„ყოჩები” ქვიშის რაგბის ჩემპიონია

0
10602585_582085288567879_2000001991_nბოლნისის “ყოჩები” 9-10 აგვისტოს ბათუმში გამართული ყოველწლიური ქვიშის რაგბის ტურნირის გამარჯვებული გახდა. გათამაშება მოყვარულთა და პროფესიონალებს შორის ცალ-ცალკე ჩატარდა და “ყოჩებიც” რაღა თქმა უნდა პროფესიონალებში გამოდიოდნენ, სადაც უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდები მონაწილეობდნენ. მწვრთნელებმა – ირაკლი გიორხელიძემ, რატი ურუშაძემ და გიორგი ხელაძემ ბათუმში შემდეგი მორაგბეები წაიყვანეს: დავით ხიდეშელი, კახა მახარაშვილი, გიორგი ილიაევი, ბექა გუგეშაშვილი, ნიკო აფციაური, გიორგი მაისურაძე, ვახტანგ ჯაფარიძე, რატი გარუჩავა, მალხაზ ქუშაშვილი, გიორგი მელაძე.

ერთ-ერთ მწვრთნელ რატი ურუშაძეს პირველ რიგში ტურნირის მნიშვნელობაზე დავეკითხეთ:
– ეს არის სახალისო ტურნირი, რომელიც 2006 წლიდან იმართება და პარალელურად, რაგბის პოპულარიზაციას ემსახურება. აგვისტოში ბათუმში დამსვენებელი მრავლადაა და თამაში მათ სტადიონზე იზიდავს. როგორც მოყვარულების, ასევე პროფესიონელების მხრიდან, ქვიშის რაგბი დაფასებული ტურნირია. ლამაზი სანახაობაა და ჩემპიონატის წინ, ერთგვარი გახურება ხდება. “ყოჩებს” ადრეც უთამაშია ქვიშის რაგბის ტურნირი და ერთხელ ფინალში იყო, წელს კი, ჩემპიონები გავხდით.
– რა მიზნით წავიდა წელს გუნდი ამ ტურნირზე?
– რაიმე განსაკუთრებულ მიზანს არ ვისახავდით. ისევე, როგორც პრაქტიკულად ყველა მონაწილე, ჩვენც ახალგაზრდებით გავემგზავრეთ ბათუმში, რათა მათი მდგომარეობა შეგვეფასებინა და საერთო ზეიმშიც მიგვეღო მონაწილეობა. ბიჭებმა კარგი თამაში აჩვენეს და მაყურებელსაც თვალსასეირო ფინალი შესთავაზეს, რომელშიც “აკადემიასთან” მარცხისთვის რევანში აიღეს და ტურნირის გამარჯვებულები გავხდით.
– თავად ტურნირის მსვლელობაზეც მოგვიყევით.
ჯგუფში “ბათუმი” 6:3, ხოლო ფოთის “კოლხი რაინდები” 7:1 დავამარცხეთ, მაგრამ 2:7 დავმარცხდით “აკადემიის” ძალიან კარგ გუნდთან, რომელიც ქვიშის რაგბის შარშანდელი გამარჯვებულია და მეორე ადგილი დავიკავეთ. მეორე ჯგუფში პირველ ადგილზე “არმია”, ხოლო მეორეზე “ლოკომოტივი” გავიდა. ბევრს არ ეჯერა არმიელებს თუ დავამარცხებდით, მაგრამ მათ დამატებით დროში 5:4 მოვუგეთ. ძირითად დროშიც შეიძლებოდა გამარჯვება, მაგრამ დრო უკვე ამოწურული იყო, როდესაც ბიჭები მოეშვნენ და ლელო მივიღეთ, თუმცა დამატებით დროში “ოქროს ლელოთი” ფინალში მაინც ჩვენც გავედით. იქ კვლავ “აკადემიასთან” მოგვიწია თამაში და ღირსეულ ბრძოლაში 5:4 ვიმარჯვეთ. პირველი მატჩის შემდეგ მოთამაშეებმა სწორი დასკვნები გამოიტანეს და ეს შედეგზეც აისახა. ვთვლი, რომ ქვიშის რაგბი მოთამაშეების ფიზიკურ, ტექნიკურ და გონებრივ განვითარებას უწყობს ხელს და იქ თამაში ყველა მორაგბეს 15-კაცა რაგბიში წაადგება.

Share.

Comments are closed.