აღმზრდელებმა პატარებს მოუწოდეს, რომ ზეგავლენა მოეხდინათ თავიანთ მშობლებზე და მათთვის არ დაეშურებიათ ორ-ორი მანეთი

0

2014-05-29_2254391969 წლის იანვრის „გამარჯვების დროშაში“ ვკითხულობთ საახალწლო მილოცვას საბჭოთა ხალხისადმი, სადაც აღნიშნულია, რომ გასულმა 1968 წელმა „კეთილი ხსოვნა დატოვა თვითოეული საბჭოთა ადამიანის გულში, საბჭოთა ხალხმა, კომუნიზმის  პირველმშენებელმა,  კვლავ ცხადყო ურყევი მორალურ პოლიტიკური ერთიანობა, სოციალიზმის, დემოკრატიისა და მშვიდობის პოზოციების განმტკიცებისათვის ბრძოლაში“, იმავე თვის გამოცემებში გვიყვებიან რომ განუხრელად უმჯობესდება საბჭოთა ადამიანების კეთიდღეობა, გაიზარდა მშრომელთა რეალური შემოსავალი და ა.შ.

ამავე თვის ნომერში ვკითხულობთ როგორ ემზადება საბჭოთა ქვეყანა „ილიჩის“ დაბადების 100 წლისთავისათვის.

„რა ფაქტორებმა განაპირობა ჩვენთან მარცვლეულისა და კარტოფილის წარმოების გადიდება? ამ კითხვაზე პასუხებს სოფელ ქვეშის კოლმეურნეობის თავმჯდომარე ეფრემ ურუმაშვილი ხსნის:

„მოკლედ რომ გითხრათ, მშრომელები სწორად იყენებენ პარტიისა და მთავრობის ზრუნვას სოფლის მეურნეობის შემდგომი განვითარების საქმეში.“

ვკითხულობთ ასევე ბოლნისის საბჭოთა მეურნეობის ერთ-ერთ დირექტორზე, ლენინის ორდენის კავალერზე ნოდარ კობახიძეზე „რომელსაც გვერდს უმშევენებს ჩვენი ეპოქის ყველაზე დიდი ადამიანის, კაცობრიობის ბელადის ვლადიმერ ილიას ძე ლენინის ორდენი. საბჭოთა ადამიანისთვის განა შეიძლება არსებობდეს იმაზე მაღალი ჯილდო, რომელიც ლენინის ბრწყინვალე სახელთან არის დაკავშირებული? განა შეიძლება იმაზე ბედნიერი იყოს ვინმე, ვიდრე ადამიანი, რომელიც ამ ორდენის კავალერია?“.

ამ თვის ნომერში შევხვდებით ასევე ამბავს მიწის ქურდზე, რომელსაც ძალიან „ეგემრიელა ნაბოძები 0,15 ჰექტარი და გადაწყვიტა მეზობლისთვის საბჭოთა მიწის 0,150 ჰექტარი წაერთმია.“

ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან სტატიას შვხვდებით ამ თვის ნომერში, მაგრამ ჩვენი ყურადღება ამჯერად ორზე შევაჩერეთ, ესენი გახლავთ „ათასობით მადლობა“ და „ერთი შეცდომის შედეგი“, რასაც უცვლელად გთავაზობთ.

ერთი შეცდომის შედეგი

რეპლიკა

ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით საქართველოში, ოდითგანვე დამკვიდრებულია ერთი მეტად კეთილშობილური ჩვეულება: ადამიანები ურთიერთსიყვარულისა და პატივისცემის გამოსახატავად ერთმანეთს უძღვნიან სხვადასხვა სამახსოვრო საჩუქრებსა და სუვენირებს.

დასაჩუქრების ტრადიცია განსაკუთრებით ქალთა საერთაშორისო დღეს – 8 მარტს ვლიდნება. ამ დღეს მამაკაცების სახით დიდძალი მუშტარი ჰყავს მაღაზიებს, ისინი აქ შერჩევით, გემოვნებით ყიდულობენ სხვადასხვა ნივთებს, ყიდულობენ  დედისათვის, დისათვის, მეუღლისთვის, სატრფოსთვის, მეგობარ-ამხანაგებისათვის. არც ნორჩები და სკოლის მოსწავლეები ჩამორჩებიან უფროსებს. ისინი საყვარელ მშობლებს, ძვირფას აღმზრდელ-მასწავლებლებს ალალი გულით უძღვნიან ლამაზ ყვავილებს, საკუთარ ლექსებს, ნახატებს, სიმღერებს. გულწრფელი ღიმილითა და ნაზი ამბორით გამოხატავენ თავიანთ მხურვალე სიყვარულსა და უღრმეს პატივისცემას მათ მიმართ. ყოველივე ეს ადამიანის დიდსულევნებაზე მეტყველებს.

მაგრამ სამწუხაროდ, არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც საჩუქრის გაცემის ამ ტრადიციას ბოროტად იყენებენ, სიმახინჯე შეაქვთ მის კეთილშობილ თვისებებში. გამორჩენის, თავიანთი პატივმოყვარული ბუნების დაკმაყოფილების მიზნით მეტად უხამს საქმიანობას მიმართავენ. განა აღმაშფოთებელი არ არის ის ფაქტი, რომ აღსაზრდელებს, თითისტოლა ბავშვების აღმზრდელ-მასწავლებლებმა დაავალონ სახლებიდან ფულის მოტანა-შეგროვება „საჩუქრის სახით“?

სამწუხარო კიდევ უფრო ის არის რომ ასეთ მახინჯ გამოვლინებას ადგილი აქვს ჩვენს რაიონში.

მიმდინარე წლის სარვამარტოდ ფულის შეგროვების ორგანიზაცია „ჩინებულად“ მოეწყო ქალაქ ბოლნისის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში. აღმზრდელებმა პატარებს მოუწოდეს, რომ ზეგავლენა მოეხდინათ თავიანთ მშობლებზე და მათთვის არ დაეშურებიათ ორ-ორი მანეთი. ალბათ მრავალი მშობელი გაოცებით შეხვდა ამ ამბავს, მაგრამ მოგეხსენებათ შვილებისადმი მშობელთა გულის სითბო და რა თქმა უნდა, არც ერთი მათგანი უკან არ დაიხევდა ამ „საჩუქრის“გარებაზე.

„ალალი იყოსო!“ – იტყოდნენ ისინი და ორ-ორ მანეთს ყველა ჩაუდებდა შვილს ხალათის ჯიბეში. უხვი და უსაყვედურო ძღვენით ნასიამოვნებმა მასწავლებლებმა და ბაღის აღზმრდელებმა უთუოდ განსაკუთრებული სიხარულით აღნიშნეს ეს სადღესასწაულო თარიღი ჩვენ კი ვფიქრეობთ, რომ ეს თარიღი ბინძურ ლაქად დააჩნდა მათ ცხოვრებას, მწარე მოგონებად შევიდა მათი ყოფის ისტორიაში.

მაგრამ გვინდა ისიც ვიფიქროთ, რომ ისინი მთელი სიცხოველით შეიგრძნობენ ამ სავალალო  შეცდომის შედეგს და ცოდვისაგან განსაწმენდად თავის აღსაზრდელებს ღრმად შთაუნერგავენ ყოველგვარ სიწმინდესა და სათნოებას, სიკეთისა და კაცთმოყვარეობის მაღალ გრძნობას, ისეთ გულმართალ და დიდსულოვან ადამიანებად აღზრდიან მათ, როგორიც ჩვენს სამშობლოს შეეფერება.

                                                                                                 ლ. ხომასურიძე

„გამარჯვების დროშა”

1969 წელი

კარგი სიტყვა კარგ ადამიანებზე

ათასობით მადლობა

ქალაქ ბოლნისის ცენტრში სხვადასხვა ფორმისა და დანიშნულების ნაგებობათა გვერდით დგას ერთი სამსართულიანი შენობაც. მის შესასვლელში ვკითხულობთ წარწერას სასტურმო „ბოლნისი“. იგი 1966 წლის ნოემბერში შევიდა ექსპლოატაციაში. ამასთან დაკავშირებით თავის როზე ითქვა ორიოდე თბილი სიტყვაც. მას შემდეგ სასტუმრო განაგრძობს თავის მშვიდსა და უპრეტენზიო ცხოვრებას. ეს არის და ეს. ერთი შეხედვით ახალი და მნიშვნელოვანი აქ არაფერია.

ასეთი აზრი სასტუმროზე განსაკუთრებით ადგილობრივ მაცხოვრებლებს ექმნებათ. არც არის გასაკვირვი, ისინი ხომ მხოლოდ გარედან შესცქერიან მას.

ქვეყნად რამდენი ადამიანიც არის, იმდენი ხასიათი და გემოვნებაა. თუ განსაკუთრებული ფუფუნების მოყვარულ ადამიანს არ მივიღებთ მხედველობაში, ყოველგვარი გემოვნების ადამიანისთვის საკმარისი უნდა იყოს ბოლნისის სასტუმროში არსებული პირობები: სისუფთავე, სინათლე, დროისათვის შესაფერისი ტემპერატურა და სიმყურდოვე.

როგორ უზრუნველყოფს ამ აუცილებელ პირობებს სასტუმრო „ბოლნისი“?

სასტურმოს შენობაში შესვლისას თვალში გეცემათ აფთიაქისათვის დამახასიათებელი სისუფთავე, მუზეუმისათვის ჩვეული სიწყნარე, ხელმარცხნივ ნათელ სახელსნოში ოსტატი დალაქები მუშაობენ, ხელმარჯვნივ – კაფეში ტკბილი ნამცხვრებით, ჩაითა და ყავით გაგიმასპინძლდებიან.

სტუმრისათვის კი, უწინარეს ყოვლისა, დასვენებაა საჭირო. თქვენ წინ გადადგამთ რამდენიმე ნაბიჯს და სარეგისტრატურო სარკმლიდან შემოგცინებთ სტუმართმოყვარული ღიმილით სახეგაბრწყინებული მორიგე. თეთრ ხალათში ფაქიზად გამოწყობილი ქალი მოწიწებით სათანადო საბუთს ჩამოგართმევთ და შემდეგ  გასაღებით ხელში თქვენთვის განკუთვნილ ნომრისაკენ წაგიძღვებათ.

ფართოსარკმლიანი ნათელი ოთახი, ფარდაგდაფენილი იატაკი, თეთრად შეფეთქილი კედლები და მაღალი ჭერი. სარკიანი კარადა, თეთსუფრაგადაფარებული მაგიდა წყლით სავსე სუროთი და კრიალა ჭიქით. მაგიდის  გარშემო ლამაზჩიხოლიანი სავარძლები. ქათქათა ლოგინით მიმზიდველად გაწყობილი საწოლი. ტახტის გვერდით დაბალი მაგიდა ღამის ნათურითა და რადიოთი.

მგზავრობით, საქმიანობით დაღლილი ეშვებით ტკბილ სავარძელში და სიწყნარითა და სისუფთავით გარემოცულს დასვენების ტკბილი ბურანი გეუფლებათ.

სასტუმროს დირექტორი მარიამ ზაბროსკოვა საკუთარი ოჯახივით უფრთხილდება სასტუმროს სახელსა და ღირსებას. მარიამი თუმცა ქართველი არაა, მაგრამ მას ღრმად აქვს შეთვისებული ქართველი ხალხის ზნე-ჩვეულებანი. „სტუმარი ღვთისააო“ – იტყვის და განსაკუთრებული მოკრძალებითა და სიყვარულით ლაპარაკობს ქართული სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციებზე. თუ როგორ მასპინძლობას უწევს ის და მისი კოლექტივი სტუმარს, ამაზე სასტუმროში არსებული „საჩივრისა და წინადადებების“ წიგნი მეტყველებს, უფრო სწორი იქნებოდა, თუ ამ წიგნს „მადლობის წიგნს“ დავარქმევდით. ექსპლოატაციაში შესვლის დღიდან  სასტუმრო ათეულ ათასობით სტუმარს გაუმასპინძლდა. ამ წიგნში ჩვენ ვკითხულობთ ჩვენი და მოძმე რესპუბლიკების მუშა-მოსამსახურეთა, საზოგადო მოღვაწეთა და ინტელიგენციის წარმომადგენელთა მადლიერების გრძნობით გამთბარ სიტყვებს.

– ხომ ვერ დაგვისახელებთ თქვენი კოლექტივის წამყვან თანამშრომლებს,– ჰკითხავთ დირექტორს.

– ჩვენთან ყველა მოწინავეა – გიპასუხებთ მარიამი და ოჯახის წევრებივით სიყვარულით ჩამოგითვლით სასტუმროს ყველა მუშაკის გვარს. ისინი ბევრნი არ არიან, ამიტომ მკითხველს არ გაუჭირდება მათი გამოცნობა: უფროსი მორიგე მარიამ დობროვოლსკი, მორიგეები ემა ერკიშევა, თამარ კსენადოხოვა, გალინა ნოვოხატსკაია. დიასახლისი ირმა დობროვოლსკაია; მრეცხავები ფეოდოსია გონჩაროვა, ნადეჟდა ბურცევა, ნინა კოდხალუზინა, მარიამ ტერნოვეცი; დამლაგებლები ტატიანა შევჩუკი, ემელია ჩერნიხი, ბუღალეტი ოლგა გულაკი, ცეცხლფარეში ალექსანდრე რეხვიაშვილი.

აი ის ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სტუმარმა აქ თავი ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში. ასეც არის, არა მარტო ძილი და მოსვენება, აქ მუშაობისათვისაც საუკეთესო პირობებია შექმნილი. სწორედ ეს წერილიც სასტუმრო „ბოლნისის“ ერთ-ერთ ნათელ და წყნარ ოთახში დაიწერა.

                                                                                                    ლ. ხომასურიძე

„გამარჯვების დროშა”

1969 წელი


Share.

Comments are closed.