სურსათის ეროვნული სააგენტო ურჩევს კაზრეთის მოსახლეობას არ გამოიყენოს სასმელი წყალი

0

downloadგაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში სურსათის ეროვნული სააგენტოს კვლევის შედეგებს არ ენდობიან და დამოუკიდებელი ლაბორატორიის პასუხს ელოდებიან

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში სასმელი წყლის 4 სინჯი აიღეს. 
ლაბორატორიული კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ სასმელი წყლის 2 სინჯში პესტიციდების საერთო შემცველობა აღემატება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №58 დადგენილებით დამტკიცებულ „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის” მოთხოვნებს, კერძოდ:

1. დაბა კაზრეთის N157 კორპუსის ბინა N3-ში აღებულ სასმელ წყალში პესტიციდების საერთო შემცველობამ, ნაცვლად 0,05 მგ/ლ-სა, შეადგინა 0,14 მგ/ლ;
2. დაბა კაზრეთის I მიკრორაიონის N97/3 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სასმელ წყალში პესტიციდების საერთო შემცველობამ, ნაცვლად 0,05 მგ/ლ-სა, შეადგინა 0,3 მგ/ლ.

ამდენად, წყალი ამგვარი ქიმიური შემადგენლობით არ არის უვნებელი და წარმოადგენს პოტენციურ საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

სურსათის ეროვნული სააგენტო ურჩევს დაბა კაზრეთის N157 კორპუსსა და I მიკრორაიონის N97/3 კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას, არ გამოიყენოს წყალი სასმელად და სურსათის მოსამზადებლად წყლის მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე.

გაერთიანებული წყალმომარაგების წყლის ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თამარ ნებიერიძე:

– ჩვენ ამ ანალიზებს არ ვენდობით და ვაკეთებთ თავიდან კვლევას. პასუხები როგორც კი გამოცხადდება მაშინვე გამოვაქვეყნებთ ჩვენს ვერსიას, რასაც ეგენი ამბობენ რომ პესტიციდებით არის დაბინძურება, ეს არის ყოვლად შეუძლებელი. წყალი ყარაბულახიდან მოდის, სათავე არის საერთო და თუ არის დაბინძურება კაზრეთში, ანალიზები აღებული აქვთ ბოლნისშიც, დმანისშიც და მარტო კაზრეთის რამდენიმე კორპუსი არის დაბინძურებული? ეს ხომ აბსურდია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მუდმივად ვაკეთებთ ანალიზს, ეხლა დამოუკიდებელ ლაბორატორიაში გვაქვს სინჯები გაგზავნილი.

– თუ დადასტურდა რომ ნამდვილად არის პესტიციდებით დაბინძურებული, საიდან შეიძლება მოხვედრილიყო ის წყალში? 

– ეს არის სასუქები, რომლებიც გამოიყენება სოფლის მეურნეობაში.

– ამ ნივთიერებით დაბინძურების მიზეზი შეიძლება თუ არა იყოს ოქროს საწარმო?

– არა, არა მადნეულიდან ნამდვილად არა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვინც იცის ყარაბულახის სათავე,  იცის, რომ შეუძლებელია იქიდან წყალი წამოვიდეს და მარტო კაზრეთის რომელიმე კორპუსში აღმოჩნდეს პესტიციდები. ამ წყლით მარაგდება ბოლნისი, დმანისი.

წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ დამოუკიდებელ ლაბორატორიაში ჩატარებული შედეგებიც დადებითი იქნება და აღმოჩნდება წყალი დაბინძურებული, კომპანიას სერიოზული ღონისძიებების გატარება მოუწევს. დამოუკიდებელი ლაბორატორიის კვლევის შედეგები ორ-სამ დღეში იქნება ცნობილი.

 

 

 

 


Share.

Comments are closed.