საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 15 ივლისს მიიღო დადგენილება, საჯარო უწყებებში პრემიების გაცემის წესის დარეგულირების შესახებ. აღნიშნული დადგენილება თვითმმართველობის ერთეულებზე არ ვრცელდება, თუმცა არის რეკომენდაცია, რომ მათაც მიიღონ შესაბამისი დადგენილება.
27 აგვისტოს ბოლნისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა პრემირების ოდენობის განსაზღვრის წესი დაამტკიცეს.
საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დასაქმებული პირის თანამდებობრივ სარგოს. საჯარო მოხელეზე პრემია მხოლოდ კვარტალში ერთხელ შეიძლება გაიცეს, ისიც შესაბამისი დასაბუთებით.
პრემიის გაცემის ინიცირების უფლება აქვს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, იგი მიმართავს გამგებელს წერილობით, სადაც უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ მოითხოვს პრემიის გაცემას. პრემიის გაცემაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გამგებელი.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში დასაქმებული ყველა საჯარო მოხელე წლის განმავლობაში სამჯერ სადღესასწაულო პრემიას მიიღებს.
მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ აღნიშნული დადგენილების მიღების ძირითადი მიზანი არის მოსამსახურეთა წახალისება და მოტივაციის გაზრდა, დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტში კვალიფიცირებული კადრების შენარჩუნენბა და მოზიდვა.