„მომავლის გუნდის” ბრწყინვალე გამარჯვება

0
kafar-cr-300x200ბოლნისის “ყოჩების” “მომავლის გუნდმა” საქართველოს დუბლშემადგენლობის წლევანდელი გათამაშება ბრწყინვალედ დაიწყო და ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვა.
მეორე მატჩში ბოლნისელები “შევარდენზე” “ჯიქებს” დაუპირისპირდა, მეტოქეს ქულა არ ააღებინა, თავად შვიდი ლელო გაიტანა და 43:0 მოგებით, პრემიალური ქულაც მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მეტოქეს “ყოჩების” ჩათვლის მოედნის აღების შანსი პრაქტიკულად არ მისცემია, ჩვენს გუნდს კი, უფრო დიდი სხვაობით მოგების შანსიც ჰქონდა.

დებიუტში ფეხით თამაში რომ გაჩაღდა, “ყოჩებმა” მეტოქის 22-ში დერეფნის მოწოდენის უფლება მიიღო და პირველი, ლამაზი ლელოც გავიდა. ბურთის მოგების შემდეგ იერიში მარცხენა ფლანგზე სწრაფად გაიშალა, მოსხეპილმა გრძელმა პასმა ორი მოიერიშე ერთი მწველის წინააღმდეგ დატოვა და გიგი გაბუნიამ ანგარიში გახსნა. მალევე გაბუნიამ და გიორგი აბდუშელიშვილმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს და მორიგი ლამაზი შეტევა ლელოთი ნიკა ცირეკიძემ დაასრულა. ტაიმის შუაში აბდუშელიშვილი-გაბუნიას წყვილს კიდევ ერთი ლელოს გატანის შანსი მიეცა, მაგრამ პირველის მიერ ფეხით ჩაკიდებულ ბურთს მეორემ ვერ მიუსწრო.
შესვენების წინ ანგარიში მაინც გაიზარდა, როდესაც ჯარიმის სწრაფად გათამაშების შემდეგ ძელებსშუა ბურთი მალხაზ ქუშაშვილმა დაამიწა. აბდუშელიშვილმა სამიდან ორი გარდასახვა გამოიყენა და ტაიმი 19:0 დასრულდა. მეორე ტაიმის დებიუტში ვახტანგ ჯაფარიძემ კარის წინ 25 მეტრში გაათამაშა სწრაფად ჯარიმა, ის ჩათვლის მოედნიდან 10 მეტრში შეაჩერეს, მაგრამ იერიში მარცხენა ფლანგზე გაიშალა და მიზანს შოთა ქავთარაძემ უწია, ხოლო აბდუშელიშვილმა გარდასახვა გამოიყენა. 
მეორე ტაიმში თამაში თითქოს აირია და ამის გამო რამდენიმე სალელოვე შანსი გამოუყენებელი დარჩა, მაგრამ ინდივიდუალური გარღვევების შემდეგ, რაქიდან ბურთი გიორგი ოღაძემ აიტაცა და ჩათვლის მოედანში დაამიწა. მეექვსე ლელო ჯაფარიძის ინდივიდუალურ გარღვევას მოყვა და ძალიან ლამაზი გამოვიდა. ის მოედნის ცენტრიდან ჯერ განი-გან დაიძრა, მცველებს შორის დერეფანი რომ მოძებნა სუფთად გაძვრა და ლელომდე 50 მეტრი ირბინა. სულ ბოლო ოღაძემ კიდევ ერთი ლელო მიითვალა საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 43:0! 
ამრიგად, შარშანდელი გათამაშების აუტსაიდერი, წელს ორი ტურის შემდეგ ერთ-ერთ ლიდერად გვევლინება, ლამაზ, სწრაფ და ხელდახელ რაგბის აჩვენებს და იმედია, აღებული სტარტი ბოლომდე შენარჩუნდება.
თბილისი. “შევარდენი”. II ტური. დუბლები
ჯიქები (თბილისი) – ყოჩები (ბოლნისი) 0:43 (0:19) 
ყოჩები: 15. გიგი გაბუნია, 14. ზაურ ნიკოლაშვილი, 13. ნიკა ცირეკიძე, 12. მალხაზ ქუშაშვილი, 11. გიორგი შარმადინი, 10. გიორგი აბულაშვილი, 9. ვახტანგ ჯაფარიძე; 1. გიორგი გოგიძე, 2. კახაბერ მახარაშვილი, 3. შოთა მაღრაძე, 4. ნიკა გაფრინდაშვილი, 5. დემურ ეფრამიძე, 6. შოთა ქავთარაძე, 7. გიორგი მაისურაძე, 8. გიორგი ელიაევი.
სათადარიგოები: გიორგი რეხვიაშვილი, გიორგი ირემაძე, გიორგი ხელაძე, ბექა რეხვიაშვილი, დავით რეხვიაშვილი, გიორგი ოღაძე, ვიქტორ რეხვიაშვილი, მიხეილ რეხვიაშვილი.

Share.

Comments are closed.