დაბა კაზრეთში ჯილეხით ორი ადამიანი დაინფიცირდა

0

cms-image-000006612დაბაში მცხოვრებმა კონსტანტინე ჯაყელმა საქონელი რამდენიმე კვირის წინ დმანისის ბაზარზე შეიძინა, მეგობრებთან ერთად დაკლა, ხორცის დამუშავების შემდეგ ორი მათგანი ჯილეხით დაავადდა. რეაგირება სურსათის უვნებლობის სამსახურიდან მალევე მოჰყვა, კაზრეთში კარანტინი გამოცხადდა და პირუტყვის საშემოდგომო აცრები დაიწყო.

დაინფიცირებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ორივე მათგანს კანის მსუბუქი ფორმა აღენიშნება და ამჟამად მკურნალობას სახლში გადიან.

ჯილეხი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც დაავადებული  ცხოველის მოვლის, დაკვლის, ხორცის ან სხვა პროდუქტების დამუშავების, ნიადაგთან კონტაქტის დროს  გადაეცემა ადამიანს. ადამიანი ჯილეხით  შეიძლება რამდენიმე სახით დაავადდეს: კანის ფორმა (ჭრილობა, ნაკაწრი), გასტროინტესტინური, (კუჭ-ნაწლავის), ოროფარინგული (ხახის) და ინჰალაციური (ფილტვის) ფორმით. მსგავსი სიმპტომების დაფიქსირების შემთხვევაში უნდა მოხდეს ექიმთან დროული კონსულტაცია.

„მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ მიუხედავად ამ ფაქტის დაფიქსირებისა, საშიშროება ბოლნისის მუნიციპალიტეტში არ არის, რადგან  ჯილეხზე ვაქცინაცია ჩატარებული გვაქვს, ახლა ვაწარმოებთ იმ პირუტყვის აცრებს, რომელიც არ იყო აცრილი გაზაფხულზე.  კაზრეთში კარანტინია გამოცხადებული, მოსახლეობას მოვუწოდებთ დაეხმარონ ჩვენს ვეტერინარებს, რომლებიც სრულიად უფასოდ ატარებენ ვაქცინაციას, თავი  შეიკავონ საქონლის თვითნებურად დაკვლისაგან“. – აღნიშნა ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის  წარმომადგენელმა ამირან მეგრელიძემ.


Share.

Comments are closed.