დაბა კაზრეთში სასმელ წყალზე ჩატარებული განმეორებითი სინჯების პასუხები ცნობილია

0

tap-waterდაბა კაზრეთში სასმელ წყალზე განმეორებითი სინჯები სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ერთობლივად რამდენიმე დღის წინ აიღეს. როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ ლაბორატორიული კვლევის შედეგებით ორ სინჯში, რომელიც დაბაში გაკეთდა, პესტიციდები არ აღმოჩნდა. სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ აღებული სამი სინჯიდან, ჯერ მხოლოდ ორის პასუხია ცნობილი და მესამე პასუხის მიღებისთანავე გააკეთებენ კომენტარს. წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, მესამე სინჯი სასმელი წყლის სათავე ნაგებობაზე გაკეთდა. შეგახსენებთ, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში სასმელი წყლის 4 სინჯი აიღეს. 29 აგვისტოს სააგენტომ მოუწოდა დაბის მოსახლეობას თავი შეეკავებინა სასმელი წყლის მოხმარებისგან.

„ლაბორატორიული კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ სასმელი წყლის 2 სინჯში პესტიციდების საერთო შემცველობა აღემატება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №58 დადგენილებით დამტკიცებულ „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის” მოთხოვნებს, კერძოდ:

1. დაბა კაზრეთის N157 კორპუსის ბინა N3-ში აღებულ სასმელ წყალში პესტიციდების საერთო შემცველობამ, ნაცვლად 0,05 მგ/ლ-სა, შეადგინა 0,14 მგ/ლ;
2. დაბა კაზრეთის I მიკრორაიონის N97/3 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სასმელ წყალში პესტიციდების საერთო შემცველობამ, ნაცვლად 0,05 მგ/ლ-სა, შეადგინა 0,3 მგ/ლ.

ამდენად, წყალი ამგვარი ქიმიური შემადგენლობით არ არის უვნებელი და წარმოადგენს პოტენციურ საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

სურსათის ეროვნული სააგენტო ურჩევს დაბა კაზრეთის N157 კორპუსსა და I მიკრორაიონის N97/3 კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას არ გამოიყენონ წყალი სასმელად და სურსათის მოსამზადებლად წყლის მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე.” – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 29 აგვისტოს გაავრცელა.

ამასთან, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელმა BOLNISI.GE -სთან საუბარში განაცხადა, რომ კომპანიამ წყლის სინჯები გამოსაკვლევად დამოუკიდებელ ლაბორატორიაში გააგზავნა, სადაც სიღრმისეული კვლევა ჩატარდება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წყლის ხარისხის სამსახურში დამოუკიდებელი ლაბორატორიის კვლევის პასუხებს ერთ კვირაში მიიღებენ.

მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა.

„სურსათის უვნებლობის სამსახურმა დაბა კაზრეთის  ორი  საცხოვრებელი  კორპუსიდან   სასმელი წყლის სინჯები აიღო. მათი დასკვნით  სასმელ წყალში აღმოჩნდა  პესტიციდები, შესაბამისად იყო მომართვა, რომ მოსახლეობა გაგვეფრთხილებინა  არ გამოეყენებინათ წყალი არც დასალევად,  არც სადილის მოსამზადებლად. გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ, როცა შეიტყო ამის შესახებ გადაწყვიტა, რომ სურსათის უვნებლობის სამსახურთან ერთად ჩაეტარებინა ახალი კვლევა, როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დასკვნიდან გახდა ცნობილი, სასმელ წყალში არ აღმოჩნდა პესტიციდები. ველოდებით დასკვნას სურსათის უვნებლობის სააგენტოდან, რომ საბოლოოდ გაირკვეს სიმართლე. ჩვენ არაფერს გამოვრიცხავთ,  სანამ ორივე დასკვნა არ გვექნება.’’ – აღნიშნა BOLNISI.GE-სთან  მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ დავით შერაზადიშვილმა.

10656588_10152660669127230_1996496698_n

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

BOLNISI.GE მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის და ლინკის მითითებით 

 

 


Share.

Comments are closed.