასახლისმა აღნიშნა, რომ სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზი მეუღლის მიერ აღებული თანხა იყო, რომელიც დროებითი სამუშაოს შედეგად მიიღო. მათი საცხოვრებელი პირობებიც უკიდურესად მძიმეა. იმისთვის, რომ თავი ირჩინონ ყოველდღიურად მძიმე მუშაობა უწევთ. „ასთმით დაავადებული შვილი მყავს. თუ სოციალური დახმარება არ აღმიდგა უფასო მედიკამენტებითაც ვეღარ ვისარგებლებ. კომისია იყო მოსული და პასუხს ველოდები. ჩვენ არ ვცხოვრობთ, ვარსებობთ, თავს ძლივს ვირჩენთ. სეზონზე აზერბაიჯანელებთან ვმუშაობთ, კარტოფილს ვიღებთ, მიწა არ გვაქვს, რომ რამე მოვიყვანოთ, სახლი არ ჰქვია სადაც ჩვენვ ცხოვრობთ, ბოლნისში რომ შენდებოდა ბინა გაჭირვებულებისთვის, შეგვპირდნენ იქ შეგასახლებთო, მაგრამ ჩვენთვის არაფერი მოიძებნა. არაერთხელ ვითხოვეთ დახმარება, ჩვენი განცხადებებიც დევს მუნიციპალიტეტში, სახლს სურათებიც არაერთხელ გადაუღეს, მაგრამ უშედეგოდ”.

მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება ახალგაზრდა ცოლ-ქმარსაც. სახლი, სადაც ისინი მრავალი წელი ცხოვრობდნენ, საკუთარი არ იყო, მეპატრონემ აჭარიდან ჩამოსახლებული ცოლ-ქმარი დროებით შეუშვა,

„იმ პირობით შეგვიშვა, რომ ფული ნელ-ნელა უნდა გადაგვეხადა და გვეყიდა, მაგრამ უმუშევრები ვართ და ვერ შევძელით თანხის შეგროვება, არც სოციალური დახმარება გვაქვს, ერთი ძროხა გვყავს და თავს იმით ვირჩენთ, მეპატრონე სახლის დატოვებას გვთხოვს, მისია, როგორ შევეწინააღმდეგებით. წასასვლელი არსად გვაქვს, ალბათ ღია ცის ქვეშ მოგვიწევს ღამის გათენება”. – აღნიშნა მზია ხიმშიაშვილმა.

ხატისოფელში ჩასახლებული ეკომიგრანტები ამ დღეებში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და თავიანთი მდგომარეობის გაცნობას აპირებენ.

მაგდა დევნოზაშვილი

BOLNISI.GE მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის და ლინკის მითითებით 


Share.

Comments are closed.