ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახალი განყოფილება ჩამოყალიბდა

0

imagesსაქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს თანახმად, გაუქმდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები, რაც თავისთავად გულისხმობს ტერიტორიული ორგანოების ლიკვიდაციას და რწმუნებულების და ამ ორგანოში მომუშავე სხვა საჯარო მოხელეების თანამდებობის გაუქმებას.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №20 დადგენილების თანახმად, განისაზღვრა ბოლნისის მუნიციპალიტეტის 15 ადმინისტრაციული ერთეული, სადაც დღეის მდგომარეობით დანიშნულია გამგებლის 14 წარმომადგენელი.

ახალამოქმედებული კანონით გამგებელი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დანიშნოს გამგებლის წარმომადგენლები. გამგებლის წარმომადგენლების უფლებამოსილება განისაზღვრება გამგეობის დებულებით (გამგებელს უფლება აქვს ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი).

გამგებლის წარმომადგენლის უფლებამოსილებების განსაზღვრის მიზნით ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განიხილება  ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის საკითხი.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებში არსებული პრობლემების შესწავლის და მათი უფრო სწრაფად მოგვარების მიზნით გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში შეიქმნა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული საკითხების შესწავლის, ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილება, რომლის უფროსად დაინიშნა გიზო კორტავა.

“ჩემი განყოფილების დაქვემდებარებაშია 21 უფროსი სპეციალისტი. გვევალება გამგებლის წარმომადგენელთან ერთად უზრუნველვყოთ მოსახლეობის კავშირი საკრებულოსთან და გამგეობასთან, ორგანიზება გავუწიოთ, ვაკონტროლოთ, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს და გამგებელს წარვუდგინოთ ინფორმაცია ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე საკრებულოსა და გამგებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

ორგანიზება გავუწიოთ ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობის გამოკითხვას და სახალხო განხილვების ჩატარებას.

ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენისას მოვამზადოთ წინადადებები დასახლებულ პუნქტებში დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ და ასევე ორგანიზება გავუწიოთ მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს.

შევიმუშაოთ წინადადებები ადმინისტრაციულ ერთეულებში ტერიტორიის დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ.

ესაა რაც ევალება ამ განყოფილებას და ჩემს დაქვემდებარებაში მყოფ უფროს სპეციალისტებს“. – აღნიშნა bolnisi.ge-თან გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საკითხების შესწავლის, ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსმა გიზო კორტავამ.

„რაც შეეხება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დანიშნული  გამგებლის  წარმომადგენლების უფლება-მოვალეობებს, ის უახლოეს საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდება იმ ფორმით, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ“. – აღნიშნა bolnisi.ge-თან ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა მართვის განყოფილების უფროსმა მიხეილ კორძაძემ.

1.გამგებლის წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2.გამგებლის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში. გამგებლის წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს გამგებელი.

3.გამგებლის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია და მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

4.გამგებლის წარმომადგენელი:

ა)გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

ბ)გამგებლის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;

გ)უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;

დ)გამგებლის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას;

ე)გამგებელს აწვდის ინფორმაციას ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამების და ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ;

ვ)მონიტორინგს უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში  კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს გამგებელს;

ზ)მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებების ორგანიზების საკითხებში;

თ)დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს ადმინისტაციული ერთეულის ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტს.

ი)გამგებელს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;

კ)გამგებლის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

 

  1. გამგებლის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით, რომელსაც იყენებს ამ დებულებით და კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.

ასევე გამგეობის დებულებას დაემატება მე-181  მუხლი და ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:

181 საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების გაცემის წესი

1.ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობის ფორმას ამტკიცებს გამგებელი. ცნობა გაიცემა მუნიციპალიტეტის სახელით.

  1. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს ცნობების ასლები.

Share.

Comments are closed.