RMG-ში GPS ნავიგაცია ამოქმედდება

0

dsc03787კომპანია RMG-ის სატვირთო მანქანებსა და სხვადასხვა ტექნიკაზე  GPS  ნავიგატორის დამონტაჟება დაიწყო. GPS (Global Position System) არის თანამგზავრული სანავიგაციო სისტემა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალებაზე თვალყურის მიდევნება. როგორც კომპანიის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, მსგავსი სისტემის ამოქმედება ემსახურება ერთ მიზანს – მოხდეს საწარმოო ხარჯების ოპტიმიზაცია და მძღოლების მიერ შესრულებული სამუშაოს ობიექტური აღრიცხვა. შესაძლებელი გახდება სატელიტურ რუკაზე (Google Earth) ყველა იმ ობიექტის მონიტორინგი, სადაც დამონტაჟდება ნავიგატორი.

კომპანიაში სანავიგაციო სისტემის დანერგვით შესაძლებელი გახდება ავტომანქანების მოძრაობის სიჩქარისა და დინამიკის მონიტორინგი, განვლილი კილომეტრაჟის დათვლა და ავზში საწვავის რაოდენობის განსაზღვრა, ასევე მოძრაობისა და გაჩერების დროის აღრიცხვა.

„დიდი ხნის მანძილზე ვცდილობდით, რომ საწარმოში დაგვენერგა GPS სანავიგაციო სისტემა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ამ დრომდე ვერ მოხერხდა ნავიგატორების დამონტაჟება. ზოგადად, როდესაც დიზელის ხარჯვა გადაზიდული მოცულობის შესაბამისია, ეს ლოგიკურია, მაგრამ როდესაც საწვავი იხარჯება უფრო მეტი, ვიდრე ეს გადაზიდული ტვირთის რაოდენობაა, ეს უკვე პრობლემაა. თავდაპირველად ეს თანაფარდობა დაცული იყო, მაგრამ მოგვიანებით კომპანიაში კონტრაქტორების შემოსვლამ და მოცულობის გაზრდამ შექმნა  იმის აუცილებლობა, რომ ეს მდგომარეობა როგორღაც მოწესრიგებულიყო. ამიტომ საწარმოს მეპატრონების მხრიდან საბოლოოდ გადაწყდა GPS სისტემის დანერგვა კომპანიაში, რომ შეძლებისდაგვარად მოხდეს ხარჯების ოპტიმიზაცია. მონტაჟი დაიწყო 9 ივლისს და ეტაპობრივად, დაახლოებით ერთ თვეში, დასრულდება. პირველ რიგში, სისტემის დამონტაჟება დაიწყო კომპანიის კონტრაქტორების ტექნიკაზე და შემდეგ უკვე გაგრძელდება RMG-ის მანქანებზე. GPS-ი გააკონტროლებს ტრანსპორტის გადაადგილების მონიტორინგს რეალურ დროში. ოპერატორს შეეძლება მოცემულ დროში ნახოს, თუ სად და რა მდგომარეობაში იმყოფება აღნიშნული მანქანა, რითაც შეგვეძლება ვაკონტროლოთ მისი მოცდენები. გარდა ამისა, გაკონტროლდება  მანქანებისა და დიდი ტექნიკის ჩართულ მდგომარეობაში ყოფნა. ამავე დროს ჩვენ შეგვეძლება დისტანციურად გამოვრთოდ მანქანა, რომელიც მოძრაობაში არ იმყოფება, მაგრამ ძრავა ჩართულია. მონიტორინგს გავუწევთ ტრანსპორტის მოძრაობის სიჩქარეს, რომ არ გადააჭარბონ აღნიშნულ ნორმას და არ შეიქმნას ავარიული მდგომარეობა. ასეთი დაკვირვებით ყურადღებას მივაქცევთ და ხელს შევუწყობთ ტექნიკის გამართულად მუშაობას. რა თქმა უნდა, ასეთი მონიტორინგის განხორციელებისას მანქანების დაზიანების რისკი საკმაოდ მცირდება. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენს მიერ შექმნილ რუკაზე აღნიშნული იქნება ავტომანქანების მარშრუტები, რაც გაგვიმარტივებს თანამშრომელთა სამუშაო დროისა და მარშრუტის აღრიცხვას სრულად და ობიექტურად. კომპანიაში სანავიგაციო სისტემაზე კონტროლს ორი სამსახური შეითავსებს. ტექნიკურ დაკვირვებას ჩვენ განვახორციელებთ, სამუშაო გრაფიკების აღრიცხვას კი ოპტიმიზაციის ჯგუფი უხელმძღვანელებს“- განმარტავენ კომპანია RMG -ის უსაფრთხოების სამსახურში.

წყარო: RMG სიახლეები


Share.

Comments are closed.