ბოლნისის „ყოჩები” თბილისის „არმაზს” უმასპინძლებს

0
samo_0-cr-300x200საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის განახლებამდე ერთი დღე რჩება. მთელი ტურნირის პირველი, გახსნითი მატჩი 15 აგვისტოს, ბოლნისში გაიმართება და 17:30 საათზე დაიწყება. 
ორთვენახევრიანი მზადების შემდეგ, ბოლნისის “ყოჩები” თბილისის “არმაზთან” სათამაშოდ ემზადება. ასპინძაში გამართული შეკრების შემდეგ, გუნდის ნაწილმა ბათუმის ქვიშის რაგვის ტურნირი მოიგო, ახლა კი, სრული შემადგენლობით “ავჭალაზე” პირველი შეხვედრისთვის ემზადება. გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე მოთამაშე-მწვრთნელი რატი ურუშაძე გვიყვება.

– როგორ ჩაიარა ასპინძის შეკრებამ და რამდენადაა გუნდი მზად ჩემპიონატის პირველი თამაშისთვის?
– ვთვლი, რომ ასპინძის შეკრებამ ნაყოფიერად ჩაიარა. იყო რაღაც სირთულეები და ყველაფერი ისე ვერ გავაკეთეთ როგორც ვგეგმავდით, თუმცა, ჯამში ერთად ყოფნამ დიდი სარგებელი მოგვიტანა. დავხვეწეთ გარკვეული ელემენტები, გავიმეორეთ ადრე დამუშავებული კომბინაციები, ვიმუშავეთ ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. დაველოდოთ თამაშებს და იქ გამოჩნდება როგორ ვართ მომზადებული ამ ეტაპისთვის. 
– უფრო კონკრეტულად, რა არ გამოვიდა გეგმის მიხედვით?
– იყო მიკროტრავმები და დაღლილობამაც იჩინა თავი. დაგეგმილი 80 პროცენტით შევასრულეთ და დანარჩენს თამაშების შემდეგ განვიხილავთ.
– რამდენი პროცენტითაა მზად გუნდი პირველი თამაშისთვის?
– მიკროტრავმები კიდევ გვაწუხებს და ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ მივლენ ისინი პირველ თამაშამდე. ჯერ ძნელია იმაზე საუბარი, თუ რამდენად ვიქნებით მზად. შეიძლება ყველაფერი კარგად წავიდეს, თუმცა, ჩემის აზრით, პირველ თამაშში გარკვეული პრობლემები მაინც იქნება და სწორედ თამაშმა უნდა დაგვანახოს ბევრი რამ. ვფიქრობ, მოსამზადებელი ეტაპის შედეგებზეც, სჯობს მოგვიანებით ვისაუბროთ. მოედანზე უნდა გამოჩნდეს რა შეცდომები დავუშვით ჩვენ და რა შეცდომები ჰქონდათ მოთამაშეებს. 

Share.

Comments are closed.