სოციალური საწარმოები ქვემო ქართლში – „ერთად ვიზრუნოთ მომავალზე“

0

lwilთოთხმეტი წლის ლეილა ისმაილოვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, მოზარდი ცერებრალური დამბლითაა დაავადებული, უჭირს გადაადგილება, რის გამოც გარეთ იშვიათად გამოდიოდა, ურთიერთობა ოჯახის წევრების გარდა არავისთან ჰქონდა და არც წერა-კითხვა იცოდა.

„სირთულეები ცხოვრებაში მატულობს, რომ არ ეყოლება მშობელი, მერე რას იზამს? თავს გავაქნევ ხოლმე რომ ამაზე არ ვიფიქრო“.

სწორედ ამგვარი საფიქრალის მქონე მშობელთა იდეის განხორციელება დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალი და სამყარომ“. ასოციაცია „თანხმობისა“ და ASB  დახმარებით სოფელ ნახიდურში შექმნა ,,მოსწავლე ახალგაზრდობის დღის ცენტრი’’. ცენტრი სკოლის ბაზაზე ფუნქციონირებს, სადაც ექვსი წრეა და ორმოცდაათ ბავშვამდეა მასში ჩართული.

ლეილა დღეს უკვე თანატოლების დახმარებით სკოლაში დადის, წერა-კითხვას ქართულ ენაზე სწავლობს. სოფელი ნახიდური ეთნიკური უმცირესობებით არის დასახლებული, ენობრივი ბარიერის გამო აზერბაიჯანულ მოსახლეობას უჭირს ინტეგრირება ქართულ საზოგადოებასთან. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შექმნილი სოციალური საწარმო უწყობს ხელს შშმ პირების და სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილების გააქტიურებასა და ინტეგრაციას საზოგადოებასთან. ლეილას ოჯახის წევრები ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, რომ მათი შვილი უმაღლესში ჩაბარებაზე იოცნებებდა. გოგონა სერიოზულად ეკიდება პედაგოგის მიერ მიცემული დავალებების შესრულებას. ქართული ენის შემსწავლელ გაკვეთილზე ლეილას გვერდით მაღალი კლასის მოხალისე მოსწავლეებიც არიან.  აზერბაიჯანელ გოგონებს განსაკუთრებით ქართული გრამატიკის გაკვეთილი უყვართ.

„ამ ბავშვებმა წლების წინ ქართული საერთოდ არ იცოდნენ, ახალგაზრდები გაუცხოებულები იყვნენ ერთმანეთთან, გოგონებს ტრადიციებიდან გამომდინარე არ ჰქონდათ განათლების მიღების შესაძლებლობა. შედეგი უკვე გვაქვს, დღეს ისინი  საუბრობენ ქართულ ენაზე, ვაწყობთ მრგვალ მაგიდას, სადაც განიხილება გენდერული საკითხები, ქალის აქტიურობა სამოქალაქო ღირებულებებში, ვმსჯელობთ შშმ პირებზე. იმართება ფილმების ჩვენება და დისკურსიები. ვაწყობთ ქართულ-აზერბაიჯანულ კულტურის დღეებს, ბავშვები კითხულობენ ლექსებს. პროექტის ფარგლებში შევიძინეთ ხმის გამაძლიერებელი. ღონისძიება ეზოში ეწყობა, რომელსაც სკოლის ყველა მოსწავლე ესწრება, ეს სტიმულს აძლევს ბავშვებს ისწავლონ ქართული ენა“. – აღნიშნავს სოციალური საწარმოს ხელმძღვანელი მარინა ბჟალავა.

 

nax 5nax 4nax 1დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის სოციალურ საწარმოში ფუნქციონირებს გახანგრძლივებული ჯგუფი, სადაც ათი-თორმეტი მოსწავლეა. პედაგოგი ლალი ყურაშვილი გვიამბობს, რომ ქართულ სექტორზე შემცირდა ბავშვების ნაკადი, რადგან არ ესმით სახელმწიფო ენა.

„გაკვეთილებზე ნასწავლი ქართული არ არის მათთვის საკმარისი, ეს ჯგუფი კი ეხმარებათ ადვილად დასძლიონ სკოლის პროგრამა, ადვილად შეასრულონ დავალებები, ვეხმარები გაკვეთილების მომზადებაში, პირველ კლასში რომ შემოდიან ბავშვები ერთი სიტყვაც არ იციან ქართული. ზოგი შშმ ბავშვია, უჭირს მეტყველება, თითოეულთან  ინდივიდუალურად ვმუშაობთ, თამაშებით ვამდიდრებთ სიტყვების მარაგს, ვაწყობთ დიალოგებს, ვუკითხვათ ზღაპრებს, ლექსებს. პროექტის არსი  მიღწეულია, ბავშვები  ხალისით მოდიან, კვირაში სამჯერ სამი საათი ვმეცადინეობთ. ეზოშიც გვაქვს ღია გაკვეთილები, უკვე ვისწავლეთ ელემენტარული სასაუბრო. სახელმძღვანელოები სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ მოგვაწოდა, ჩაგვიტარდა ტრენინგები, შევიძინეთ სპორტული ინვენტარი, გვაქვს ლოტო, მათემატიკური რიცხვების ადვილად დასამახსოვრებლად“.

სოციალურ საწარმოში ფუნქციონირებს ჭადრაკის წრეც, სადაც გოგონები და ბიჭები ერთად სწავლობენ, ისინი ერთმანეთთან არ კონტაქტობდნენ, დღეს კი ერთად თამაშობენ და საუბრობენ კიდეც. ასევე ფუნქციონირებს ქსოვის წრე. პროექტის ფარგლებში მოხდება ხელით ნაქსოვი ნივთების გამოფენა სახელწოდებით „საქართველო როგორც მრავალეროვანი ქვეყანა“. სექტემბრიდან კი მოსწავლეები შეისწავლიან ხელნაკეთი ნივთების დამზადებას და ქართულ ნაციონალურ ცეკვებს. პროექტის ფარგლებში მოგვარდა მრავალი წლის პრობლემა, სკოლაში წყლის სისტემა შეკეთდა და დაიდგა რეზერვუარი.

 

სოფელ ბოლნისში მდებარე ჟორა ხუბლარიანის კერძო სახლში დღეს უკვე საგანმანათლებლო დღის ცენტრი ფუნქციონირებს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ქვ.ქართლის ეთნოშორისმა ერთობამ“ შენობა იქირავა და სოციალური საწარმო შექმნა, სადაც სოციალურად დაუცველი სასკოლო ასაკის ჩვიდმეტი ბავშვი დადის. სოფელში საბავშვო ბაღის არარსებობის გამო პატარები მთელ დღეს ქუჩაში ატარებდნენ და სკოლაში მოუმზადებელი მიდიოდნენ. შენობა თანამედროვე სტილით გარემონტდა, გაკეთდა სველი წერტილები თბილი და ცივი წყლით, მოეწყო სამზარეულო, დამონტაჟდა კანალიზაციის სისტემა, პროექტის ფარგლებში გამოყოფილი თანხით მოხდა შენობის კეთილმოწყობა, ინვენტარის შეძენა. სოციალური საწარმოს შექმნით სოფელში გაჩნდა დასაქმების ადგილი. „ყოველდღიურად დიდ შრომას ვდებთ, საქმე ბავშვების აღზრდა-განვითარებასთან გვაქვს, დასაქმებულია ექვსი ადამიანი, ისინი გასაუბრების სახით ავიყვანეთ.  დაინტერესება მშობლებიდანაც დიდია“. – აღნიშნა სოციალური საწარმოს ხელმძღვანელმა კარინა ბეჟანიშვილმა.

საბავშვო ბაღში სწავლა დილის ათ საათზე იწყება. დღის ცენტრში სხვადასხვა განვითარებული ბაღებიდან აღებული მეთოდია დანერგილი. მიმდინარეობს ბილინგური სწავლება,  რაც გულისხმობს სომხურ და ქართულენოვან სწავლებას, ეუფლებიან უნარჩვევებს, აქ სწავლება თავისუფალი ევროპული სტილით მიმდინარეობს. საბავშვო  ბაღში ყოველი დილა მხიარულად იწყება. ენერგიული და სიცოცხლით სავსე აღმზრდელი არევიკ სოლომონიანი ფხიზლად იცავს პატარების ინტერესს. საწარმოს ხელმძღვანელი კი ჩართულია აღმზრდელობით პროცესში. „ბავშვები რომ მოვიდნენ ცენტრში, არ იცოდნენ ქცევის წესები, ქართულზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. გვაქვს სპეციალურად შედგენილი სამეცადინო პროგრამა, ვასწავლით ჯერ სიტყვებს, შემდეგ ლექსებს, ზღაპრებს,  კვირაში ერთხელ ვმართავთ თეატრს, ამისთვის გვაქვს სპეციალური სახელმძღვანელო, ვახმოვანებთ ზღაპრის გმირებს“.

qv. bol 4 qv. bol 6 qv. bol 3

არასამთავრობო ორგანიზაციამ მონაწილეობა მიიღო სოციალური საწარმოს დასახმარებლად გამოცხადებულ კონკურსშიც, ორიათას ლარიანი გრანტით მან  დღის ცენტრისთვის შეიძინა წიგნები, თანამედროვე სათამაშოები, რომელიც შემეცნებითი ხასიათისაა. ცენტრში სწავლა ოთხ საათამდეა, დღეში ორჯერადი კვებაა, რომელიც ბავშვების ფიზიკურ განვითარებაზეა მორგებული. სამზარეულოში კი მარინა პოღოსიანი და მისი დამხმარე ტრიალებს.

დღის ცენტრში საწარმოს ხელმძღვანელის ინიციატივით მოქმედებს მონიტორინგის ჯგუფი, რომელშიც მშობლები შედიან. ისინი მთელი დღის მანძილზე აკვირდებიან საბავშვო ბაღში მუშაობის პროცესს, ფუნქციონირებს შთაბეჭდილებების ჟურნალი.

„ერთჯგუფიანი ბაღისთვის ყველაფერი გვაქვს, აქ დასაქმებულებს დიდი შრომის ჩადება უწევთ, თუმცა ამას მონდომებით აკეთებენ, გვყავს ორი მოხალისე, რომლებიც ზრუნავენ ბავშვების სისუფთავეზე, ეხმარებიან მზარეულს. ვგეგმავთ ეზოს კეთილმოწყობას, დავდგამთ ატრაქციონებს, მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ბავშვები სრულფასოვან პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ“. – აღნიშნა საწარმოს ხელმძღვანელმა კარინა ბეჟანიშვილმა.

მშობლები დამატებით კიდევ ერთი ფასიანი ჯგუფის გახსნას ითხოვენ, რადგან  ბავშვთა ნაკადი დიდია.

„რაც  დღის ცენტრი გაიხსნა, სოფელში ცხოვრება გამოცოცხლდა,  გვინდა ბაღი ყველა ბავშვისთვის იყოს. კარგი პროექტია, მთელი დღე გასულები ვართ, ბავშვებს კი ყურადღება აკლდათ. რაც ეს ცენტრი გაიხსნა შეიცვალნენ, ისწავლეს ქცევის წესები, ლექსები,  ყურადღებიანი პედაგოგები არიან. კვებაც ძალიან კარგი აქვთ, სოფელში ასეთი ცენტრის არსებობა აუცილებელია“.

 

kaz 3ევა ბებო დაბა კაზრეთში მაღალსართულიან კორპუსში ცხოვრობს, მოხუცი 88 წლისაა, უჭირს სიარული, მიუხედავად იმისა, რომ შვიდი შვილი ჰყავს, ხშირად  მარტო იყო, როგორც თვითონ გვიამბობს მთელი დღე ისე გადიოდა სახლის კარს არავინ გააღებდა. სანამ ეს ადამიანები გამოჩნდებოდნენ, მეზობლების იმედად იყო. დაბაში ბევრი მოხუცია ევა ბებოს დღეში, თუმცა პროექტის ფარგლებში შექმნილი სოციალური საწარმო მხოლოდ ჩვიდმეტ ადამიანზეა გათვლილი. არასამთავრობო ორგანიზაციამ „ქალთა ინიციატივა“ შეისწავლა მოხუცების მდგომარეობა სოციალური სააგენტოდან მიწოდებული სიების საფუძველზე, თავად გაეცნო მათ პირობებს და ჩვიდმეტი გაუსაძლის პირობებში, სრულიად მარტო დარჩენილი ადამიანი შეარჩია. შექმნა ოთხ კაციანი მობილური ჯგუფი, რომლებიც მოხუცებს კვირაში რამდენჯერმე, საჭიროებიდან გამომდინარე, აკითხავენ, ზრუნავენ მათ სისუფთავეზე, ჯანმრთელობაზე, ულაგებენ სახლს და გვერდში უდგანან.  მოხუცებმა იგრძნეს ადამიანების  თანადგომა და სიყვარული, ისინი პერსონალის მომსახურებით კმაყოფილები არიან.

„დავბერდი შვილო და  მიმატოვეს, სანამ შემეძლო ყველას გვერდში ვუდექი, ახლა ავად ვარ,მიჭირს სიარული, სიკვდილსაც დავავიწყდი, თუმცა გამოჩნდნენ ეს კეთილი ადამიანები,რომლებიც სრულიად უფასოდ მიწევენ დახმარებას, სახლს მილაგებენ, საჭმელსაც მიკეთებენ, წამლებს მასმევენ, კიბეზე ვერ ჩავდივარ, ამიტომ მაღაზიაშიც მეგზავნებიან, არაჩვეულებრივი გოგოები არიან, ეს პროექტი რომ დამთავრდება, მერე რა მეშველება, ალბათ თავს მოვიკლავ“. – ამბობს ევა ბებო.

ექთანი მოხუცებს ექიმის დანიშნულებით მკურნალობს, უწევს პირველად სამედიცინო დახმარებას, მრეცხავი კი ზრუნავს მათ სისუფთავეზე, ტანსაცმელს პროექტის ფარგლებში შეძენილი სარეცხი მანქანით რეცხავს. მზრუნველი კი უშუალოდ მოხუცებს უვლის, სახლს ალაგებს, როგორც გეგეციკ დელბარიანი გვიამბობს:

„დილის რვა საათზე მოვდივარ, სახლს ვალაგებ, მოხუცებს ვუვლი, მათ თვალებში ვხედავ რომ დაუბრუნდათ იმედის სხივი, ხშირად გვირეკავენ, გვთხოვენ უბრალოდ მოვიდეთ, უყვართ  ჩვენთან საუბარი, ოჯახის წევრებივით მიგვიღეს“.

ალექსანდრე ყაფლანიშვილი კი ტექნიკური დამხმარეა. ოთხ კაციანი მობილური ჯგუფი ყოველთვის მუდმივ მზადყოფნაშია.

kaz 4 kaz1 kaz 2

„პროექტით გამოყოფილ თანხაში შევიძინეთ სარეცხი მანქანა, ექთნისთვის პირველადი დახმარების სამედიცინო ხელსაწყოები და მედიკამენტები, სარეცხი საშუალებები, ფხვნილები. მუშაობის პროცესში უამრავი პრობლემა გამოიკვეთა, შეძლებისდაგვარად ვაგვარებთ, გვეხმარება ასოციაცია „თანხმობა“. ძალიან რთულია, მოხუცები სხვადასხვა მაღალსართულიან კორპუსებში ცხოვრობენ, მობილურ ჯგუფს კი გადაადგილება ფეხით უწევს, ერთმანეთს ეხმარებიან და დიდი მონდომებით ასრულებენ სამუშაოს. მთავარია რომ მოხუცებმა საკუთარი თავი სხვაგვარად დაინახეს. მობილური ჯგუფის წევრების ანაზღაურება არ არის იმხელა, რამდენსაც იმსახურებენ, თუმცა სწორედ პროექტია ამ სახის, თუ არა ადამიანების კეთილი ნება, ისე ვერ შეძლებ მსგავს პორექტში ჩართვას, თავდაპირველად წინააღმდეგობებიც გვქონდა, ხალხს ვერ წარმოედგინა, რომ შეიძლებოდა უანგაროდ ვიღაცას დავხმარებოდით.’’– აღნიშნა სოციალური საწარმოს ხელმძღვანელმა მადონა ყაფლანიშვილმა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს პროექტი „ქვემო ქართლის რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა მუნიციპალიტეტის რეფორმის პროცესში საჯარო სტრუქტურებსა და არასამთავრობო სექტორს შორის სოციალური პარტნიორობის განვითარების გზით“. პროექტს ახორციელებს გერმანიის მუშა სამარიტელთა კავშირი (ASB) და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“. მათი სამიზნე ჯგუფებია სოფლებში მცხოვრები ღარიბი მოსახლეობა, რომლებიც პროექტის ფარგლებში იღებენ სოციალურ სერვისებს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში სამი სოციალური საწარმო შეიქმნა, რომელსაც წინ უძღოდა შეხვედრები როგორც მოსახლეობასთან, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან. პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. ჩატარდა კვლევა, თერთმეტი პროექტიდან სამი საწარმო შეირჩა და ცხრა ათასი ევროთი დაფინანსდა. სოციალური საწარმოები  2013  წლის თებერვალში შეიქმნა, რომელიც  მორგებულია ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ მომსახურებაზე, იგი ჩვეულებრივ მოგებაზე მორგებული საწარმოებისგან განსხვავებულია, რადგან რეინვესტირებას  აკეთებს თემში. სოციალური საწარმო ქმნის სამუშაო ადგილებს ნაკლებად კონკურენტუნარიანი ჯგუფებისთვის.

საწარმოებს მონიტორინგს უწევენ პროექტის ხელმძღვანელები. ისინი თვეში რამდენჯერმე ჩამოდიან და ადგილზე აკვირდებიან მუშაობის პროცესს, ამოწმებენ და შედეგებს ბენეფიციარებისგან იგებენ.

ასოციაცია „თანხმობის“ კოორდინატორი სოფა ბერია სოციალური საწარმოების მუშაობას ბოლნისის მუნიციპალიტეტში დადებითად აფასებს. „პროექტის დასრულების შემდეგ საწარმოებს თავის თავის შენახვა თვითონ მოუწევთ, რომ არ მოხდეს სოციალური საწარმოების დახურვა, საჭიროა მუნიციპალიტეტმა მათი მეურვეობა იკისროს და ფინანსურად დაეხმაროს.                                                                                                                                          პროექტის ფარგლებში 2013 წლის 22 აპრილს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ბოლნისის მუნიციპალიტეტთან, რომ დეკემბრიდან სოციალური საწარმოს მოვლა-პატრონობა თავის თავზე აიღოს.

,,სექტემბრიდან პროექტის ხელმძღვანელობასთან ერთად დავიწყებთ ბიზნეს ჯგუფების და მეცენატი ადამიანების მოძიებას, რომ ნაწილობრივ მაინც მოხდეს   საწარმოების დაფინანსება. ამას რამდენად შევძლებთ დრო გვიჩვენებს. მუნიციპალიტეტი კი შეეცდება გვერდში დაუდგეს და ფინანსურად დაეხმაროს სოციალურ საწარმოებს’’. – აცხადებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე დავით შერაზადიშვილი.

პროექტი ერთწლიანია.  იმისთვის, რომ არ დაიხუროს სოციალური საწარმოები და ბენეფიციარები ისევ უყურადღებოდ არ დარჩნენ, საწარმოს ხელმძღვანელები გაცნობითი ხასიათის ღონისძიებას მოაწყობენ. შეეცდებიან  დამატებით სპონსორების მოძებნას და გრანტის მოპოვებასაც, რათა ერთად იზრუნონ მომავალზე. საქართველოში სოციალური საწარმოების სერვისი ახალია, მის გასავითარებლად კი დიდი როლი ენიჭება სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას, სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს.

მაგდა დევნოზაშვილი


Share.

Comments are closed.