ბოლნისელი მარიამ ხოფერია ლონდონში მიემგზავრება

0

10615922_631505956964150_2103120975_n14 სექტემბერს, ბოლნისის №1 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ხოფერია  დიდ ბრიტანეთში, კერძოდ ლონდონის ბაქსვუდის სკოლაში გაემგზავრება. თუ როგორ მოიპოვა ლონდონში გასამგზავრებელი საგზური უნიჭიერესმა გოგონამ ამაზე თავად მოგვიყვება.

–        პირველ რიგში გილოცავ. ეს დიდი წარმატებაა და სტიმულია იმისთვის, რომ მომავალი საუკეთესოდ დაგეგმო. მოგვიყევი რა გზა განვლე ამ წარმატებამდე.

–        მადლობა მოლოცვისათვის, უზომოდ გახარებული ვარ, პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო  ქიმიის პედაგოგს თინიკო ფრუიძეს, მისი დამსახურებაა ჩემი წარმატება. სკოლაში ხშირად ვმონაწილეობდი ოლიმპიადებში და გარკვეულ წარმატებასაც ვაღწევდი, ბოლოს ქიმიის ოლიმპიადაში მივიღე მონაწილეობა, მესამე ტურში გადავედი, საიდანაც ბოლო ათეულში მოვხვდი და ბაქსვუდის წყნეთის სკოლაში მიმიწვიეს. ჩემს გარდა ბაქსვუდის სკოლაში კიდევ ორი ბოლნისელი გოგონა თათია გაბიძაშვილი და მაკა გოგებაშვილი მოხვდნენ. ბაქსვუდის სკოლა დიდ ბრიტანეთშია. ხოლო მის ბაზაზე წყნეთში უკვე მეოთხე წელია, ყოველ ზაფხულს, სამკვირიანი ინგლისურენოვანი საზაფხულო სკოლა ფუნქციონირებს, რომელშიც იდეალურად არის შერწყმული ბრიტანული და ქართული ტრადიციები. პროგრამის ფარგლებში ვიყავით 150 ბავშვი,  დღის პირველ ნახევარში გვიტარდებოდა ინგლისური ენის ინტენსიური კურსი, საგაკვეთილო პროცესი რადიკალურად განსხვავდებოდა ტიპიური სტანდარტული გაკვეთილებისგან, თითოეული ბავშვისთვის ეს ნამდვილად დაუვიწყარი თავგადასავალი იყო. რაც შეეხება დღის მეორე ნახევარს ის დატვირთული იყო არააკადემიური აქტივობებით: სპორტული შეჯიბრებებით, წარმოდგენებით, Fashion show-ბით, ექსკურსიებით და სხვადასხვა სახალისო თამაშობებით. ერთი სიტყვით ეს დაუვიწყარი დღეები იყო, გავიცანი უამრავი ბავშვი, შევიძინე მეგობრები, რომლებთანაც არ ვწყვეტ ურთიერთობას.

–        როდის გაიგე რომ დიდ ბრიტანეთში მიდიოდი?

–        სკოლიდან რომ დავბრუნდი ვერ წარმოვიდგენდი, რომ  ამომირჩევდნენ, ეს არც ერთმა ბავშვმა არ იცის. უბრალოდ,  ვიცოდით, რომ 150 ბავშვიდან ანუ ჩვენი ნაკადიდან მხოლოდ 8 ბავშვი გაემგზავრებოდა ლონდონის ბაქსვუდის სკოლაში. დედამ როდესაც დამირეკა და მითხრა ლონდონში მიდიხარო, სიხარულისგან ერთი საათი ვტიროდი. ძალიან ბედნიერი ვარ.

–        შენი ოცნების ქალაქი  ლონდონი იყო?

–        ერთ-ერთი ოცნების ქალაქთაგანი იყო. მე ეგვიპტე და პირამიდები უფრო მიზიდავს.

–        რას წაიღებ ქართულს ინგლისში და რას ჩამოიტან ლონდონიდან?

–        ქართულს „ვეფხისტყაოსანს“და ინგლისურენოვან საქართველოს ისტორიას. იქიდან შთაბეჭდილებებს და გამოცდილებას წამოვიღებ.

 

Share.

Comments are closed.