განმეორებითი კვლევის შედეგებმა დაადასტურა, რომ კაზრეთში სასმელი წყალი უსაფრთხოა

0

downloadთითქმის ათი დღეა დაბა კაზრეთის მოსახლეობა გაურკვევლობაშია, მიიღოს თუ  არა ონკანიდან ავსებული წყალი. დაბნეულობა 29 აგვისტოს სეს-ის მიერ გამოქვეყნებულმა განცხადებამ გამოიწვია. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კაზრეთის მოსახლეობას წყლის მიღებისაგან თავის შეკავება ურჩია.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში სასმელი წყლის 4 სინჯი აიღეს.

ლაბორატორიული კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ სასმელი წყლის 2 სინჯში პესტიციდების საერთო შემცველობა აღემატება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №58 დადგენილებით დამტკიცებულ „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის” მოთხოვნებს, კერძოდ:

1. დაბა კაზრეთის N157 კორპუსის ბინა N3-ში აღებულ სასმელ წყალში პესტიციდების საერთო შემცველობამ, ნაცვლად 0,05 მგ/ლ-სა, შეადგინა 0,14 მგ/ლ;
2. დაბა კაზრეთის I მიკრორაიონის N97/3 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სასმელ წყალში პესტიციდების საერთო შემცველობამ, ნაცვლად 0,05 მგ/ლ-სა, შეადგინა 0,3 მგ/ლ.

ამდენად, წყალი ამგვარი ქიმიური შემადგენლობით არ არის უვნებელი და წარმოადგენს პოტენციურ საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

სურსათის ეროვნული სააგენტო ურჩევს დაბა კაზრეთის N157 კორპუსსა და I მიკრორაიონის N97/3 კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას, არ გამოიყენოს წყალი სასმელად და სურსათის მოსამზადებლად წყლის მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე.” – ნათქვამია სეს – ის განცხადებაში.

აღნიშნულ შედეგს თავიდანვე გამოუცხადა უნდობლობა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ და სინჯები კვლევისათვის დამოუკიდებელ ლაბორატორიაში გადააგზავნა, საიდანაც პასუხები ჯერ არ მიუღიათ.

დამოუკიდებელი ლაბორატორიის კვლევის პასუხებამდე სასმელ წყალზე განმეორებითი სინჯები სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ერთობლივად რამდენიმე დღის წინ აიღეს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში 5 სექტემბერს განაცხადეს, რომ დაბაში განმეორებით გაკეთებულ ორ სინჯში პესტიციდები არ აღმოჩნდა. სურსათის ეროვნულ სააგენტოში მესამე სინჯის პასუხამდე, რომელიც სასმელი წყლის სათავე ნაგებობაზე ჩატარდა კომენტარისაგან თავი შეიკავეს. როგორც ჩვენთვის დღეს გახდა ცნობილი სააგენტომ სათავე ნაგებობის სინჯის პასუხიც მიიღო. 

BOLNISI.GE სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსს კახა სოხაძეს ესაუბრა:

– ჩვენს მიერ განმეორებით იქნა აღებული სინჯები და ის შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

რატომ მოხდა, რომ პირველად აღებული სინჯების ლაბორატორიული პასუხები იყო განსხვავებული?

– ჩვენ ამ თემაზე კვლავ ვმუშაობთ, მათშორის ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან გარკვეული კომუნიკაცია გვაქვს ამასთან დაკავშირებით. რთულია, გამიჭირდება ესე ერთბაშად რაიმე მიზეზის დასახელება თუ რატომ მოხდა, თუმცა ლაბორატორიის მიერ დაფიქსირებული იქნა ამ ნივთიერების შემცველობის მომატება წყალში. ჩვენი კანონმდებლობიდან გამომდინარე, კანონმდებლობა პირდაპირ გვავალდებულებს, რომ გავაკეთოთ მომხმარებლის ინფორმირება, იმიტომ რომ საკითხი იყოს ღია და გამჭირვალე, ვინაიდან ეს ნივთიერებები ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს, ეს არის ყველა საერთაშორისო შეფასებით აღიარებული. ჩვენ ვალდებული ვიყავით ეს ინფორმაცია გაგვეჟღერებინა სხვადასხვა საინფომაციო საშუალებებით.

– თქვენ უშვებთ იმას, რომ ლაბორატორიის პასუხი იყო მცდარი?

– მოგეხსენებათ, ლაბორატორიის კომპეტენციას ადასტურებს სხვა ორგანო, ეს არის ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი, თუ აკრედიტაცია ვალიდურია, ანუ ვადაში არის, სურსათის ეროვნულ სააგენტოს მის კომპეტენციაში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ აქვს.

– რომელ ლაბორატორიაში ჩატარდა კვლევა?

– კვლევები ჩატარდა  გ. ნათაძის სახელობის  სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში, როგორც მოგახსენეთ აკრედიტირებული ლაბორატორიაა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს მის კომპეტენციაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია. 

– როდის მიმართეთ მუნიციპალიტეტს მოსახლეობის გაფრთხილების რეკომენდაციით?

– ბოლნისის მუნიციპალიტეტს სხვა საკითხთან დაკავშირები მივმართეთ წინა კვირაში. როდესაც ჩვენთვის გახდა ცნობილი ამ ფაქტის შესახებ, ჩვენი ადგილობრივი სამმართველოს მიერ მოხდა მუნიციპალიტეტის საქმის კურსში ჩაყენება. ასევე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავავრცელეთ ინფორმაცია და ვაცნობეთ გაერთიანებულ წყალმომარაგებას.

თვლით, რომ საკითხი ამოწურულია და მოსახლეობისთვის წყალი საფრთხეს არ წარმოადგენს?

– განმეორებითი კვლევის შედეგებმა დაადასტურა, რომ წყალი უსაფრთხოა, თუმცა პირველი სინჯების შედეგის მიზეზის მოკვლევას ვაგრძელებთ.

BOLNISI.GE მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის და ლინკის მითითებით 


Share.

Comments are closed.