შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დღეს მედიის წარმომადგენლებს

0

10470156_812466005439734_847988860642698983_oშრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დღეს მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და ყველა აქტუალურ კითხვას უპასუხა. თავდაპირველად მინისტრმა შეაფასა ვიზიტი ლიტვაში, რომლის ფარგლებშიც იგი კოლეგა ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა. მოგეხსენებათ ასოცირების ხელშეკრულება სხვა მრავალ სფეროსთან ერთად, მოიცავს ცვლილებებს და ხარისხის გაუმჯობესებას ჯანდაცვის სფეროშიც. ხელშეკრულება, რომელსაც ვილნიუსში მხარეებს შორის ხელი მოეწერა, გვაძლევს ახალ შესაძლებლობებს როგორც ხარისხის კონტროლის , ასევე ერთიანი განფასების სისტემის შექმნის კუთხით. ვინაიდან ლიტვას აქვს ეფექტური ჯანდაცვის სისტემა, მათი მხარდაჭერა და მზაობა სამომავლოდ თანამშრომლობისათვის,უმნიშვნელოვანესია ჯანდაცვითი და სოციალური სფეროების მიმართულებით, რაზეც ლიტვის მთავრობამ, ჯანდაცვის მინისტრის სახით სრული მზადყოფნა გამოხატა,-აღნიშნა დავით სერგეენკომ.
მინისტრი ასევე შეეხო სახელმწიფო ნარკოსტრატეგიის განვითარების საკითხს. მისი თქმით საკანონმდებლო ინიციატივების მიმართულებით მუშაობა ფინალიზაციისკენ მიდის და შემაჯამებელი შეხვედრა ივლისის ბოლოს იგეგმება. რაც შეეხება ცვლილებებს, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში განხორციელდა, როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, ცვლილების მიზეზი იყო გაზრდილი ადმინისტრაციული რესურსი, არაეფექტური მენეჯმენტი და არარაციონალური ხარჯები. თანხიდან, რომელსაც სახელმწიფო მეტადონის პროგრამის განხორციელებისათვის იხდიდა, 74 % ხმარდებოდა ადმინისტრაციულ ხარჯებს, რაც პირდაპირპროპორციულად აისახებოდა პროგრამაში ჩართვის მსურველ ბენეფიციარებზე. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ყველა განცხადება, რომლითაც მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანებმა ცენტრს მიმართეს პროგრამით სარგებლობისათვის, დაკმაყოფილებულია. ასევე ცვლილებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ შემცირდა ბენეფიციართა მხრიდან თანაგადახდა და იზრდება მათთვის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა.
2013 წლის პირველი ივლისიდან , საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა გაფართოვდა და რამდენიმე კომპონენტი დაემატა. ერთი წლის შემდგომ ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს გააცნო სტატისტიკური მონაცემები ,დაფინანსებულ სამედიცინო მომსახურებებთან დაკავშირებით, რომელიც ასე გამოიყურება: საყოველთაო ჯანდაცვის ცენტრებში უკვე დარეგისტრირებულია 2 353 072 ადამიანი. დაფინანსდა 242 202 გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, 26 107 გეგმიური ქირურგიული და კარდიოქირურგიული ოპერაიცა, 31 155 მშობიარობა და საკეისრო კვეთა, 21 196 ონკოლოგიური ოპერაცია, ქიმიო-ჰორმონო და სხივური თერაპია.
საყოველთაო ჯანდაცვის მოკლე შეფასებასთან ერთად, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს გააცნ ო რეფერალური დახმარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციართა რაოდენობა და ხარჯები. პროგრამის ბიუჯეტი 2014 წელს შეადგენს 15 586 954 ლარს. დაფინანსდა 6578 ბენეფიციარი 11 578 954 ლარით, მათ შორის 886 ბავშვი 2 625 785 ლარით. 199 ბენეფიციარის საზღვარგარეთ მკურნალობას მოხმარდა 2 889 677 ლარი, მათ შორის 886 327 ლარი გაიხარჯა 56 ბავშვის მკურნალობაზე. ასევე ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურების კომპონენტის ბიუჯეტიდან ერთ პაციენტზე გამოიყო 75000 ევრო. არ დაკმაყოფილდა 2911 მოთხოვნა.
ვინაიდან რეფერალური დახმარების პროგრამის ფარგლებში მოთხოვნილი თანხების რაოდენობა სამჯერ აღემატება პროგრამის ბიუჯეტს, ხდება პრიორიტეტების განსაზღვრა, – განმარტა დავით სერგეენკომ.


Share.

Comments are closed.