ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგიონული სემინარი მოეწყო

0

seminariბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში გაიმართა რეგიონული სემინარი „ეროვნული სატყეო პოლიტიკა – პრობლემატიკა, პრინციპები, მიმდინარე პროცესები და გეგმები“. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო მოხსენება საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ეროვნული სატყეო პოლიტიკის დოკუმენტის თაობაზე, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს დამოკიდებულებას ტყეების მიმართ – მათი ძირითადი ფუნქციონალური დანიშნულებისა და ფასეულობების გათვალისწინებით. ეროვნული სატყეო პოლიტიკის მიზანს წარმოადგენს ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს: ქვეყანაში ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შენარჩუნებასა და ზრდას, ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვას, ტყეების ეკოლოგიური ფასეულობების გათვალისწინებით მათი ეკონომიკური პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას, ტყის მართვის საკითხებში საზოგადოების მონაწილეობას და მიღებული სარგებლის სამართლიან გადანაწილებას.

სატყეო პოლიტიკის გარდა სემინარზე განიხილეს მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის საკითხები  2014-2015 წლების ზამთრის სეზონისთვის.

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა კი განიხილეს ეროვნული სატყეო პროგრამის პრიორიტეტები და სამოქმედო გეგმები. სემინარები საქართველოს მასშტაბით კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN), საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით ეწყობა.

„დღევანდელი შეხვედრის მიზანია რეგიონების ინფორმირების  პროგრამის ფარგლებში სამინისტრომ ეროვნულ სატყეო-სააგენტოსთან ერთად გააცნოს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, გუბერნიის წარმომადგენლებს, სატყეო სამსახურის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს  სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმა, საქართველოს ეროვნული სატყეოს კონცეფცია, ძირითადი გამოწვევები და რაც ყველაზე მთავარია 2014-15 წლების ზამთრის სეზონისთვის მოსახლეობის საშეშე მერქნით დაკმაყოფილების საკითხები. პროგრამის ფარგლებში შეხვედრები დავიწყეთ გასულ კვირას, სემინარები გვქონდა რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთში. მომავალ კვირას შეხვედრას მოვაწყობთ კახეთში, ამით დავამთავრებთ პირველ ეტაპს, შემდეგ გავაგრძელებთ სემინარებს იმერეთში, გურიასა და შიდა ქართლში. ჩვენთვის მთავარია მოვიცვათ ყველა რეგიონი, გავაცნოთ სიახლეები საზოგადოებას და მოვახდინოთ მათი ჩართულობა სამუშაო პროგრამების დაგეგმვაში, რომ უფრო ეფექტური იყოს ყველა სიახლე. გარდა ამისა  ვეცნობით მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემებს, რომლებსაც შემდგომ განვიხილავთ სამინისტროში“. – აღნიშნა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურისა უფროსმა კარლო ამერგულაშვილმა.


Share.

Comments are closed.